ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი დიპლომატები მათი ჯარისკაცებივით მარჯვედ გარბიან - კულება ლავროვზე


სერგეი ლავროვი (წინ) გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 22 სექტემბერი, 2022 წ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაიცვა მოსკოვის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში. ხუთშაბათს მან 15-წევრიან საბჭოში სხვების გამოსვლა საერთოდ არ მოისმინა, მხოლოდ თვითონ წარმოთქვა სიტყვა და დარბაზი ნაჩქარევად დატოვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოსკოვი გააფრთხილა, არ განახორციელოს უკრაინის რეგიონების ანექსია. დასავლეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, კრემლის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

გამოსვლაში ლავროვმა თქვა, რომ კიევი რუსეთის უშიშროებას, რუსების უფლებებს და უკრაინაში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, გარდაუვალი იყო". ლავროვმა დასავლეთს კონფლიქტის გამწვავებაში დასდო ბრალი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან თავის დაცვა შეძლოს. "ჩვენ თვალწინ ნაკუწებადაა ქცეული თავად საერთაშორისო წესრიგი, რომლის დასაცავადაც ვართ აქ შეკრებილები. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტ პუტინს ეს შერჩეს" - უთხრა ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს.

„შევნიშნე, რომ რუსი დიპლომატები ისევე მარჯვედ გარბიან, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალები“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მას შემდეგ, რაც ლავროვის მეთაურობით, რუსეთის დელეგაციის წევრებმა სხდომა ნაჩქარევად დატოვეს. კულებამ ლავროვის გამოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ "სრულიად წარმოუდგენელია ტყუილების რაოდენობა, რაც რუსი დიპლომატებისგან მოდის".

საბჭო უკრაინის საკითხების განხილვის მიზნით, წელს სულ ცოტა, 20-ჯერ შეიკრიბა, თუმცა უშედეგოდ. რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება აქვს. ვეტოს უფლებით ასევე სარგებლობენ შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ჩინეთი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG