ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის "სამუდამო ომის" დასასრული


მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, თალიბანმა კი ქაბულია დაიკავა, მთელი მსოფლიოს ყურადღება ქაბულის აეროპორტიკსენ იყო მიყრობილი. ეს ერთადერთი ადგილი იყო თალიბების აღებულ ქალაქში, სადაც ჯერ კიდევ აკონტროლებდა ტერიტორიას ამერიკული ჯარი და რომელიც ავღანელებისთვის ბოლო გასაქცევ ადგილად რჩებოდა.

ათობით ათასი ადამიანის განწირულმა მცდელობამ დაეტოვებინათ ქაბული ბევრს მოაგონა 1975 წელი, ვიეტნამი და ქალაქ საიგონის დაცემა. მაშინაც, უამრავი ადამიანი ცდილობდა ჩაბღაუჭებოდა ბოლო იმედს და თვითმფრინავში, როგორმე თავისი ადგილი დაეკავებინა. ქაბულის აერპორტში ამ მცდელობას, მინიმუმ, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც თვითმფრინავის ბორტზე ადგილი ვერ დაიკავეს და ამერიკულ თვითმფრინავს გარედან მოეჭიდნენ, ხომალდის აფრენის შემდეგ კი ჩამოცვიდნენ და დაიღუპნენ.

თალიბანს ერთ კვირაზე ნაკლები დასჭირდა იმისთვის, რომ ქაბულამდე მისულიყო და ავღანეთის დედაქალაქი აეღო. მანამდე მათ ერთმანეთის მიყოლებით დაიკავეს ქალაქები და პროვინციები. ავღანური ჯარი დაიშალა. მათ ფაქტობრივად, უბრძოლველად ჩააბარეს თალიბანს ქვეყნის სათავეები. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა გაურკვეველი მიმართულებით დატოვა, როგორც თავად თქვა „სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“. 20 წლის შემდეგ, ქაბული, კვლავ თალიბანის ხელშია.

თალიბანის ქალაქში შესვლამდე, ამერიკელმა დიპლომატებმა დაწვეს და გაანადგურეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ტექნიკა საელჩოში. საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია ვერტმფრენით გახდა შესაძლებელი, რომელიც საელჩოს შენობის თავზე დაეშვა და ისტორიის კარგად მცოდნეებს, კიდევ ერთხელ გაახსენა ვიეტნამი.

გასული კვირის განმავლობაში, როდესაც თალიბანი ქაბულს უახლოვდებოდა, მოსახლეობაში კი პანიკა იზრდებოდა, ამერიკას არ უსაუბრია გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ამერიკის მოქალაქეებს ქაბულიდან გამოიყვანდა. საერთოდ არაფერი უთქვამთ იმ ათიათასობით ავღანელზე, რომლებიც ამერიკელების მხარდამხარ მუშაობდნენ და მათ წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ. ახლა ისინი საფრთხის ქვეშ არიან და შიშობენ, რომ თალიბანი მათ ყველაზე სასტიკი გზით გაუსწორდება.

ორშაბათ საღამოს, თეთრი სახლიდან პრეზიდენტმა ბაიდენმა სპეციალური მიმართვა გააკეთა. მან ავღანეთის კრიზისზე ისაუბრა და თქვა, რომ ავღანეთში ამერიკის მიზანი ტერორიზმის აღმოფხვრა იყო და არა სახელმწიფოს აშენება. სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან მიმდინარე სამოქალაქო ომში.

თუმცა, მან ასევე დაადასტურა, რომ 6,000 ამერიკელი ჯარისკაცი ქაბულში, ამერიკელებისა და მათთან ერთად წლების განმავლობაში მომუშავე ავღანელების ევაკუაციისთვის დაბრუნდება.

ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება სწორი იყო. ამერიკის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ყველა რისკი წინასწარ იყო გათვლილი, თუმცა მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა ვიდრე ის ამას ელოდებოდა. ჯო ბაიდენი განმარტავს, რომ თუ ეს გადაწყვეტილება დღეს არ იქნებოდა მიღებული, უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპებოდა და ავღანეთის დატოვება „დროული არასდროს იქნებოდა".

ამერიკამ 20-წლიან ომში 2 ტრილიონი დოლარი დახარჯა. 2001 წლის შემდეგ, კი ქვეყანამ 2,448 ადამიანი დაკარგა ავღანეთის ომში. ამერიკელი მკვლევრები ბრაუნის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ საომარ ზონებში, პაკისტანსა და ავღანეთში, დაახლოებით 241,000 ადამიანი დაიღუპა. მათგან 71,000 მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების უმეტესობა ემხრობოდა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, გამოეყვანა ჯარები ავღანეთიდან. 3-იდან ერთზე მეტი ამერიკელი ამბობდა, რომ სჯეროდათ, ეს იყო ომი, სადაც გამარჯვება შეუძლებელია.

მაიკლ ოჰანლონი, ბრუკინგისს ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ამერიკელებს დიდი ხანია ეს ომი აღარ ადარდებთ. „2001 წლის შემდეგ, დაახლოებით მას შემდეგ, რაც თალიბანი ჩამოაშორეს ხელისუფლებას, ეს ომი უკვე აღარ ადარდებდა ბევრ ადამიანს. და ერთადერთხელ, როდესაც ამაზე აქტიურად საუბრობდნენ, ალბათ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. მაშინაც არ გამხდარა ეს დიდი უთანხმოების მიზეზი“,- ამბობს ექსპერტი.

ოთხი ამერიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი, ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი, ცდილობდა ავღანეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისთვის მიეცა ყველა საშუალება იმისთვის, რომ მშვიდობა შეენარჩუნებინათ.

მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა ბუშმა 2009 წელს, თანამდებობა დატოვა და ქვეყნის მართვა დემოკრატმა ობამამ გადაიბარა, ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ავღანეთში 100,000 ჯარისკაცს შეადგენდა. მოგვიანებით, ობამამ ჯარისკაცების რაოდენობის ერთი მეათედი დატოვა ავღანეთში.

ტრამპმა კი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე და „სამუდამოდ ომის“ დასრულებაზე დაიწყო საუბარი. თუმცა, ამ გეგმაზე უარი მან იმ შიშის გამო თქვა, რომ ქვეყანა კვლავ ტერორისტებისთვის უსაფრთხო ადგილი გახდებოდა და სიტუაცია კვლავ იმ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, რაც 11 სექტემბრის ტერაქტამდე იყო.

ამის შემდეგ, ტრამპმა 2020 წლის გაზაფხულზე თალიბანთან მოლაპარაკება დაიწყო და ე.წ დოჰას ხელშკრულება შედგა. ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკულ ჯარებს ავღანეთი უნდა დაეტოვებინათ, ხოლო თალიბანს არ მიეცა თავშესაფარი ტერორისტებისთვის ავღანეთის ტერიტორიაზე.

პროცესი ბაიდენის ადმინისტრაციამ დაასრულა. 2021 წლის აპრილში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის ჯარები ტოვებენ ავღანეთს და 2021 წლის 11 სექტემბრამდე, იქ ამერიკელი სამხედროები აღარ იქნებიან.

13 აგვისტოს თალიბანს უკვე აღებული ჰქონდა ავღანეთის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქები. 15 აგვისტოს კი მათ ხელში იყო ქაბული, ბოლო უკონტროლო წერტილი ქვეყანაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG