ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველას უნდა მიეცეს ქვეყნიდან წასვლის უფლება -ბლინკენი თალიბანს მიმართავს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს თალიბანის ლიდერებს უზრუნველყონ, რომ ავღანელებს ჰქონდეთ უსაფრთხო გადაადგილების უფლება და თუ მოქალაქის სურვილი იქნება, ქვეყანა დატოვოს დ მათ ამის საშუალება დაუბრკოლებლად მისცენ. განცხადება ენტონი ბლინკენმა ყატარში გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვითარებას ახლოს აკვირდება.

ბლინკენის განცხადებით, ბოლო 24 საათში ავღანეთი კიდევ ოთხმა ამერიკელმა დატოვა. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, მათ ქვეყნის დატოვება სახმელეთო საზღვრით შეძლეს და მათ პრობლემები არ შექმნიათ. ენტონი ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებიან ახლა ამერიკის მოქალაქეები.

ოფიციალური ინფორმაციით, ავღანეთში ამ დრომდე რჩება 100-მდე ადამიანი, რომელიც ერთდროულად ამერიკისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან, მათ ამ დრომდე არ გამოუთქვამთ სურვილი ქვეყნის დატოვების შესახებ. ბლინკენის განცხადებით, თითოეულ მათგანთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში, ისინი დახმარებას მიიღებენ.

ეს განცხადებები ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ყატარში გააკეთა, სადაც ის უკვე მეორე დღეა, რაც იმყოფება. ბლინკენი მადლობას უხდის ყატარის მთავრობას ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში.

"ის, რაც ყატარმა გააკეთა ამერიკელებისთვის, ავღანელებისთვის და მსოფლიოსთვის, გვემახსოვრება დიდი ხნის განმავლობაში,"- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ყატარი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ის გამოიყენებოდა, როგორც ე.წ. უსაფრთხო დერეფანი. ოფიციალური მონაცემებით, ყატარის გავლით 58 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ენტონი ბლინკენი ყატარში ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფება. მათ შეხვედრებზე აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყატართან ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით გააღრმავებს, მათ შორის ვაჭრობის და კონტრტერორიზმის კუთხით.

ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები ყატარის შემდეგ გერმანიაში გაემგზავრებიან.

ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლის 30 აგვისტოს გვიან ღამით დააასრულა. როგორც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, ამერიკამ ავღანეთიდან 120 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლო. "ეს იმაზე მეტია, ვიდრე რომელიმე ექსპერტი და კრიტიკოსი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო მოგვეხერხებინა,"- აღნიშნა 31 აგვისტოს ერისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ავღანეთიდან ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც აგვისტოს შუა რიცხვებში ქაბული თალიბანმა დაიკავა, ქვეყნიდან კი ავღანეთის პრეზიდენტი გაიქცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG