ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები, რომელიც შესაძლოა უშედეგოდ დასრულდა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გამართული გუშინდელი დებატები ხმაურიანი აღმოჩნდა. ტრამპმა, რომელიც გამოკითხვებში ბაიდენს საშუალოდ 7 პროცენტით ჩამორჩება, პოზიციების დაბრუნება ბაიდენის აქტიური კრიტიკითა და დაცინვით სცადა.

ის გამუდმებით აწყვეტინებდა საუბარს დემოკრატ მეტოქეს და მის წყობიდან გამოყვანას ცდილობდა. თუმცა გაურკვეველია, რამდენად მოახერხა ამომრჩეველთა გულის მოგება პრეზიდენტმა, რადგან გამუდმებული კამათისა და დაუსრულებელი პასუხების გამო, ბევრ მაყურებელს შესაძლოა სულაც არ გასჩენოდა მეტი ჩართულობის განცდა.

რონ ბონჟანი, რესპუბლიკელი სტრატეგი, რომელიც ტრამპის გუნდის მრჩეველი იყო 2016 წელს, ამბობს, რომ ამ "ძალაგამომცლელ", დამღლელ დებატებს სავარაუდოდ, არავის აზრი არ შეუცვლია. "თითოეულმა კანდიდატმა რაღაც მოიგო, თუმცა პერსონალური თავდასხმების შოკმა ალბათ უფრო მეტი ადამიანს დაუკარგა ჩართულობის სურვილი".

ერთგულ მხარდამჭერებში ტრამპის აგრესიულობამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტმა ძალიან ცოტა დრო დაუთმო არამყარი პოზიციის მქონე ამომრჩევლების გადაბირებას. ეს განსაკუთრებით ითქმის ქალების ხმების მოპოვებაზე, რომელთა მხარდაჭერასაც რესპუბლიკელი პრეზიდენტი თანდათან კარგავს. გამოკითხვების მიხედვით, რესპუბლიკელ ლიდერს აკრიტიკებენ პანდემიის მართვის გამო, ასევე - ჯანდაცვის და რასობრივი პრობლემებისთვის.

დებატები ქ. კლივლენდში, ოჰაიოს შტატში მიმდინარეობდა, სადაც ბაიდენმა დღეს საარჩევნო კამპანია გააგრძელა. ოჰაიო იმ შტატებს შორისაა, სადაც კონკურენცია მაღალია და ბაიდენის ლიდერობა გამოკითხვებში არც ისე გამოკვეთილია.

გასულ თვეში ჩატარებული "როიტერის" და "იფსოსის" ერთობლივი კვლევის მიხედვით, ფლორიდის, მიჩიგანის, პენსილვანიის და ვისკონსინის შტატებში, ყოველ 10 თეთრკანიან, უმაღლესი განათლების არმქონე ამერიკელში, 4 ბაიდენის მხარდამჭერია. ამ შტატებში ჰილარი კლინტონს 2016 წელს, ათიდან მხოლოდ 3 უჭერდა მხარს.

"დებატებს ზოგადად, კენჭისყრაზე ძალიან მცირე გავლენა აქვს" - ამბობს ქრისტოფერ დევინი, ოჰაიოს დეიტონის უნივერსიტეტის საპრეზიდენტო კამპანიების ექსპერტი. მისი თქმით, გუშინდელი დებატების შემდეგ, საერთოდ გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ის ამომრჩევლებზე, რადგან კანდიდატებმა ძალიან ცოტა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც ამომრჩეველს ყველაზე მეტად აინტერესებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG