ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, არ დაუშვას რუსეთის მიერ კაშხლის აფეთქება


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ მისცეს რუსეთს უკრაინული კაშხლის აფეთქების საშუალება. იმ დროს, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთის გასაძევებლად ემზადება, არსებობს იქ მდებარე მოზრდილი კაშხლის აფეთქების რისკი, რასაც სამხრეთ უკრაინის დიდი ნაწილის დატბორვა მოჰყვება. ხერსონისთვის ბრძოლა, ამ ომში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

ხუთშაბათის სატელევიზიო მიმართვის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებმა დანაღმეს ნოვა კახოვკის უზარმაზარი კაშხალი, რომელიც წყლის უზარმაზარ საცავს იჭერს და გეგმავენ, რომ ის საკუთარი უკანდახევის უზრუნველსაყოფად ააფეთქონ.

„ახლა მსოფლიოში ყველამ ძლიერად და სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა ახალი რუსული ტერორისტული აქტი არ მოხდეს. კაშხლის დანგრევა ფართომასშტაბიანი უბედურების ტოლფასი იქნება,“ თქვა ზელენსკიმ.

ამ კვირის დასაწყისში, რუსეთმა კიევს ბრალი კაშხალზე სარაკეტო თავდასხმის დაგეგმვაში დასდო. უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა კაშხლის წინააღმდეგ ამერიკული „ჰაიმარსის“ რაკეტები უკვე გამოიყენა. უკრაინელ ოფიციალურ პირებს ეს იმის ნიშნად მიაჩნიათ, რომ შესაძლოა მოსკოვი კაშხლის აფეთქებას და შემდეგ ამის კიევზე გადაბრალებას გეგმავდეს.

არცერთ მხარეს ამ ბრალდებების დამადასტურებელი სამხილები არ წარმოუდგენია.

კაშხლის დაზიანებით შეიძლება განადგურდეს არხების სისტემა, რომელიც სამხრეთ უკრაინას, მათ შორის მოსკოვის მიერ 2014 წელს დაპყრობილ ყირიმს წყლით ამარაგებს.

XS
SM
MD
LG