ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის ოფიციალური პირები რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს გეგმავენ


აშშ-ის და დასავლეთის ოფიციალური პირები საბოლოო სახეს აძლევენ გეგმას, რომელიც რუსული ნავთობის ფასებზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. მსოფლიო ბანკი გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ ამ გეგმის ქმედუნარიანობისთვის, განვითარებადი საბაზრო ეკონომიკების აქტიური მონაწილეობა იქნება საჭირო.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფასის დიაპაზონი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ ამ პროცესში ჩახედულმა ერთმა პირმა თქვა, რომ ზედა ზღვარი, ისტორიული საშუალო ფასის შესაბამისი იქნება, ბარელზე 63-64 დოლარი. ეს ის დონეა, რომელსაც ბუნებრივი ზედა ზღვრის ჩამოყალიბება შეუძლია.

ასეთი დონე შესაბამისობაშია ხაზინის მდივან ჯანეტ იელინის ბოლოდროინდელ კომენტარებთანაც, რომელმაც თქვა, რომ 60 დოლარის ფარგლებში დაწესებული ზედა ზღვარი, რუსეთს ნავთობის მოპოვების გაგრძელების სტიმულს მისცემს.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ხედავს გზად, რომელიც რუსეთისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს შეკვეცს, იმავდროულად რუსული ნავთობის მიწოდებას შეინარჩუნებს და ფასის მკვეთრ გაზრდას თავიდან აიცილებს. რუსეთისთვის, ნავთობიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დაფინანსების მთავარი წყაროა.

ნავთობზე ფასი მომავალ კვირებში, რუსულ ნავთობზე ევროპული ემბარგოს 5 დეკემბრისთვის დაგეგმილი დაწყების წინ დაწესდება. ემბარგო იქნება ნავთობზე, მასთან დაკავშირებულ ტრანსპორტირებაზე და საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობის დაზღვევაზე.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა თქვა, რომ ფასის ნებისმიერ დიაპაზონზე გარცელებული ცნობები არასწორი იყო, თუმცა დეტალებზე საუბარზე უარი თქვა.

XS
SM
MD
LG