ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე მორიგი იერიშის შემდეგ, გაერო საერთაშორისო წვდომას ითხოვს


ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების დაშვებას ითხოვს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოწოდებას წინ უძღოდა რუსეთის და უკრაინის ურთიერთბრალდებები ბირთვული ობიექტის დაბომბვის თაობაზე.

სადგურზე საერთაშორისო ექსპერტების დაშვებას ითხოვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფროსი - რაფაელ მარიანო გროსი. ის შიშობს, რომ 6 აგვისტოს ზაპოროჟიის ობიექტზე მომხდარი თავდასხმა "ხაზს უსვამს იმას, რომ ბირთვული კატასტროფის რისკი სავსებით რეალურია". მის მოთხოვნას მხარს უჭერს გუტერეშიც, რომელიც ამბობს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა "თვითმკვლელობის ტოლფასია".

განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს გააკეთა. გუტერეში უქმეებზე ჰიროშიმაში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით მიმართა მსოფლიოს პირველი ატომური იერიშის 77-ე წლისთავზე შეკრებილებს.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ბირთვული ობიექტია, რომელსაც დღეს რუსეთი აკონტროლებს. ის უკრაინის ტერიტორიაზე, ქ. მარიუპოლიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა ტერიტორიის დაბომბვა 6 აგვისტოს განაახლა, რამაც რადიაციის სენსორები დააზიანა, ასევე დაშავებულია ზაპოროჟიის სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს ბრალი "ბირთვული ტერორის" წარმოებაში დასდო. ეს ზედიზედ მეორე იერიშია ბოლო ორი დღის განმავლობაში. რუსეთი აცხადებს, რომ მომხდარ იერიშებზე უკრაინაა პასუხისმგებელი.

მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს "ამერიკის ხმასთან" შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოც აკეთებს. განცხადების მიხედვით, ამერიკის მთავრობა ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

ამერიკის "ენერგორესურსების დეპარტამენტი და უშიშროების საბჭო აცხადებენ, რომ რადიაციის სენსორები მონაცემთა აღრიცხვას აწარმოებენ. საბედნიეროდ, არაფერი მიუთითებს გაზრდილ ან ზომაზე მეტ რადიაციის დონეებზე" - ნათქვამია უშიშროების საბჭოს განცხადებაში. მათივე განცხადებით, "ბრძოლები ატომურ ელექტროსადგურთან სახიფათოა და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საომარი ოპერაციები უკრაინის ბირთვულ ობიექტებთან და მათი კონტროლი სრულად გადასცეს უკრაინას".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG