ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის გამარჯვების შემთხვევაში ავღანეთი მსოფლიოსგან გარიყული იქნება - ზალმაი ხალილზადი


ზალმეი ხალიზადი, აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში

ზალმაი ხალილზადის თქმით, რომელიც შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელია ავღანეთის გაერთიანების საკითხებში, ამერიკა ავღანეთში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო პოლიტიკური შეთანხმების ერთგული რჩება. მისი აზრით, სამხედრო ძალით მიღწეული გადაწყვეტილებით მოგებული ვერცერთი მხარე ვერ დარჩება.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ხალილზადმა აღნიშნა, რომ თალიბანის მხრიდან გაძლიერებული იერიშების მიუხედავად, შეერთებული შტატები მიჰყვება დასახულ გეგმას და ავღანეთიდან საკუთარი ძალები გამოჰყავს. მისი თქმით, თალიბანმა უკვე დაარღვია თებერვალში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, როცა რეგიონულ დედაქალაქებს შეუტია და რამდენიმე დაიპყრო კიდეც.

ამის მიუხედავად , საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, თალიბანი საერთაშორისო აღიარებას ვერ მიიღებს და ავღანეთი მთელი მსოფლიოსგან გარიყული იქნება - უთხრა ხალილზადმა ისლამაბადიდან "ზუმით" მოწყობილ ინტერვიუში ჟურნალისტ აიაზ გულს.

ხალილზადის თქმით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებითაც, გამოსავალი მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებაა. საქმე იმაშია, რომ "ჩვენი შეფასებით, მთავრობა ვერ შეძლებს თალიბანის თავიდან მოცილებას. ამავე დროს, თალიბანი ვერ დაიპყრობს ავღანეთს ისე, რომ მას ჰქონდეს ავღანეთის უმრავლესობის და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა" - ამბობს ის.

ამერიკის საგანგებო წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი თალიბი ასე არ ფიქრობდეს, თუმცა მოლაპარაკებების დროს მათ ეს არ უთქვამთ. "როცა ჩვენ გვესაუბრებიან, თალიბანი ამბობს, რომ პრობლემის საომარი გზით გადაჭრა გამორიცხულია". ამიტომ, ხალილზადის თქმით, პოლიტიკური რეზოლუცია ავღანეთში უალტერნატივო გამოსავალია.

"ახლა ბრძნული იქნებოდა, რომ ორივე მხარე, ავღანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, სერიოზული და სწრაფი წესით ჩართულიყო პოლიტიკურ მოლაპარაკებაში" - აღნიშნავს შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთის გაერთიანების საკითხებში.

ხალილზადის თქმით, ავღანეთს ყველანაირი წინაპირობა აქვს იმის, რომ თალიბანი აიძულოს, დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ქვეყნის უსაფრთხოების ძალები გაცილებით უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია, ვიდრე თალიბანის. მათ 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავთ, აქვთ მძიმე შეიარაღება, საჰაერო ძალები და ჰყავთ სპეცდანიშნულების რაზმები.

ამერიკის შეერთებული შტატები ავიაიერიშებით ახლაც უმაგრებს მათ ზურგს. "ასე რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პრობლემაა, მათი უნარის, მოტივაცია გაუჩინონ ავღანეთის ძალებს, რომ მათი ბრძოლა სამართლიანია. ამას გარდა, მათ უნდა ჰქონდეთ სწორი გეგმა, სწორი ტაქტიკა და შესრულების სწორი სტრატეგია." - ამბობს ხალილზადი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG