ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხოვრება სახლიდან შორს - ლტოლვილობის ერთი წელი


მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო თითქმის ერთი წელი გავიდა. 11 თვეა მსოფლიო უყურებს როგორ ნადგურდება უკრაინული ქალაქები, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, ეკლესიები, მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები. უკრაინაში, დაბრუნებულ ტერიტორიაზე პოულობენ მასობრივ სამარხებს, ხშირია წამების და გაუპატიურების შემთხვევები. საერთაშორისო სასამართლოში შესულია ასობით საქმე, რომელიც ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო მილიონობით უკრაინელი ქალი და ბავშვი გარბის, ტოვებს სახლებს და ეძებს მშვიდობას. მონაცემები აჩვენებს, რომ თუ ზაფხულის განმავლობაში ლტოლვილტა რაოდენობამ იკლო, ხოლო შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში ლტოლვილთა ნაკადი მცირედით, მაგრამ გაიზარდა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ანალიტიკოსების შეფასები რუსეთის მიზანმიმართული იერიშებია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რის გამოც მილიონობით უკრაინელს წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დღეებისა და კვირების განმავლობაში უწევს ცხოვრება. კრემლი უარყოფს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.

გაეროს მონაცემებით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ევროპაში, 8 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი დარეგისტრირდა. კიდევ უფრო რთული ვითარებაა ქვეყნის შიგნით, სადაც სხვადასხვა მონაცემებით 6-დან 14 მილიონამდე ადამიანს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება.

მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპაში მყოფი 8 მილიონი უკრაინელიდან, 99% უკრაინის მოქალაქეა, მათი 85 პროცენტი ქალია და 46 პროცენტს კი ბაკალავრის ხარისხი აქვს. გაეროს მონაცემებით ყველაზე მეტი უკრაინელი ამ დრომდე რჩება პოლონეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთში, ბელარუსში, უნგრეთსა და ბულგარეთში.

უკრაინელი ლტოლვილები

„იძულებით გადაადგილებულ პირთა ორი ჯგუფია: ლტოლვილები და დევნილები. ოფიციალური ინფორმაციით ევროპაში 8 მილიონი უკრაინელი ლტოლვილია, ისინი ქვეყნის გარეთ თითქმის ერთი წელია იმყოფებიან. მათი მთავარი გამოწვევა სტაბილური საცხოვრებელია. ბევრი მათგანი სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობს. იყოფს საძინებელს, აბაზანებს და ა.შ. და რა თქმა უნდა ერთი წლის თავზე მათ სურთ და სჭირდებათ უფრო სტაბილური პირობები,“ - ამბობს „ასოშეითედ პრესთან“ საუბარში „ინდიანას უნივერსიტეტის“ ლტოლვილთა კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ელიზაბედ დანი.

მას მიაჩნია, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ არსებული პროგრამები და გაზარდონ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა, რომლებიც მათ ქვეყნებში იმყოფებიან.

როგორც ევროკავშირს, ასევე ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს უკვე შემუშავებული აქვს სპეციალური პროგრამები უკრაინელი დევნილებისთვის, რაც მათთვის საცხოვრებლით, საკვებითა და განათლებით უზრუნველყოფას მოიცავს. უკრაინელ ლტოლვილებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ შემფარებელ ქვეყნებს და მოითხოვონ დროებითი სამუშაო უფლებაც. თუმცა გამოწვევები კვლავ ბევრია, ამბობს პროფესორი დანი.

„უკრაინელი ლტოლვილებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა განათლებაა. უკრაინულენოვანი სკოლების, მათი პროგრამის პოვნა და საჭირო განათლების მიღება რთულია, ასევე რთულია სხვა ენაზე განათლების მიღება. ეს დიდი გამოწვევაა განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი დრო გადის,“- ამბობს პროფესორი „ასოშეითედ პრესთან“საუბრისას.

დევნილები

სააგენტო „ასოშეითედ პრესმა“ ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორს ჰკითხა უკრაინელი დევნილების შესახებაც, რომლებიც ქვეყნის შიგნით იმყოფებიან, რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება.

„უფრო დიდი გამოწვევის წინაშეა ის მილიონობით დევნილი, რომლებიც უკრაინაში რჩება. დევნილობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ის არის, რომ არა თუ საცხოვრებელი სახლები, მათი ქალაქებია განადგურებული. მათ ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს სურსათი, თავშესაფარი. მათ ელემენტარული პირობებიც კი არ აქვთ ძირითად შემთხვევაში. ამიტომ, უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს საერთაშორისო დაფინანსება იმ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში რჩებიან და აქვთ ბევრი გამოწვევა,“- ამბობს პროფესორი „ასოშეითედ პრესთან“.

უფრო დიდი გამოწვევა

„ინდიანას უნივერსიტეტის“ ლტოლვილთა ცენტრის დირექტორი ელიზაბედ დანი განმარტავს, რომ თუ ომის მასშტაბი გაფართოვდა და უკრაინის დასავლეთისკენ გადაინაცვლა, დევნილთა და ლტოლვილთა რაოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

„ყველაზე დიდი გამოწვევა თავისთავად ომი და მისი მიმდინარეობაა. თუ უკრაინა დამარცხდება ამ ბრძოლაში ეს მილიონობით ადამიანი, არასდროს დაბრუნება უკან. თუ ომი დასავლეთისკენ გადაინაცვლებს, უკრაინიდან ლტოლვილთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება,“- ამბობს პროფესორი დანი.

გამოსავალი

საუკეთესო გამოსავალი, ანალიტიკოსების შეფასებით, ომის უკრაინის სასარგებლოდ დასრულებაა. დასავლეთის წამყვანი ქვეყნები აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭრას ამ მიზნის მისაღწევად. მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, კი კიევის თქმით, მას დასავლეთისგან უფრო და უფრო მეტი შეიარაღება, მათ შორის საჰაერო თავდაცვითი იარაღი სჭირდება, სტრატეგიული ობიექტების და ასევე დასახლებული პუნქტების დასაცავად.

ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინამ მოკავშირეებისგან მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვითი იარაღი მიიღო, თუმცა კიევი ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის.

გაზაფხულზე, ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი ახალ ფართომასშტაბიან შეტევას გეგმავს. კიევი კი პარტნიორებისგან დამატებით შეიარაღებას ითხოვს, ფრონტის ხაზზე მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG