ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთი ვეტოს დაადებს რუსეთის ატომური სადგურის სანქცირების გეგმას


ბუდაპეშტი აცხადებს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე. განცხადება პარასკევს, 27 იანვარს სახელმწიფო რადიოსთან საუბარში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა.

უკრაინამ ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებში ჩართოს რუსული სახელმწიფო ბირთვული კომპანია „როსატომი“. მაგრამ, უნგრეთმა, სადაც რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური მდებარეობს და რომლის გაფართოებასაც ის გეგმავს, "როსატომთან" ერთად, ეს წინადადება დაბლოკა.

ორბანმა ინტერვიუში გაიმეორა, რომ ბირთვულ ენერგიაზე სანქციებს "აშკარად დაედება ვეტო“.

„ჩვენ არ დავუშვებთ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა, „ეს გამორიცხულია“.

ევროკავშირის წევრი უნგრეთი ხშირად აკრიტიკებს უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიმართ. ორბანი აცხადებს, რომ სანქციებმა ვერ შეძლო რუსეთის დასუსტება, როცა ეს რისკის ქვეშ აქცევს ევროკავშირის ეკონომიკას.

დასავლეთს "როსტომის" წინააღმდეგ აქამდე სანქციები არ დაუწესებია.

უნგრეთში მდებარე პაქსის ატომური ელექტროსადგური რუსეთის მიერ აშენებულ 4 რეაქტორს მოიცავს (VVER 440), რომელთა საერთო სიმძლავრე დაახლოებით 2000 მეგავატია. მუშაობა რეაქტორებმა 1982-1987 წლებში დაიწყო. სადგური უნგრეთის ენერგიის დაახლოებით ნახევარს გამოიმუშავებს და ქარხანა ატომურ საწვავს რუსეთიდან იღებს.

რუსეთთან 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უნგრეთი მიზნად ისახავს პაქსის ქარხნის გაზრდას. ბუდაპეშტი დამატებით 2 რუსული წარმოების VVER რეაქტორის აშენებას გეგმავს, რომელთა სიმძლავრეც 1.2 გეგავატი იქნება.

XS
SM
MD
LG