ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებს


ზაპოროჟიის ატომური სადგურის დაზიანებული ადმინისტრაციული შენობა ქ. ენერჰოდართან, უკრაინა. 4 მარტი, 2022წ.

ვითარება ელექტროსადგურზე

უკრაინის ოფიალური პირები ადასტურებენ, რომ რუსეთმა ქ. ენერჰოდარის მახლობლად მდებარე ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიკავეს. ეს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომელსაც რუსეთის მხრიდან ხუთშაბათს საღამოს მიტანილი იერიშის შემდეგ, ხანძარი გაუჩნდა.

კიევი აცხადებს, რომ ინსპექტორების დასკვნით, თავდასხმის შედეგად რადიაციის გაჟონვა არ მომხდარა. უკრაინული მხარე რუს სამხედროებს სთხოვდა შეეწყვიტათ იერიში ელექტროსადგურზე, რათა მეხანძრეებს შეძლებოდათ ცეცხლის ჩაქრობაა. საბოლოოდ მოხერხდა ხანძრის დროულად განეიტრალებაა და სადგურის თანამშრომლები დღეს მუშაობას უსაფრთხოდ აგრძელებენ.

ენერჰოდარი უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის მიმწოდებელი ჰაბია, რომელიც მდინარე დნეპრზე, კიევიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. ზაპოროჟიის ელექტროსადგური დენით უკრაინის დაახლოებით 25%-ს უზრუნველყოფს.

ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტებმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატეს. მათი თქმით, აფეთქებები ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ძალზე სახიფათოა, რადგან რისკის ქვეშ აყენებს ატომური საწვავის გაგრილების კრიტიკულად მნიშვნელოვან პროცესს.

ვაშინგტონის რეაქცია

ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

„პრეზიდენტი ბაიდენი შეუერთდა პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებაში რუსეთის მიმართ, რომ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში და უზრუნველყოს მეხანძრეების და სასწრაფო დახმარების მუშაკების ადგილზე შესვლა“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის დასახმარებლად, ამერიკის კონგრესს დამატებით 10 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების დამტკიცება სთხოვა.

თეთრი სახლის განცხადებით, დამატებითი თანხა მოხმარდება "უკრაინისთვის ჰუმანიტარული, უსაფრთხოების და ეკონომიკური დახმარების მიწოდებას". ეს თანხა საჭიროა თავდაცვის აღჭურვილობისთვის, საკვებით სასწრაფო დახმარების უზრუნველსაყოფად, ამერიკის სამხედროთა განლაგებისთვის მეზობელ ქვეყნებში და რუსეთზე კიდევ უფრო ძლიერი სანქციების დასაწესებლად.

ვითარება უკრაინაში

მოსკოვის მცდელობა, სწრაფად დაეპყრო კიევი და მოეპოვებინა კონტროლი უკრაინაზე, შეჩერებულია. თუმცა, რუსეთის არმიამ უკრაინაში ინტერვენციიდან 8 დღის შემდეგ, მაინც შეძლო საგრძნობი წარმატების მიღწევა, განსაკუთრებით - ქვეყნის სამხრეთში, შავი და აზოვის ზღვების მახლობლად.

რაც შეეხება კიევს, რუსეთის ძალები, რომლებიც დედაქალაქის მისადგომებთან იმყოფებიან, დიდწილად ჩიხში არიან მოქცეულნი. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთს უკრაინასთან ომში ახლა საკუთარი შემტევი ძალების 90% ჰყავს ჩართული.

ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირები ადასტურებენ მოსკოვის ვერსიას პორტ ხერსონის რუსული ჯარების დაკავების თაობაზე. ხერსონი პირველი დიდი ქალაქია, რომელიც რუსეთის არმიამ უკრაინაში განმეორებით შეჭრის შემდეგ დაიპყრო. 2014 წლის ინტერვენციის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა.

მრავალჯერადი იერიშების მიუხედავად, უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს ხარკივზე, ჩერნიივზე და მარიუპოლზე. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტიც ადასტურებს.

"ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ერთ კვირაში გავანადგურეთ მტრის გეგმები" - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხუთშაბათს გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაში. უკრაინის ლიდერის თქმით, რუს სამხედროებს "მოსვენება არ ექნებათ. საკვები არ ექნებათ. მათ აქ ერთი მშვიდი წუთი არ ექნებათ".

ხერსონის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი რამდენიმე დღეა ალყაშია. ის უკრაინის დანარჩენი ნაწილისგან იზოლაციაშია. ქალაქში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, მინიმალური წვდომაა წყალზე, საკვებზე და პირველადი მოხმარების საგნებზე. ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ რუსები მარიუპოლს ბლოკადას უწყობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG