ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ვითარება რთულდება - გენერალი მილერი


ოსტინ სკოტ მილერი - გენერალი, ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო მისიის მეთაური

გენერალი ოსტინ სკოტ მილერი - ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო მისიის მეთაური - უსაფრთხოების მხრივ ავღანეთში შექმნილ სიტუაციას აფასებს. სამშაბათს მან ქაბულში ჟურნალისტთა მცირე ჯგუფს უთხრა, რომ ამერიკული ჯარების გაყვანასთან ერთად, უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში ვითარება თანდათან უარესდება.

თალიბების მიერ რაიონებზე კონტროლის სწრაფი ზრდა, რომელთა შორის ბევრს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, შემაშფოთებელია, ამბობს გენერალი მილერი. ის შიშობს, რომ დაჯგუფებებს, რომლებიც ავღანეთის ცენტრალური მთავრობის, ეროვნული უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად არიან დისლოცირებულები, შეუძლიათ ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაითრიონ.

ამ მომენტში მოკავშირეთა ძალებს აქვს საკმარისი შეიარაღება და უნარი, დაეხმაროს ქვეყნის ეროვნულ თავდაცვას და უსაფრთხოების ძალებს. თუმცა, გენერლის თქმით, მას არ სურს "სპეკულირება იმაზე, თუ რა ბედი ეწევა [დახმარებას] მომავალში".

გასულ კვირას, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალში ავღანეთისთვის ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარების გაწევის ერთგული დარჩება. ფსაკიმ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის და თალიბანთან სამშვიდობო მომლაპარაკებელს აბდულა აბდულას შეხვდა.

ვაშინგტონმა თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 2020 წლის თებერვალში მოაწერა, წინა ადმინისტრაციის პირობებში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დადებული შეთანხმების მიხედვით, ამერიკა ავღანეთიდან ჯარებს გაიყვანდა, თალიბები კი პირობას დებდნენ, რომ არ შეიფარებდნენ მებრძოლებს, რომლებსაც შეერთებულ შტატებზე იერიშის მიტანა შეეძლოთ. დღემდე, ამ შეთანხმების დეტალები საჯაროდ ცნობილი არ არის.

თალიბანი ვაშინგტონს პირობის გატეხვაში ადანაშაულებს. კერძოდ, დაჯგუფება ამბობს, რომ ჯარების გაყვანა 1 მაისს უნდა დასრულებულიყო. რეალურად კი დარჩენილი ძალების გაყვანა 1 მაისს დაიწყო. ვაშინგტონი აცხადებს, რომ თალიბანმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა ჯერ ნათელი არაა, შეასრულა თუ არა მეორე მხარემ დანაპირები.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გენერალი მილერის თქმით ავღანეთში მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გამოსავლით მიიღწევა. მისი თქმით, ომით გადაღლილ ქვეყანაში ბრძოლები "არა ბოლო 20 წელი, არამედ რეალურად ბოლო 42 წელია გრძელდება".

ის ქვეყანაში საბჭოთა კავშირის სამხედრო კამპანიაზე საუბრობს, რომელიც 1989 წელს დასრულდა. დაშლის პირზე მყოფი საბჭოთა კავშირი ქვეყნიდან გავიდა, რის შემდეგაც 1992 წელს, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა, ჩამოიშალა. ამის შემდეგ, ავღანეთში კონფლიქტი დაუნდობელ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რასაც თალიბანის აღზევება მოჰყვა, რომელმაც ძალაუფლება ხელში 1996 წელს ჩაიგდო.

ვაშინგტონში, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამერიკული ძალების გაყვანა ქვეყნიდან 4 ივლისს დასრულდება. თუმცა, გენერალი მილერი ზუსტ თარიღზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ ჯარების გაყვანის საბოლოო ვადა 11 სექტემბერია. ეს ვადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აპრილში დააწესა, როცა გამოაცხადა, რომ ავღანეთს იქ დარჩენილი 3 500-მდე ამერიკელი ჯარისკაციც დატოვებს.

ამის შემდეგ თალიბები შეტევაზე გადავიდნენ და ბევრი სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონი და პუნქტი დაიპყრეს, რომელთა დიდი ნაწილი ჩრდილოეთში, ტაჯიკეთთან საზღვრისკენ მიმავალ მთავარ გზებთან მდებარეობს. სტატეგიულად მნიშვნელოვანი გზების კონტროლი კი, გენერალ მილერის თქმით, თალიბებს პროვინციების დედაქალაქთა დაკავების შანსს აძლევს. გენერლის აზრით, ქაბულის უსაფრთხოების ძალების ამ რეგიონებში დამარცხების რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორისაა გადაღლა, ფსიქოლოგიური და სამხედრო მარცხი.

ძალადობის თანდათან მზარდი ესკალაცია ქვეყანას სამოქალაქო ომის რისკის წინაშე აყენებს, ამბობს ავღანეთში შეერთებული შტატების მისიის მეთაური. მილერის დასძენს, რომ “თუ არ შემცირდა ძალადობა, ვითარების პოლიტიკური გზით მოგვარება სულ უფრო და უფრო რთული გახდება".

გენერალმა მილერმა პრესბრიფინგზე აღნიშნა, რომ მისი პირადი საქმიანობა, როგორც ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო მისიის მეთაურის, დასასრულს უახლოვდება. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დატოვებს ის პოსტს, ან უკვე გადიან თუ არა ქვეყნიდან ნატოს მოკავშირეები.

"ამბის დარჩენილ ნაწილს მომავალი იტყვის", თქვა ამერიკელმა გენერალმა. "ჩვენი ვალია, მომდევნო წლებში გავაკეთოთ გულწრფელი შეფასებები, თუ რა გაკეთდა სწორად და რამ არ იმუშავა" - აღნიშნავს ოსტინ სკოტ მილერი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG