ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა


ამერიკაში, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველი და უკანასკნელი დებატები გაიმართა. დებატები ამერიკის დროით, საღამოს 9 საათზე დაიწყო და ის USA Today-ს ჟურნალისტ სიუზან ფეიჯს მიჰყავდა. სცენაზე კი ერთმანეთს დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები, სენატორი კამალა ჰარისი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი დაუპირსპირდნენ.

დებატების მოდერატორმა 9 თემა აარჩია და თითოეული თემის შესახებ კითხვებზე პასუხის გასაცემად, კანდიდატებს 2-2 წუთი ჰქონდათ. დებატები 90 წუთს გაგრძელდა და თითო თემას, 6-დან 10 წუთამდე დრო დაეთმო. კანდიდატებმა კორონავირუსის, ვიცე-პრეზიდენტის როლის, ეკონომიკის, კლიმატის ცვლილების, ჩინეთის, ამერიკის გლობალური ლიდერის როლის, უზენაესი სასამართლოს, რასობრივი თანასწორობისა და არჩევნების თემებზე ისაუბრეს. წამყვანმა დებატების დაწყებისთანავე ხაზი გაუსვა იმას, რომ არც მის მიერ შერჩეული თემები და არც შეკითხვები არავინ იცოდა წინასწარ.

წინა დებატებისგან განსხვავებით, ამჯერად, უფრო გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები დარბაზში. პარასკევ საღამოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდგინათ, ამიტომ ვიცე-პრეზიდენტობის დებატებზე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეს ორგანიზატორებმა. კანდიდატებს შორის გამჭვირვალე, პლასტმასის კედლები იყო აღმართული, ხოლო მათი მაგიდები, დაახლოებით 3 მეტრის (12 feet) დაშორებით იდგა ერთმანეთისგან. ყველა ვინც დარბაზში იმყოფებოდა, ერთმანეთისგან სოციალური დისტანციის დაცვით იჯდა და პირბადე ეკეთა.

საპრეზიდენტო დებატებისგან განსხვავებით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებმა ბევრად უფრო მშვიდად და ორგანიზებულად ჩაიარა. კანდიდატებს ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, დროის უმეტეს ნაწილში, ერთმანეთს სიტყვის დასრულებას აცდიდნენ და რამდენჯერმე ერთმანეთს კომპლიმენტებიც კი უთხრეს.

ორივე კანდიდატმა, რამდენიმე შეკითხვას არ უპასუხა, ან კითხვაზე ბოლომდე არ გასცა პასუხი. ისინი ხშირად ცდილობდნენ მათთვის არასასურველი შეკითხვისგან თავი აერიდებინათ და იმ თემაზე გაეგრძელებინათ საუბარი, რაც მათთვის უფრო კომფორტული იყო. მაგალითად, არცერთმა კანდიდატმა არ უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, უსაუბრიათ თუ არა მათ პრეზიდენტობის კანდიდატებთან იმაზე, რომ მათი ასაკიდან გამომდინარე, შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწიოთ მათი შეცვლა და თანამდებობის დაკავება.

დონალდ ტრამპი ახლა 74-ის, ხოლო ჯო ბაიდენი 77 წლისაა. ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტები გახდებიან.

დებატები კორონავირუსის თემით გაიხსნა. კამალა ჰარისმა მწვავედ გააკრიტიკა ტრამპისა და პენსის ადმინისტრაცია იმის გამო, თუ როგორ მოიქცნენ ისინი კორონავირუსის პანდემიის დროს და ბრალი დასდო იმაში, რომ დროულად არ უთხრეს ამერიკელ ხალხს კორონავირუსის საფრთხეების შესახებ. მაიკ პენსმა კი, რომელიც კორონავირუსთან მებრძოლი გუნდის ხელმძღვანელია, დაიცვა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება და თქვა, რომ პანდემიის დასაწყისში ჩინეთთან ფრენების აკრძალვამ და სხვა, მომდევნო ნაბიჯებმა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ასევე, საკმაოდ ვრცლად გაიშალა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობის თემა. მაიკ პენსმა სიამაყით თქვა, რომ ამერიკამ ჩინეთს მოუგო სავაჭრო ომი და რომ ქვეყანა ახლა ჩინური გავლენებისგან თავისუფალია. ასევე, კიდევ ერთხელ, დასდო ჩინეთს ბრალი კორონავირუსის გავრცელებაში და თქვა, რომ ქვეყანა ამისთვის პასუხს აგებს. თუმცა, სხვა შეხედულება ჰქონდა კამალა ჰარისს ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო დაპირსპირებაზე. მისი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებმა, ქვეყანაში მილიონობით სამუშაო ადგილი გააქრო და ამით ქვეყნის ეკონომიკას ზიანი მიაყენა.

კამალა ჰარისმა რუსეთის მიერ 2016 წელს ამერიკის არჩევნებში ჩარევისა და 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არაფერი გააკეთა და პასუხი არ მოსთხოვა ვლადიმირ პუტინს ამ დანაშაულებებისთვის. თუმცა, ამერიკის, როგორც გლობალური ლიდერის როლზე საუბრის დროს, მაიკ პენსმა არა რუსეთის, არამედ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” თემაზე ამჯობინა ყურადღების გამახვილება და მაყურებელს შეახსენა, რომ ჯგუფის ლიდერი ალ-ბაღდადი, სწორედ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაანეიტრალა ამერიკულმა არმიამ და ასევე, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის საქმეც გაიხსენა.

კიდევ ერთი მწვავე თემა, რასაც საკმაო დრო დაეთმო დებატების დროს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა იყო. პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატი, ემი კონი ბერეტია, კონსერვატორი მოსამართლე, რომელმაც, დამტკიცების შემთხვევაში ლიბერალი რუთ ბეიდერ გინსბურგი უნდა ჩაანაცვლოს. ის აბორტის მოწინააღმდეგეა და მოდერატორის შეკითხვაც სწორედ ამ თემას ეხებოდა. კამალა ჰარისმა თქვა, რომ ის ქალების უფლებების მხარესაა და რომ სწორედ ქალების გადასაწყვეტია ის, რაც მათ სხეულს ეხება. თუმცა, მაიკ პენსმა თქვა, რომ ის სიცოცხლის მხარესაა, რაც იმას გულისხმობდა, რომ ის აბორტის წინააღმდეგია.

კანდიდატებს შეკითხვა დაუსვეს შავკანიანთა უფლებებისა და რასობრივი თანასწორობის შესახებაც. მათ ბრიანა ტეილორისა და ჯორჯ ფლოიდის საქმეებზე ისაუბრეს. კამალა ჰარისის თქმით, აუცილებელია პოლიციის რეფორმა. ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა მადლობა გადაუხადა ამერიკის პოლიციას მათი სამსახურისთვის და ჰარისს შეახსენა, რომ ხალხის ნაწილი, ვინც ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდა, ძალადობრივ ქმედებებზე გადავიდა და სხვა მოქალაქეებს ზიანი მიაყენა.

ვიცე-პრეზიდენტობის ამ დებატებს წელს განსაკუთრებული ინტერესით ელოდებოდა მაყურებელი და მას განსაკუთრებული მნიშვნელობაც ჰქონდა. ეს შესაძლოა, წელს, ბოლო დებატები იყოს, სადაც კანდიდატები ფიზიკურად ესწრებიან დებატებს, ან სულაც ბოლო დებატები არჩევნებამდე, ვინაიდან პრეზიდენტ ტრამპს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს და არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.

გარდა ამისა, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი ასაკშია, ამიტომ, სწორედ ვიცე პრეზიდენტები იქნებიან ისინი, ვინც მათ ჩაანაცვლებს, თუ მათ პრეზიდენტობის დროს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემები შეექმნებათ და ასევე, დიდი ალბათობით, ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან ის ადამიანები, ვინც კენჭს იყრიან პრეზიდენტობაზე, შემდეგი არჩევნებისთვის.

ეს დებატები ისტორიული და გამორჩეული იყო იმითაც, რომ ამერიკის ისტორიაში პირველად, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის როლში წარსდგა შავკანიანი და ინდური წარმოშობის ქალი. როგორც ამერიკულ მედიაში ამბობენ, ეს იყო განსაკუთრებული მომენტი ყველა გოგონასთვის, ვინც დღევანდელ დებატებს უყურებდა. ეს იყო გამორჩეული ყველა გოგოსთვის, ვინც ნახავს, რომ ერთ დღეს, მათაც შეუძლიათ კამალა ჰარისის ადგილზე ყოფნა.

შემდეგი დებატები, განრიგით, ისევ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის უნდა გაიმართოს და ის 15 ოქტომბერს მაიამიში უნდა შედგეს. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მოუთმენლად ელის ამ დღეს, თუმცა ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ პრეზიდენტს იმ დროისთვის, ისევ კორონავირუსი ექნება, მაშინ დებატები არ უნდა შედგეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG