ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19-ის მიუხედავად, ტრამპს ბაიდენთან დებატებზე მისვლა სურს


ამერიკის ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ერთ კვირაში, 15 ოქტომბერს დანიშნულ, მეორე საპრეზიდენტო დებატებში. პრობლემა იმაშია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს კოვიდ-19 - ინფექციური, ძალიან გადამდები დაავადება და ჯერ კიდევ მკურნალობის კურსს გადის.

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები დებატების ჯანდაცვის პროტოკოლის მიმართ, მითუმეტეს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში თეთრი სახლისთვის ორი ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იბრძვის. ტრამპი 74 წლისაა და ბაიდენი 77-ის. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა მისთვის დებატებში მონაწილეობა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ჯანდაცვის პროტოკოლი დაცული იქნება და "თუ მას [პრეზიდენტ ტრამპს] კიდევ ექნა კოვიდ-19, მაშინ დებატები არ უნდა გვქონდეს".

ამ დღეებში დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნაზე რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც არაერთხელ განაცხადა. "სულმოუთქმელად ველოდები ხუთშაბათს საღამოს, 15 ოქტომბრის დებატებს მაიამიში" - დაწერა მან "ტვიტერზე" გუშინ, 6 ოქტომბერს.

პრეზიდენტს კოვიდ-19-ის დიაგნოზი პარასკევს დილის 1 საათზე დაუსვეს. მან 72 საათი გაატარა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში, სადაც თეთრი სახლიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს. პრეზიდენტს ინტენსიური თერაპია ჩაუტარდა. ტრამპი შინ ორშაბათს საღამოს დაბრუნდა. აღნიშნული თარიღებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ექიმები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ ჯანდაცვის რისკს წარმოადგენს.

ამას ადასტურებს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) გზამკვლევიც. "სი-დი-სი" ამბობს, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებული ადამიანი შეიძლება დაავადების გადამდები იყოს სიმპტომების გაჩენიდან 10-20 დღის განმავლობაში.

ტრადიციის მიხედვით, საპრეზიდენტო დებატების ორგანიზატორი და სპონსორია შეერთებული შტატების საპრეზიდენტო დებატების კომისია. ეს არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელსაც ორპარტიული საბჭო მართავს. კომისიას საპრეზიდენტო დებატების ჯანმრთელობის პროტოკოლთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

პირველ დებატებზე, რომელიც გასულ სამშაბათს ქ. კლივლენდში გაიმართა, კანდიდატები დახურულ შენობაში, უნიღბოდ, ერთმანეთისგან 4 მეტრის დაცილებით იდგნენ. "სი-დი-სის" რეკომენდაცია სულ 2 მეტრია, თუმცა ეს ჯანმრთელ, არაინფიცირებულ ადამიანებს ეხება. ინფიცირებული ადამიანისთვის ან მასთან კონტაქტში მყოფისთვის, 2 კვირა თვითიზოლაციაა რეკომენდებული.

დღეს საღამოს, შეერთებულ შტატებში ვიცე-პრეზიდენტების დებატებია დაგეგმილი. ერთმანეთს რესპუბლიკელი მაიკ პენსი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატი სენატორი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან.

საპრეზიდენტო დებატების კომისიის გადაწყვეტილებით, სცენაზე დამატებითი უსაფრთხოებისთვის, გამჭვირვალე პლასტმასის კედლები დაიდგმება. დებატების მოდერატორი იქნება სიუზან ფეიჯი გამოცემიდან USA Today.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG