ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ბოლო საპრეზიდენტო დებატებისთვის ემზადება


2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 12 დღეა დარჩენილი, საპრეზიდენტო კანდიდატები კი ბოლო დებატებისთვის ემზადებიან. ეს არჩევნების დღის წინ, ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა წინასაარჩევნო ციკლში. დებატები დღეს, ვაშინგტონის დროით, საღამოს 9 საათზე დაიწყება და ერთ საათს გაგრძელდება.

დებატების მოდერატორი ტელეკომპანია NBC-ის ჟურნალისტი, კრისტენ უოლკერი იქნება. სცენაზე კი ერთმანეთს რესპუბლიკელების კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატების კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დაუპირისპირდებიან.

კრისტენ უოლკერი, გამოცდილი ჟურნალისტი და თეთრი სახლის კორესპონდენტია. თემები კი, რომელიც ჟურნალისტმა შეარჩია, შემდეგია: კორონავირუსი, ამერიკული ოჯახები, რასობრივი თემა ამერიკაში, კლიმატის ცვლილება, ეროვნული უსაფრთხოება და ლიდერობა.

ახალი ფორმატის მიხედვით, თითო თემის განხილვას 15-15 წუთი დაეთმობა, ხოლო ამ თემების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე საპასუხოდ კანდიდატებს 2-2 წუთი ექნებათ. ამის შემდეგ კი ღია დისკუსია გაიხსნება.

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველი დებატები სექტემბერში ჩატარდა. დებატების დროს, რომელიც 90 წუთს გაგრძელდა და რომელიც ტელეკომპანია ფოქს ნიუსის ჟურნალისტს მიჰყავდა, კანდიდატები ერთმანეთს მუდმივად აწყვეტინებდნენ სიტყვას. ამით, განსაკუთრებით პრეზიდენტი ტრამპი გამოირჩეოდა. პოლიტიკურმა მიმომხილველებმა ამ დებატებს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი დებატები უწოდეს.

მეორე დებატები 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, ის გადაიდო. დებატების დღემდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტ ტრამპს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც საპრეზიდენტო დებატების ორგანიზატორებმა, დებატების ონლაინ რეჟიმში ჩატარება გადაწყვიტეს. პრეზიდენტი ამ პირობას არ დაეთანხმა და უარი თქვა, დებატებში მონაწილეობაზე.

იმისთვის, რომ პირველი დებატების მსგავსი უწესრიგობა თავიდან აიცილონ, ორგანიზატორებმა, დებატების წესები შეცვალეს. კანდიდატების მიკროფონები მხოლოდ მაშინ იქნება ჩართული, როდესაც ისინი ისაუბრებენ, სხვა დროს, მიკროფონები გამოირთვება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ამით თავიდან აიცილებენ ხმაურს და კანდიდატებს საშუალება ექნებათ, პასუხები სრულ სიწყნარეში გასცენ მოდერატორს. ორივე კამპანიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ თითოეული კითხვისთვის კანდიდატებს 2-2 უწყვეტი წუთი ექნებათ.

კომისიაში იმედოვნებენ, რომ ის 2-წუთიანი დროის მონაკვეთი, რომელიც კანდიდატებს ექნებათ, საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, განსაკუთრებით კი გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, გაარკვიოს, საით წაიყვანენ ჯო ბაიდენი, ან პრეზიდენტი ტრამპი ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებენ.

შეკითხვების ნაწილის დასრულების შემდეგ, როდესაც დიკსუსია გაიხსნება, კანდიდატების მიკროფონები ისევ ჩაირთვება.

ამერიკამ პირველ საპრეზიდენტო დებატებს უმასპინძლა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00


ტრამპის კამპანიაში თვლიან, რომ დებატები მეტად უნდა ფოკუსირდეს საერთაშორისო ურთიერთობებზე,

ბაიდენის კამპანიაში კი ფიქრობენ, რომ ტრამპი ცდილობს თავი აარიდოს კორონავირუსის პანდემიის თემისა და იმის განხილვას, თუ როგორ იქცეოდა და რა გადაწყვეტილებებს იღებდა ის პანდემიის დროს.

კომისიის განმარტებით, შესაძლოა, არცერთი კანდიდატის კამპანია არაა საბოლოოდ კმაყოფილი წესებით, თუმცა, მათ სჯერათ, რომ ახალი წესები იმისთვისაა, რომ "დაიცვან სწორი ბალანსი და გამოხატონ ამერიკელი ხალხის ინტერესები".

დებატების დასრულების შემდეგ, ამერიკა უკვე არჩევნების დღეს, 3 ნომებერს დაელოდება. თუმცა, ვინაიდან წელს მასშტაბურად ხდება ფოსტით ხმის მიცემა, დიდი ალბათობით, სავარაუდო გამარჯვებულის ვინაობა, არჩევნების ღამეს არ გვეცოდინება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG