ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა არის „ბინძური ბომბი“ - კრემლის რიტორიკის მიზნები და მიზეზები


ბოლო რამდენიმე კვირაა, კრემლი, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები, „ბინძური ბომბის“ შესახებ საუბრობენ და კიევის მიმართ ბრალდებებს გამოთქვამენ - თითქოს, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს და მისი შექმნის ბოლო სტადიაზეა.

რა არის „ბინძური ბომბი“, როგორ მუშაობს ის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ბრძოლის ველზე გამოყენებას, - როგორც ადამიანური მსხვერპლის, ასევე სამხედრო-სტრატეგიული თუ პოლიტიკური თვალსაზრისით? ამ საკითხების შესახებ, ვაშინგტონში, რამდენიმე მიმართულების სპეციალისტს ვესაუბრეთ - ჰანს კრინსტენსენს, რომელიც „ამერიკელ მეცნიერთა ასოციაციის“ ბირთვული საინფორმაციო პროგრამის ხელმძღვანელია; მარკ ქენსიენს, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის თადარიგის პოლკოვნიკს, რომელიც „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“, CSIS-ის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის უფროსი მრჩეველია. ასევე, ჯორჯ ბაროსს, გეოსივრცული დაზვერვის ჯგუფის ხელმძღვანელს, „ომის კვლევის ინსტიტუტიდან“ და გამოცდილ ამერიკელ დიპლომატს, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს, ჯონ ჰერბსტს.

რა არის ბინძური ბომბი?

დასაწყისისთვის - „ბინძური ბომბი“ რადიოაქტიური და ქიმიური ნივთიერებებისგან შემდგარი, ერთგვარი კუსტარული მოწყობილობაა, რომლის შექმნა განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავაშირებული არ არის. მას არ იყენებს სამხედრო ძალები და მეტწილად ტერორისტულ იარაღად განიხილება.

სამხედრო თვალსაზრისით, საკუთარი მახასიათებლებით, "ბინძური ბომბი" უფრო ქიმიურ იარაღთანაა ახლოს, ვიდრე მაგალითად, ბირთვულ იარაღთან.
ჰანს კრისტენსენი

ჰანს კრისტენსენი, „ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის“ ბირთვული საინფორმაციო პროგრამის ხელმძღვანელი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ საკუთარი მახასიათებლებით, ამგვარი ბომბი უფრო ახლოს არის ქიმიურ იარაღთან, ვიდრე მაგალითად, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღთან.

“ბინძური ბომბი, შემთხვევებში, რადიოაქტიური მასალის თაიგულია, რომელიც ქიმიურ ფეთქებად ნივთიერებებშია მოთავსებული. ქიმიკატების აფეთქების შემდეგ, რადიოაქტიური მასალა გარემოში ვრცელდება. ეს არ არის იარაღი, რომელსაც სამხედრო ძალები იყენებს. სამხედრო თვალსაზრისით, საკუთარი მახასიათებლებით, ის უფრო ქიმიურ იარაღთანაა ახლოს, ვიდრე მაგალითად, ბირთვულ იარაღთან. მას შეუძლია შედარებით მცირე ზომის ტერიტორიებზე, ბირთვული ქაოსი გამოწვიოს და ძირითადად ტერორისტულ იარაღად განიხილება. რა თქმა უნდა, ტერორისტული დაჯგუფებებისთვის, ბირთვული იარაღის შექმნა მეტად რთული, ძვირი და შრომატევადი საქმეა, ამიტომ, ეს არის იოლი გზა, შექმნა მოწყობილობა, რომელსაც ერთგვარი ბირთვული ქაოსის გამოწვევა შეუძლია“ - ამბობს კრისტენსენი.

რა არის ბინძური ბომბი - ჰანს კრისტენსენი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

კრისტენსენის თქმით, შემცველი ნივთიერებების რაოდენობის ზრდის, ან ბომბის სათანადო ადგილზე მოთავსების შემთხვევაში, მისი მოქმედების არეალის გაზრდა შესაძლებელია იმისთვის, რომ რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა, უფრო მეტი ადგილი მოიცვას, ვიდრე მაგალითად რომელიმე კონკრეტული ქალაქის, ერთი კონკრეტული დასახლება. ამას ხელი მეტოროლოგიურმა პირობებმაც უნდა შეუწყოს. თუმცა, ამ პირობების შექმნის შემთხვევაშიც კი, „ბინძური ბომბი“ „ეფექტურ იარაღად“ ვერ განიხილება.

მე მას არ მივიჩნევ მასობრივი განადგურების იარაღად, რადგან მსხვერპლის გამოწვევის უნარი, საბედნიეროდ, საკმაოდ შეზღუდულია
მარკ ქენსიენი

აფეთქების შემდეგ, ბომბი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ადგილს ქმნის, თუმცა მარკ ქენსიენი, CSIS-ის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ დაბინძურებული ადგილის მასშტაბი მეტად შეზღუდული შეიძლება იყოს.

„ეს არის ბომბი, რომელიც გარკვეულ ზონაში რადიოაქტიურ მასალას ავრცელებს. ის ნამდვილად ქმნის დაბინძურებულ ადგილს, რომლის მასშტაბი შესაძლოა იყოს რამდენიმე ათეული მეტრიდან, 100-200 მეტრამდე. მაგრამ, ეს ძალიან ლოკალიზებული ტერიტორიაა და მსხვერპლის გამოწვევის შესაძლებლობა საკმაოდ მცირეა. მე მას არ მივიჩნევ მასობრივი განადგურების იარაღად, რადგან მსხვერპლის გამოწვევის უნარი, საბედნიეროდ, საკმაოდ შეზღუდულია“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან საუბრისას“ ქენსიენი.

„ბინძური ბომბის“ სწორედ ამ მახასიათებლებისა და რესურსის გამო, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის თადარიგის გენერლისთვის, „მისტიურ“ ამოცანად რჩება, რატომ შეიძლება საუბრობდეს მის შესახებ რუსეთი.

მოსკოვის ბრალდება კიევს და დასავლეთის პასუხი

კიევს ბრალი, თითქოს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს, თავდაპირველად, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ საკუთარ დასავლელ კოლეგებთან საუბრისას დასდო. მოგვიანებით, ამაზე ისაუბრა თავად ვლადიმირ პუტინმაც. მან თქვა, რომ „პროვოკაციების მიზნით, უკრაინაში, ბინძური ბომბის გამოყენება იგეგმება“. 24 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო უწყებამ, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეც გაავრცელა განცხადება, სადაც ირწმუნებოდა, თითქოს „უკრაინაში მოქმედმა ორმა ორგანიზაციამ, „ბინძური ბომბის“ შექნის პირდაპირი ბრძანება მიიღო და სამუშაო უკვე დასკვნით ეტაპზე იყო.“

ლავროვის უწყების ამ განცხადებამდე, უკვე ცნობილი იყო რუსეთის ბრალდებაზე დასავლელი ლიდერების პირველი რეაქციები.

23 ოქტომბერს, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია - „ჩვენ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება.“ ვაშინგტონმა, ლონდონმა და პარიზმა, კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ამასთან, დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ამგვარი ბრალდებით, შემდგომი ესკალაციის საბაბის შექმნას ცდილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ, ბრალდებას ბრალდებით უპასუხა და თქვა, რომ შესაძლოა რუსეთი თავად გეგმავდეს ამგვარი იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ. კიევმა, რუსული ბრალდებების გასაქარწყლებლად, უკრაინაში ატომური ენერგიიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებიც კი მიიწვია.

გამოიყენებს ბინძურ ბომბს, თუ ბირთვულ ბომბს, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.
ნედ პრაისი

ვაშინგტონმა კი ბრალდების საპასუხოდ, მოსკოვს იმ მძიმე შედეგების შესახებ შეახსენა, რაც რუსეთის მიერ, „ბინძური თუ ბირთვული“ ბომბის გამოყენებას მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითი იქნებოდა, თუ ის ე.წ. ‘ბინძურ ბომბს’ გამოიყენებს. გამოიყენებს ბინძურ ბომბს, თუ ბირთვულ ბომბს, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.

რას მიიღებს რუსეთი „ბინძური ბომბის“ გამოყენებით?

ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში, თითქმის უალტერნატივოა აზრი იმის შესახებ, რომ ომის ამ ეტაპზე, რუსეთი უკრაინაში „ბინძური ბომბის“, არა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ უნდა გეგმავდეს. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებს, რუსეთში, ვლადიმირ პუტინი ერთპიროვნულად იღებს. მისი ფიქრების წინასაწრ განჭვრეტა კი თითქმის შეუძლებელია.

მაგრამ, რას მისცემს „ბინძური ბომბი“ რუსეთს სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, თუ კრემლი ბრძოლის ველზე მის გამოყენებას გადაწყვეტს?

„ჩვენი შეფასებით, ახლა რუსეთის მხრიდან ამგვარი იარაღის გამოყენების რისკი დაბალია. ეს რუსეთის სამხედრო კამპანიას ვერაფრით დაეხმარება. ვერ დაეხმარება რუსული ძალების უკეთეს მანევრირებას, დამატებითი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად; ეს ვერ მოაგვარებს მათ ლოჯისტიკურ, სტრუქტურულ პრობლემებს; ვერ მისცემს რაიმე საჰაერო უპირატესობას და ა.შ. და თუ კრემლი მაინც გადაწყვეტს ამგვარი იარაღის გამოყენებას, ამით ის ალბათ გააქრობს ერთ-ერთ უკანასკნელ ფაქტორს, რომელიც დღემდე ომში დასავლური სახელმწიფოების უფრო გადამწყვეტი ჩართვის პრევენციას ახდენს. თუ ამგვარი იარაღის გამოყენებას, რუსეთის გადამწყვეტი გამარჯვება არ მოჰყვება, ეს უკრაინაში კრემლის ამბიციების თვითმკვლელობა იქნება - ამიტომ, დიახ, ვფიქრობთ, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი იარაღის გამოყენების რისკი დაბალია“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან საუბრისას, „ომის კვლევის ინსტიტუტის“, გეოსივრცული დაზვერვის ექსპერტი, ჯორჯ ბაროსი.

ეს შეიძლება მხოლოდ პროპაგანდისტული ომის ნაწილი იყოს, რომელიც უკრაინის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.
მარკ ქენსიენი

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის თადარიგის პოლკოვნიკი ქენსიენი ამბობს, რომ რთულია სარგებლის დანახვა, რომელსაც შესაძლოა რუსეთი, „ბინძური ბომბის“ გამოყენებაში ხედავდეს. თუმცა, ასევე ამბობს, რომ რუსეთის მიერ, ამგვარი ბომბის გამოყენების შემთხვევაში, დასავლეთის პასუხი მკაცრი უნდა იყოს.

„ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მთელი ეს რიტორიკა, შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების პრელუდია იყოს. მე ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა ძლიერ ნაკლებია. ეს შეიძლება მხოლოდ პროპაგანდისტული ომის ნაწილი იყოს, რომელიც უკრაინის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. დიდი ძალისხმევა დახარჯერს იმისთვის, რომ ეს დამაჯერებელი იყოს - თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, თავად დაურეკა დასავლელ თავდაცვის პირველ პირებს, მაგრამ, ამის უკან არაინაირი მტკიცებულებები არ დგას. მაგრამ, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, ან „ბინძურ ბომბს“, დასავლეთის პასუხი ძალიან მკაცრი უნდა იყოს“ - ამბობს ქენსიენი.

რის მიღწევას ცდილობს რუსეთი?

ქენსიენის თქმით, უკრაინის მიმართ გამოთქმულ რუსულ ბრალდებებზე, დასავლეთის რეაგირება სათანადო იყო. დასავლეთის პოზიცია კი გამოიხატა იმაში, რომ ამ ტიპის იარაღის გამოყენება მიუღებელია და რომ მას მძაფრი რეაქცია მოჰყვება. ამასთან, „დასავლეთმა თქვა, რომ ბრალდება, თითქოს უკრაინა ემზადება ამგვარი იარაღის გამოყენებისთვის, დამაჯერებელი არ არის და ამას დასავლეთი არ დაიჯერებს. ვფიქრობ, დასავლეთმა ამით რუსეთს არ დაუტოვა საშუალება, საკუთარი პროპაგანტისტული გზები გააგრძელოს.“

რისი მიღწევა სურს რუსეთს - ჯონ ჰერბსტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

მაგრამ, რა შეიძლება იყოს, რუსეთის მიერ, ბირთვული რიტორიკის შემდეგ, „ბინძური ბომბის“ შესახებ საუბრის დაწყების მიზეზი და მიზანი? გამოცდილი ამერიკელ დიპლომატი, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩი, რუსეთის ამგვარ სამ შესაძლო მიზანს ასახელებს.

ეს წმინდა წყლის საბჭოთა ტაქტიკაა - დაადანაშაულო მეორე მხარე იმაში, რის გაკეთებასაც თავად გეგმავ.
ჯონ ჰერბსტი

„პირველი - ეს შესაძლოა იყოს ზოგადი პროპაგანდა, რომლის მიზანი უკრაინის იმიჯის შელახვაა, თუმცა ამ პროპაგანდის არავის სჯერა. მეორე შესაძლო მიზანი პირველზე უარესია - შესაძლოა რუსეთი ბინძური ბომბის გამოყენებას განიხილავს და სურს უკრაინის დადანაშაულება შეძლოს, როცა ამას თავად გააკეთებს. ეს წმინდა წყლის საბჭოთა ტაქტიკაა - დაადანაშაულო მეორე მხარე იმაში, რის გაკეთებასაც თავად გეგმავ. და მესამე - შესაძლოა ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ტაქტიკა დასავლეთში აღქმული იქნება ნიშნად, რომ რუსეთი ნამდვილად გეგმავს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას, შედეგად კი შეამციროს უკრაინის სამხედრო დახმარება და დაჟინებით მოთხოვოს კიევს, ცეცხლის შეწყვეტის რუსულ პირობებს დათანხმდეს“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, ჯონ ჰერბსტი.

შესაძლოა, საკუთარი ბრალდებების მეტი დამაჯერებლობისთვის, რუსეთმა გასულ კვირაში, „ბინძურ ბომბზე“ რეაგირების სპეციალური სამხედრო წვრთნა გამართა და სწავლებებს „ქუხილი“ დაარქვა. თუმცა, „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“ - დასავლელი ლიდერები, ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ, დასავლური მხარდაჭერა მტკიცე და შეუქცევადია.

რა არის "ბინძური ბომბი" და როგორ მუშაობს ის?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG