ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიის სახელმწიფოთა ნაწილში რუსული ნავთობის იმპორტი იზრდება


ინდოეთი და აზიის რამდენიმე სახელმწიფო რუსეთისთვის ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო ხდება. ამერიკა, რომელიც დასავლურ ქვეყნებთან ერთად მოსკოვიდან ენერგიის იმპორტის შეზღუდვას ცდილობს, მოუწოდებს ქვეყნებს არ გაზარდონ შესყიდვების მოცულობა.

ამგვარი შესყიდვებიდან მიღებული თანხები რუსეთს შესაძლებლობას აძლევს განაგრძოს ომი უკრაინაში. ჰელსინკში დაფუძნებული ორგანიზაცია "ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის" მონაცემებით, რუსეთმა საწვავის ექსპორტით ომის პირველ 100 დღეში 93 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო, მიუხედავად ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებისა მაისის თვეში. "საწვავის ექსპორტით მიღებული შემოსავლები რუსეთისთვის სამხედრო აგრესიის გაგრძელების უმთავრესი შესაძლებლობაა. ეს ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების 40 %-ს შეადგენს", - ვკითუხლობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

ინდოეთმა რუსეთისგან 2022 წლის განმავლობაში უკვე 60 მილიონ ბარელამდე ნავთობი იყიდა, სრული 2021 წლის განმავლობაში კი ეს რიცხვი 12 მილიონზე მეტი არ ყოფილა. მონაცემთა ბაზა Kpler-ის ცნობით, გაზრდილია ექსპორტი სხვა აზიურ სახელმწიფოებშიც, მათ შორის ჩინეთშიც, თუმცა არა ასეთი მასშტაბით.

"ასოშეითედ პრესთან" ინტერვიუში შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში შესაძლოა რუსეთისგან მეტი ნავთობიც შეიძინოს. მისი თქმით, ეცდება ჯერ სხვა წყაროები მოიძიოს, თუმცა მოსკოვისგან მეტი საწვავის ყიდვის შესაძლებლობა კვლავ ღია რჩება. მაისის ბოლოს შრი-ლანკამ 90 000 კუბური ტონა ნედლი ნავთობი შეიძინა მოსკოვისგან.

ექსპორტის დივერსიფიკაციას რუსეთიც ცდილობს. რუსეთის ელჩი მარატ პავლოვი ფილიპინების არჩეულ პრეზიდენტს ორშაბათს შეხვდა და ნავთობისა და გაზის მიწოდებით მოსკოვის დახმარება შესთავაზა. თუმცა არჩეული პრეზიდენტი ჯერ არ აკონკრეტებს განიხილავს თუ არა ამ შეთავაზებას.

უკრაინაში რუსეთის ფართმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა. აზიურ სახელმწიფოთა ნაწილისთვის რუსეთის მიერ გლობალურ ფასთან შედარებით, თითქმის მეოთხედ ფასად ნავთობის შეძენა ხელსაყრელ ვარიანტად იქცა. მაშინ, როცა ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიოში $120-ს აღწევს, მოსკოვი ამ ქვეყნებს რუსულ ნავთობს $30-35-ად სთავაზობს. ამ ქვეყნების ბაზრის მნიშვნელობა რუსეთისთვის კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სახელწიფოები წლის ბოლომდე რუსული საწვავის ძირითადი ნაწილის შეძენის შეზღუდვაზე შეთანხმდნენ.

Kpler -ის ანალიტიკოსის მეტ სმითის თქმით, ეს ტენდენცია ახლა გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან უკრაიდან ნედლი ნავთობი ახლა ევროპის ნაცვლად აზიისკენ მიემართება, სადაც უმთავრესი შემსყიდველი ინდოეთია, შემდეგ - ჩინეთი. ამ სიაშია თურქეთიც.

XS
SM
MD
LG