ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო მისიას ამთავრებს


ავღანეთში შეერთებული შტატების უმაღლესი სამხედრო მეთაური ამბობს, რომ კავღანეთიდან ამერიკული ჯარის სრულად გამოყვანის პროცესი უკვე დაიწყო.

გენერალმა სკოტ მილერმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიღებული ბრძანებების თანახმად, მისი ჯარისკაცები უკან დასახევად ემზადებიან.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ჯარის გამოყვანა 1 მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დამთავრდება. ამ დღეს,ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პენტაგონზე ტერორისტული თავდასხმებიდან და ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დაწყებიდან 20 წელი სრულდება.

გენერალი მილერი შეერთებული შტატების ჯარსაც სარდლობს და ქვეყანაში ნატოს არასაბრძოლო სამხედრო “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” მეთაურიცაა.

ნატოელმა მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ ამ ნაბიჯს შეუერთდებიან და ვაშინგტონის თალიბანთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოკავშირეების, დაახლოებით, 7 ათას სამხედრო მოსამსახურესაც გამოიყვანენ.

“ავღანეთიდან გეგმაზომიერად გამოვალთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზებს და აღჭურვილობას, თანდათან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადავაბარებთ”, თქვა გენერალმა.

მეამბოხეებმა, რომლებმაც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ უცხოურ ჯარებზე თავდასხმები შეაჩერეს, ჯარების გაყვანის დაყოვნება დაგმეს, როგორც შეთანხმებული ვადების დარღვევა. ისინი დაიმუქრნენ, რომ ავღანეთიდან გასვლის პროცესში ამერიკული ჯარის წინააღმდეგ მტრულ მოქმედებას განაახლებენ.

მილერმა თქვა, რომ მისი ძალები სრულ სამხედრო აღჭურვილობას და შესაძლებლობებს ინარჩუნებენ იმისთვის, რომ მიმდინარე გამოსვლის დროს თავი დაიცვან და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს მხარს დაუჭერენ. მან უარყო ბრალდებები, რომ შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება დაარღვია. მან თალიბანი გააფრთხილა და თქვა, რომ უცხოურ ძალებზე თავდასხმას ძლიერი პასუხი მოჰყვება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG