ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია


“ამანვე აკურთხა ეკლესია ქუთაისისა, განგებითა დიდითა და მიუწვდომელთა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი, ყოველნი ხელწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმთავარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთაგან” – ციტატა წიგნიდან “მატიანე ქართლისა”, ბაგრატის ტაძრის საზეიმო კურთხევის შესახებ. იმ ტაძრის, როემლიც საქართველოს გამაერთიანებელი მეფის, ბაგრატ მესამის მიერ, ისევ ამ ტაძრის ჩრდილოეთ ფასადის მთავარი სარკმლის წარწერის თანახმად აკურთხეს. რამდენიმე დღის წინ გვაცნობეს, რომ “ბაგრატის ტაძარი თავის პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. შესაბამისი კვლევა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩატარდა. ამის გარდა, არსებობს წყაროები, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება იმის გარკვევა, თუ როგორი იყო ბაგრატის ტაძარი დანგრევამდე” – მოგვახსენეს საინფრმაციო გამოშვებებში. პირველად კი განცხადება ბაგრატის ტაძრის რეკონსტურქციის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ინაუგურაციის დღეს, 21 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, ტაძარი საქართველოს მთლიანობის სიმბოლოდ უნდა იქცეს. კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის, მაკა შავიშვილის თქმით, არსებული პორექტი გულისხმობს ტაძრის ნანგრევების კონსერვაციას და მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებით გამაგრებას, რაც სპეციალისტებს განახლებითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.

მაკა შავიშვილიწარმოდგენილი პროექტი გულისხმობს არსებული სახით, ტაძრის სხეულის სრულ კონსერვაციას და შემდეგ მსუბუქი ლითონის კონსტურქციით მის შეკვრას, ერთგვარ მოჭიმვას, რათა უზრუნველყოფილი იქნას, მისი ამგვარი სახით შენარჩუნება და მდგრადობა.

ასევე გვითხრეს, რომ ტაძრის აღდგენის საქმეში უმაღლესი რანგის მეცნიერები, რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები ჩაერთვებიან. თუმცა ქართველი და უცხოელი "უმაღლესი რანგისა" და უმაღლესი მიღწევების მქონე სპეციალისტები უკვე დაახლოებით სამი ათეული წელია რესტავრაციას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მით უფრო უნიკალური შედევრის გადარჩენისთვის მიმდინარე პროცესებში საერთოდ აღარ მიმართავენ. მოწინავე მიღწევების ავტორებმა ათეულობით წიგნი გამოსცეს, თუ რატომ არ შეიძლება რესტავრაცია, რატომ არის დამღუპველი და რაც მთავარია, ამ მეცნიერებმა დიდი ხნის წინ საკუთარი დევიზი ჩამოაყალიბეს, რომელიც ქართულ ენაზე დაახლოებით ასე ჟღერს "არანაირი რესტავრაცია, მხოლოდ კონსერვაცია !"

ამ თეორიის და ჩვენთვის ამ უახლესი დამოკიდებულებების ე.წ. პოპულარიზაცია 5-4 წლის წინ დაიწყო. საქართველოში ბევრი, ძალიან კარგი პროფესიონალი მომავლ თაობებს და სტუდენტებს არა თუ უბრალოდ კონსერვაციის არამედ "პრევენციული კონსერვაციის" უპირატესობას უზიარებს. მის უპირატესობაზე გვიამბობდა არაერთ ინტერვიუში ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი, ადამიანი, რომელმაც ოთხი წლის წინ ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმეში და რომლის ნებითა და მხარდაჭერითაც არაერთი სამეცნიერო ლიტერატურა ითარგმნა, რომელშიც კონსერვაციის უპირატესობა და მისი ნაირფეროვნების ათვისების ხერხები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია საგაზეთო პუბლიკაციაში წერს: “დღეს კი, როცა საუბარია მასშტაბურ პროექტზე, სახელად, - ბაგრატის ტაძრის აღდგენა, უნებლიედ ჩნდება ერთდროულად უნდობლობა იმ შემოქმედებითი ძალებისა, რომლებსაც ეს საქმე დაევალება. უნდობლობა პროექტისადმი, მით უფრო მაშინ, როცა ვიცით, რაოდენ არაპოპულარული და არაგამართლებული სვლაა თანამედროვეობაში რესტავრაცია; უნდობლობა პროექტის მხატვრული გააზრების ხარისხიანობაში, რადგანაც მხატვრულად კარგად გააზრებული, ღირებული კულტურული ფასეულობა, ვეჭვობთ, რომ ჯერ არ შეგვიქმნია. ჩვენი ეპოქის და ჩვენი, თუნდაც როგორც მრევლის ერთადერთი მონაპოვარი ამ თვალსაზრისით არის დიდი სიყვარული და დიდი სურვილი, რომლითაც იმედი ვიქონიოთ, რომ ბაგრატის ტაძრის ფენომენის გამთლიანების სურვილი გამოითქვა, მაგრამ სურვილი როდი კმარა?! მთავარია გზა, რომლითაც ამ დამოკიდებულებას გამოვხატავთ, გზები კი ხელოვნების თეორიასა და მეცნიერებაზე გადის. მეცნიერება კი ძალიან ხშირ შემთხვევაში სულ სხვას ამბობს”.

XS
SM
MD
LG