ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ცდილობს იარაღის წარმოება დააჩქაროს


სამხედრო წარმოების შეყოვნებისა და მზარდი დანაკარგების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაჟინებით მოსთხოვა შეამციროს ბიუროკრატიული წინაღობები, იარაღის წარმოება გაზარდოს და მარაგები შეავსოს.

უკრაინის ხელისუფლება კი მოქალაქეებს სთხოვს სახლებში არ დაბრუნდნენ, რათა ქვეყნის დაზიანებული ენერგო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო არ გადატვირთონ.

ომის მერვე თვისთვის არაერთი სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, პუტინს რეაგირებისთვის საგანგებო სტრუქტურის შექმნა დასჭირდა. სამშაბათს ის გახდა ახალი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც რუსული ჯარისთვის იარაღის წარმოებისა და მარაგების შევსება-მიწოდების საკითხებზე სამუშაოდ შეიქმნა.

რუსული მედია აღიარებს, რომ პუტინის ბრძანებით, 300 ათასიანი მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული ბევრი რეზერვისტი არ არის უზრუნველყოფილი ისეთი საბაზისო აღჭურვილობით, როგორიცაა სამედიცინო კომპლექტები და ჯავშანჟილეტები, ეს ყველაფერი კი გაწვეულებმა თვითონვე უნდა იშოვონ. სხვა ცნობების თანახმად, რუსული ძალების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად არიან იძულებულნი ძველი და ხანდახან არასაიმედო აღჭურვილობა გამოიყენონ. ზოგიერთი ახალწვეული კი ძალიან მცირე მომზადების შემდეგ პირდაპირ ფრონტის ხაზზე იგზავნება.

გასულ კვირას რუსულმა მედიამ გააშუქა პრეზიდენტის ვიზიტი ერთ-ერთ საწვრთნელ ცენტრში, სადაც მას კარგად აღჭურვილი ჯარისკაცები წარუდგინეს.

XS
SM
MD
LG