ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის ლიდერები მოსკოვის მხრიდან გაეროს მარცვლეულის შეთანხმების ბოიკოტს გმობენ


ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, გაეროს თაოსნობით მიღწეული მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის გადაწყვეტილება შეცვალოს და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის გატანა შესაძლებელი გახადოს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „რუსეთის გადაწყვეტილება, შავი ზღვის შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩეროს, საფრთხის ქვეშ აყენებს უაღრესად საჭირო მარცვლეულის და სასუქების ექსპორტის მთავარ გზას, რომელიც უკრაინაში მისი ომით გამოწვეული სურსათის გლობალური კრიზისის საპასუხოდაა შექმნილი. ევროკავშირი რუსეთს დაჟინებით მოუწოდებს თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს.“

საერთაშორისო ხსნის კომიტეტმა გამოთქვა გაფრთხილება კატასტროფული შედეგების შესახებ, რომელიც გაეროს შუამავლობით მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებას მოჰყვება. წელს დაახლოებით 345 მილიონი ადამიანი სურსათის მწვავე ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდება.

აღმოსავლეთ აფრიკაში ათობით მილიონი ადამიანი უკიდურეს შიმშილს განიცდის და ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი გვალვის შედეგად, სომალი შიმშილობის ზღვრისკენ მიექანება. ბლოკადის განახლება, რუსეთ-უკრაინის რეგიონიდან მარცვლეულის იმპორტის 80 პროცენტს შეაფერხებს და როგორც კომიტეტი აფრთხილებს, შიმშილობას გააუარესებს.

კრემლმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ შაბათს გამოაცხადა და ირწმუნება, რომ უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა მოახდინა. უკრაინა ამას უარყოფს.

უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას „მოსალოდნელი“ უწოდა და მოსკოვს ბრალი დასდო, რომ მარცვლეულით დატვირთული გემების „ბლოკადას“ სექტემბრიდან ახდენდა. ამჟამად უკრაინის პორტებში 218 ხომალდია დაბლოკილი, რადგან რუსეთი აცხადებს, რომ მათ უსაფრთხო გავლას ვერ უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, დღეს უფრო ადრე, შავი ზღვის უკრაინული პორტებიდან უკრაინამ ხორბლით დატვირთული რამდენიმე გემის ზღვაში გაშვება მაინც შეძლო, რაც უნდა მიანიშნებდეს იმას, რომ ინიციატივის დატოვების შემდეგ რუსეთმა ბლოკადა არ დააწესა გემების მოძრაობაზე, რათა საომარი ზონიდან ხორბლის გატანა მოხდეს.

XS
SM
MD
LG