ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ცვლის კიევის მიერ ივანიშვილის ახლო ნათესავების სანქცირება?


ბიძინა ივანიშვილი, REUTERS-ის ფოტო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის №727 ბრძანებით, რომელიც 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა, პერსონალური ეკონომიკური სანქციები დაუწესდა საქართველოს ოთხ მოქალაქეს: 70 წლის ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლეს, 55 წლის ქეთევან ხარაიძეს; 55 წლის უჩა მამაცაშვილს და მის შვილს, 21 წლის ტიტე მამაცაშვილს.

ოთხივე მათგანი საქართველოს ყოფილი პრემიერის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები და ახლო ნათესავები არიან: ალექსანდრე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილის ძმაა, ქეთევან ხარაიძე - რძალი, უჩა მამაცაშვილი - დეიდაშვილი და ტიტე, დეიდაშვილის შვილი. ისინი სხვადასხვა ფინანსურ აქტივებს ფლობენ, მათ შორის, ივანიშვილის ბიზნესს იმპერიაში.

კიევის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ნათესავები
კიევის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ნათესავები

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში განმარტებულია რომ, ამ პირებს 13 ტიპის სანქცია დაუწესდათ: მათ შორის - აქტივების ბლოკირება; სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის სრული შეწყვეტა.

ზელენკის ბრძანებაში მიზეზად მითითებულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება.

ასე მინიშნება, რომ რაკი უკრაინელებმა სანქციები დაუწესეს ადამიანებს ივანიშვილის გარემოცვიდან, ამერიკელები დაასანქცირებენ თავად ივანიშვილს, არ არის სწორი. თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ამერიკელები ამას არ გააკეთებენ
გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი

შესაძლებელია, თუ არა, კიევის ამ ნაბიჯის შემდეგ, საერთაშორისო სანქციები უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხოს? „როდესაც ჩვენ რაიმე სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ, ქვეყნდება და არ ხდება ამის წინასწარ განხილვა“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ამ თემაზე აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.

„ასე ცალსახად მინიშნება, რომ რაკი უკრაინელებმა სანქციები დაუწესეს ადამიანებს ივანიშვილის გარემოცვიდან, ამერიკელები დაასანქცირებენ თავად ივანიშვილს, არ არის სწორი.

თუმცა, იმავდროულად, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ამერიკელები ამას არ გააკეთებენ, თუ კი, გაგრძელდება ეს „გაუცხოების“ პოლიტიკა (დასავლეთთან) და გაჩნდება უფრო მეტი კითხვის ნიშნები, საქართველოს მოქმედებებთან დაკავშირებით“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარმა გიორგი გობრონიძემ.

გობრონიძე ივანიშვილის გარემოცვის სანქცირების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00

მისი თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ თბილისმა ვერ შეძლო კიევის დარწმუნება, რომ ივანიშვილის გარემოცვა, რომელიც ქვეყნის ბიზნესს ელიტას და საზოგადოების უმდიდრესი ფენას წარმოადგენს, არ არის ჩართული იმ საქმიანობაში, რაც რუსეთთან ომის დროს, უკრაინის სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„სწორედ ამას მოჰყვა ეს სანქციები (უკრაინის მხრიდან) და, თუკი გაგრძელდა, (საქართველოს) ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, დიდი ალბათობით, შეიძლება ამას მოჰყვეს აშშ-ს და ევროკავშირის სანქციებიც. ზოგადად, საქართველოს ინტერესში არ უნდა იყოს, რომ ადამიანები საქართველოდან აღმოჩდნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ, განსაკუთრებით, აშშ-ს და ევროკავშირის სანქციების“ - მიაჩნია გობრონიძეს.

ჩვენ ვხედავთ ძალიან არამეგრობრულ ნაჯიბებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მეგობარი ქვეყნის და მისი მოქალაქეების მისამართით
ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ოცნება

მიუხედავად მტკიცებისა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სრულად ჩამოშორებულია პოლიტიკას და არ მონაწილეობს სახელმწიფოს მმართვაში, თბილისში, კიევის გადაწყვეტილება მეტად მტკივნეულად აღიქვეს.

„არამეგობრულიდან“ „მტრულამდე“ - ასეთი იყო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები. „მტრული“ კიევის მოქმედებას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწოდა.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან არამეგრობრულ ნაბიჯებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის შემდეგ, უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სანქციებს უწესებს “ - აღნიშნა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

უფრო შორს წავიდა, ივანიშვილთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელმაც თქვა, რომ „შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების სანქცირების გადაწყვეტილება უკრაინელებმა დამოუკიდებლად და ამერიკელების მითითების გარეშე მიიღეს“.

ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებით კმაყოფილი დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ივანიშვილს პარლამენტიდან მოუწოდა, ჩამოშორდეს მმართველობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მის ფინანსურ კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე, სანქციების სახით“.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

კიევის მხრიდან სანქცირებული პირებიდან მედიისთვის განცხადება, ადვოკატის მეშვეობით, მხოლოდ ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა გაავრცელა. „უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას“ - ნათქვამია განცხადებაში.

“უკრაინის ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, უფრო სიმბოლურია, თუმცა, ეს არის ერთგვარი მესიჯი, შეტყობინება ივანიშვილისთვისაც, რომ გონს მოეგოს. ჩემი აზრით, ივანიშვილი დღეს დაშანტაჟებულია რუსეთისგან, ისიც და მისი მთავრობაც მთლიანად გადახრილია რუსეთისკენ. 2016 წლამდე კარდინალურად საპირისპირო ვითარება იყო“ - ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც ივანიშვილის მთავრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

„სამ პრემიერთან ვმუშაობდი, ივანიშვილთან, ღარიბაშვილთან და კვირიკაშვილთან და სამივე, განსაკუთრებით კი ივანიშვილი ფანი იყო აშშ-ს და მათი ელჩების. ანუ ნებისმიერ კრიტიკულ საკითხზე აუცილებლად ამბობდა, მოდით ვკითხოთ ამერიკელებს. მოდი ვკითხოთ ელჩებს. აშშ-ს ყველა ელჩთან ძალიან ახლო მეგობრობა ჰქონდა.

„სამ პრემიერთან ვმუშაობდი და სამივე, განსაკუთრებით კი ივანიშვილი ფანი იყო აშშ-ს და მათი ელჩების. ანუ ნებისმიერ კრიტიკულ საკითხზე აუცილებლად ამბობდა, მოდით ვკითხოთ ამერიკელებს. რაღაც ხდება 2016 წელს, რომლის შემდეგ ყველაფერი აყირავდა. ჩემთვის დღეს გამაოგნებელია, იგივე ხალხი, როგორ ცინიკურად, თავხედურად უტევს აშშ-ს და მის ელჩს“
პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი

ჩემი პოლიტიკური თანამდებობა იყო და ნათლად ვხედავდი, რომ მაშინ ყველას ესმოდა რა სიკეთეები მოაქვს აშშ-თან მეგობრობას. რაღაც ხდება 2016 წელს, რომლის შემდეგ ყველაფერი აყირავდა... ჩემთვის დღეს, გამაოგნებელია, იგივე ხალხი, როგორ ცინიკურად, თავხედურად უტევს აშშ-ს და მის ელჩს“ - ამბობს ზაქარეიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის №727 ბრძანებით, სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ ქართული წარმოშობის რუსი და ბერძენი ბიზნესმენები:

თბილისში დაბადებული დავით იაკობაშვილი, რომლის ქონებაც 700 მილიონ დოლარად არის შეფასებული. იგი რუსეთის და შვედეთის მოქალაქეა და ბიზნესს აქტივებს საქართველოშიც ფლობს, მათ შორის, ქვეყნის უმსხვილეს ნავთობკომპანია „გალფს“, ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდი ქსელით.

უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშია ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, ქართული ნავთობკომპანია „გალფის“ აქტივების მფლობელი
უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშია ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, ქართული ნავთობკომპანია „გალფის“ აქტივების მფლობელი

სანქციები დაუწესდა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის მომპოვებელი კომპანია „ევრაზიის“ მთავარი აქციონერს, დაღესტანში დაბადებულ ალექსანდრე ჯაფარიძეს, მისი ქონება 950 მილიონ დოლარად არის შეფასებული; ასევე მის შვილს გიორგი ჯაფარიძეს.

სანქცირებულთა სიაშია, საქართველოში, წალკის სოფელ სანტაში დაბადებული ბერძენი მილიარდერი ივან სავიდიც, 1.6 $ მილიარდიანი ფინანსური აქტივებით.

სავიდი ფლობს მსხვილ ბიზნესებს, როგორც რუსეთში, ისე საბერძნეთში, მათ შორის, სალონიკის საზღვაო პორტის ოპერატორს და სალონიკის საფეხბურთო კლუბ "პაოკს".

უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული, არაერთი რუსი მილიარდერი: ლისინი, პროხოროვი, ქერიმოვი, მიხელსონი, ბაკალჩუკი, ტიმჩენკო, ფედუნი, აბრამოვი, როტენბერგი და სხვები.

სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა პუტინის კიდევ ერთი მეგობარი, სომეხი მილიარდერი, „ტაშირ ჯგუფის“ მეპატრონე სამველ კარაპეტიანიც, რომელსაც ბიზნესს აქტივები საქართველოშიც აქვს.

კიევის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა, წალკაში დაბადებული ბერძენი მილიარდერი ივან სავიდი
კიევის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა, წალკაში დაბადებული ბერძენი მილიარდერი ივან სავიდი

XS
SM
MD
LG