ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ავღანეთის რეგიონების ნახევარს და ტერიტორიის 2/3-ს აკონტროლებს


ბოლო 24 საათის განმავლობაში თალიბანმა ავღანეთის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქები დაიპყრო -- სამხრეთში ყანდაარი და დასავლეთში ჰერატი.

თალიბანის ბლიცის შედეგად, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო, მეამბოხეებმა ქვეყნის 34 პროვინციიდან ნახევარი უკვე დაიკავეს და ამით ქვეყნის ტერიტორიის ორ მესამედზე მეტს აკონტროლებენ.

თალიბანის მიერ ავღანეთის დიდი ტერიტორიის სწრაფი დაპყრობის ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაცია ქაბულში 3 000 ამერიკელ ჯარისკაცს გააგზავნის. ამ კონტინგენტის მისია ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ნაწილის და იმ ავღანელების ქვეყნიდან უსაფრთხოდ ევაკუაციის უზრუნველყოფაა, რომლებიც ამერიკის ჯარს თარჯიმნების თუ სხვა ამპლუაში ეხმარებოდნენ. ადმინისტრაცია ასევე აკეთებს რამდენიმე ათასი ჯარისკაცის მობილიზებას რეგიონის ქვეყნებში იმ შემთხვისთვის, თუ ევაკუაცია გართულდა.

ამერიკელი სამხედროების ეს დროებითი მობილიზება ხაზს უსვამს თალიბანის მიერ ქვეყნის დიდ ნაწილზე კონტროლის წარმოუდგენლად სწრაფად დამყარებას. მეამბოხეებმა ქვეყნის სამხრეთის დაპყრობა 13 აგვისტოს დაამთავრეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დედაქალაქი ქაბულის თითქმის ბოლომდეა გარშემორტყმული თალიბანის მიერ დაკავებული ტერიტორიით. ეს მაშინ, როცა შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთი ორიოდე კვირაში უნდა დატოვონ.

ყველაზე დიდი დარტყმა ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქის დაცემა იყო, სადაც ნატოს ჯარებთან ერთად, საქართველოს ჯარისკაცებიც იბრძოდნენ. ჰელმანდში ამერიკელებმა და ქართველებმა მნიშვნელოვნი მსხვერპლი ნახეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ქაბულში ამერიკის საელჩო ფუნქციონირებას გააგრძელებს. თუმცა ქვეყანაში დამატებითი ჯარისკაცების გაგზავნა იმის ნიშანია, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს იმედი, რომ ავღანეთის არმია თალიბანისგან საელჩოს დაცვას შეძლებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა საელჩოს თანამშრომლების ერთი ნაწილის ევაკუაციაზე განაცხადა, რომ „ეს არ არის მიტოვება. ეს არ არის ევაკუაცია. ეს არ არის ბოლომდე გამოსვლა. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პერსონალის რაოდენობის შემცირება“.

ამერიკასთან ერთად, ავღანეთში საკუთარ სამხედროებს და სპეც-დანიშნულების რაზმებს გზავნიან კანადის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროებიც საკუთარი მოქალაქეების ქვეყნიდან უსაფრთხოდ გამოსაყვანად.

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების შეფასებით, ქაბული ისლამისტების თავდასხმის სამიზნე შესაძლოა დაახლოებით ერთ თვეში გახდეს. მიმდინარე ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში, ავღანეთი შესაძლოა რამდენიმე თვეში მთლიანად თალიბანის კონტროლის ქვეშ მოექცეს.

შექმნილი ვითარების ფონზე, შეერთებულ შტატებში ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რაში დაიხარჯა თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი 830 მილიარდი დოლარი. 20 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ავღანეთის ჯარის გაწვრთნაში, შეიარაღებასა და რეკონსტრუქციაში უდიდესი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი ჩადო. ამ ფონზე, თალიბი მეამბოხეები ამერიკული ჯავშანტექნიკით, ავტომანქანებით და საბრძოლო შაშხანებით იღებენ ავღანეთის ქალაქებს.

თალიბანის დაწინაურებასთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩნდება ეჭვი, რომ ისლამისტები ქვეყანაში შარიათს კანონს დააბრუნებენ. ამის ნიშნები უკვე იკვეთება იმ რეგიონებში, რომლებიც თალიბანმა დაიკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG