ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანს ქაბულის აღება 3 თვეში შეუძლია - აშშ-ის დაზვერვა


თალიბი მებრძოლები

თალიბ მებრძოლებს ავღანეთის დედაქალაქის იზოლაციაში მოქცევა ერთი თვის მანძილზე შეუძლიათ. ქაბულზე კონტროლის მოპოვება კი არ არის გამორიცხული, სულ 3 თვეში მოხდეს. აღნიშნული ინფორმაცია, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით, "როიტერს" ამერიკის თავდაცვის ოფიციალურმა პირმა მიაწყოდა, შეერთებული შტატების დაზვერვის ცნობებზე დაყრდნობით.

თალიბანი ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ისინი ახლა 11 რეგიონულ დედაქალაქში არიან, აქედან 8 კი ბოლო 6 დღეში დაიპყრეს. ისლამისტები ახლა ქვეყნის 65%-ს აკონტროლებენ.

სამშაბათს ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ჯარების საბოლოო გაყვანასთან დაკავშირებით. პროცესი მისი წინამორბედის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს დაიწყო. ბაიდენის თქმით, ამერიკამ ავღანეთში 20 წლის მანძილზე ტრილიონზე მეტი დოლარი დახარჯა. ახლა კი "ავღანეთის ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და იბრძოლონ საკუთარი თავის და საკუთარი ქვეყნისთვის.“

ქვეყნიდან შეერთებული შტატების და ნატოს მოკავშირეთა სამხედრო ძალების გასვლის პარალელურად, დღეს ავღანეთში თალიბებმა კიდევ ერთი პროვინციული დედაქალაქი, ფაიზაბადი დაიკავეს. ავღანეთის მთავრობის უსაფრთხოების ძალებმა ფაიზაბადისთვის მიმდინარე ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხება განიცადეს და მეზობელ პროვინციაში დაიხიეს უკან. ინფორმაცია "როიტერს" ქალაქის საბჭოს წევრმა მიაწოდა.

ფაიზაბადი ავღანეთის ჩრდილოეთში ყველაზე დიდი ქალაქია. ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ბადახშანის დედაქალაქს წარმოადგენს. ბადახშანი ქაბულისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროვინციაა, ის ტაჯიკეთს, პაკისტანს და ჩინეთს ესაზღვრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG