ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძებნილი, მოლა და ყოფილი პატიმრები თალიბანის მთავრობაში


თალიბანმა ქაბულის აღებიდან თითქმის ერთი თვის თავზე გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი მთავრობა საზოგადოებას წარუდგინა. კულუარული ინფორმაციები დადასტურდა და პოზიციები რაბარი შურას წევრებმა დაიკავეს. (რაბარი შურა თალიბანის უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა).

თალიბანის მთავრობაში არის ძებნილიც და ყოფილი პატიმარიც გუანტანამოდან. დანაპირები თალიბანმა არ შეასრულა და მთავრობის წევრები საკუთარი მებრძოლებით დააკომპლექტეს. მთავრობას, რომელიც რამდენიმე საათის წინ წარადგინეს მოლა, მუჰამად ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს. ახუნდი თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ის გაეროს შავ სიაშია შეყვანილი.

მთავრობის წევრების დასახელების შემდეგ, თალიბანის მთავარმა სულიერმა ლიდერმა ახუნძადამ ახალ მთავრობას მითითებები მისცა და აღნიშნა, რომ ახლმა მთავრობამ შარიათის კანონები უნდა დაიცვას.

თალიბანის მიერ ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია სირაჯუდინ ჰაქანი. ის ჰაქანის ქსელის მეთაურია და მასზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ძებნაა გამოცხადებული. ჰაქანის ქსელი ბოლო 20 წელში მომხდარ არაერთ დიდ თავდასხმაზე იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის 2017 წელს მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს თალიბანის დამფუძნებლის, მოლა ომარის შვილი - მოლა მუჰამედ იაკუბი. იუსტიციის სამინისტროს მეთაურის პოსტს კი ჰაკიმ იშიკზაი ჩაიბარებს, ის ახუნძადასთან ახლო კავშირში მყოფი ადამიანია. თავად ახუნძადას როლი ავღანეთის მთავრობაში უცნობია, თუმცა შესაძლოა ის ქვეყნის რელიგიური ლიდერი გახდეს.

თალიბანის ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მუთაქი იქნება, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მოლაპარაკებებში.

თალიბანმა გააუქმა ქალთა საქმეთა სამინისტრო, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებობდა. თალიბანის მთავრობაში რამდენიმე ისეთი პირია თავმოყრილი, რომლებიც წლების განმავლობაში გუანტანამოს ციხეში სასჯელს იხდიდნენ. მათ შორის არის დაზვერვის სამსახურის უფროსი, კულტურის მინისტრი და თავდაცვის მინისტრის მოდგილე.

თალიბანის მთავრობაში ყველა თანამდებობას კაცი იკავებს. მაშინ, როცა 2020 წლის მონაცემებით ავღანეთში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა 21 პროცენტი ქალი იყო, მათგან 16 პროცენტი მაღალ თანამდებობას იკავებდა. ავღანეთის პარლამენტის (შურა ე მილის) წევრთა სრული რაოდენობიდან კი 27 პროცენტი ქალი იყო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG