ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი აცხადებს, რომ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღი არ არის, რუსეთი ამას არ ეთანხმება


ხუთშაბათს, შეერთებულმა შტატებმა და დასავლელმა მოკავშირეებმა უარყვეს რუსეთის განცხადებები, რომ უკრაინაში, ამერიკული დახმარებით, აკრძალულ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობს. დასავლეთმა ამ ბრალდებებს დეზინფორმაცია და გამონაგონი უწოდა.

გაეროში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი გაეროს გამოძიებას მოითხოვს მის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე, რომ ორივე ქვეყანა ბიოლოგიური იარაღის გამოყენების აკრძალვის კონვენციას არღვევს.

დავა გაეროს უშიშროების საბჭოს მესამე შეხვედრაზე დაიწყო, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად სამშაბათიდან მოიწვია. ამ შეხვედრის ყურადღების ცენტრშია 310 გვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც რუსეთი კვირის განმავლობაში საბჭოს წევრებს შორის ავრცელებდა. რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინაში, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით, „სამხედრო ბიოლოგიური“ საქმიანობა მიმდინარეობს.

დოკუმენტი შეიცავს საბჭოში წარდგენილ ოფიციალურ საჩივარს, რომელიც 1972 წლის, ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისადაა დაშვებული. რუსეთმა ასევე წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც უშიშროების საბჭოს, რუსეთის ბრალდებების საპასუხოდ, კომისიის შექმნის ნებართვას მისცემს.

რუსეთის ბრალდებები, უკრაინაში საიდუმლო ამერიკული საბრძოლო ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ, დამოუკიდებელმა მეცნიერებმა, უკრაინელმა ლიდერებმა და თეთრი სახლის და პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა საკამათოდ მიიჩნიეს. „ასოშიეიტედ პრესის“ მიერ მარტში ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ბრალდების სათავე ინტერნეტში იყო და „კოვიდ-19“ შეთქმულების თეორიის და „ქიუ ენონის“ მიმდევრებს და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზოგიერთ მხარდამჭერს აერთიანებდა.

უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელი, რომელმაც დაფინანსება და კვლევაში მხარდაჭერა შეერთებული შტატებისგან მიიღო. ამ ლაბორატორიებს უკრაინა ფლობს და ამუშავებს და იმ ინიციატივის ნაწილია, რომელსაც ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა ჰქვია და მისი მიზანი, მომაკვდინებელი დაავადებების აფეთქების შესაძლებლობის შემცირებაა.

XS
SM
MD
LG