ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნორვეგიას „ჯაშუშომანიის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს


A helicopter patrols off Tromsoe, Norway, June 2, 2012. REUTERS/Saul Loeb/Pool/File Photo

ნორვეგიაში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ არაფერი იცის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირის შესახებ და ოსლოს, „ჯაშუშომანიის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს: „ბოლო დროს, ნორვეგიაში ჯაშუშომანია აქტიურად არის მხარდაჭერილი“, - აცხადებს საელჩო.

„ყველაფერი რუსული, იქნება ეს საჯარო უწყებები, კერძო კომპანიები თუ კერძო პირები, [მათთვის] საეჭვოა და ჯაშუშობის სუნი ასდის... ფაქტი, რომ სხვადასხვა საკითხი ჩნდება, ეჭვგარეშეა, შემთხვევითი არ არის და ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებულია“, - ნათქვამია ნორვეგიაში რუსული დიპლომატიური მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნორვეგიის პოლიციამ ორშაბათს რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ოპერაცია არქტიკულ ქალაქ ტრომსეში უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა.

დაკავებული მამაკაცი წარმოადგენს "ფუნდამენტური ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს" და ის ნორვეგიიდან უნდა გააძევონ, განუცხადა "როიტერს" ნორვეგიის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ ჰედვიგ მოემ. მან ეჭვმიტანილს "არალეგალური აგენტი" უწოდა.

მამაკაცი, რომელიც ტრომსეს უნივერსიტეტში მეცნიერად მუშაობდა, თავს ბრაზილიის მოქალაქედ ასაღებდა. თუმცა ნორვეგიის პოლიცია მიიჩნევს, რომ ის რუსეთის მოქალაქეა. ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პირველად ნორვეგიულმა მაუწყებელმა NRK-მა გაავრცელა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მას მოწვეულ ლექტორს უწოდებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის მომდევნო 4 კვირა დაკავებული იქნება.

ბოლო კვირების განმავლობაში ნატოს წევრი ჩრდილო-ევროპული სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა ჩრდილოეთის ზღვის ნაპირთან ახლოს რამდენიმე დრონი შენიშნეს. რუსეთის რამდენიმე მოქალაქე დრონებთან სავარაუდო კავშირის ეჭვის საფუძველზე დააკავეს. ისინი სავარაუდოდ ამ დრონებს მართავდნენ, ან იმ ობიექტების ფოტოებს იღებდნენ, რომელთა გადაღებაც აკრძალულია.

XS
SM
MD
LG