ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორბანი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაზე საუბრობს


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საკუთარ მმართველ პარტია „ფიდეზს“ უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ პროსამთავრობო გაზეთი „მაგიარ ნემეზეტი“ იტყობინება.

მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაქსმა „როიტერს“ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ პასუხში ორბანის კომენტარი დაუდასტურა.

უნგრული გამოცემის ინფორმაციით, ორბანმა, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების მწვავე კრიტიკოსია, ეს განცხადება თავისი პარტიის წევრებთან დახურულ შეხვედრაზე გააკეთა.

ორბანმა შეხვედრაზე თქვა, რომ ევროკავშირის სანქციებმა გაზის ფასების ზრდა და ინფლაცია გამოიწვია. მისი თქმით, თუ ეს ზომები გაუქმდება, გაზის ფასი 50%-ით შემცირდება და ინფლაცია დაეცემა. გაზეთს არ დაუსახელებია, თუ რა შეფასებას ეყრდნობოდა ორბანი ამ განცხადების გაკეთებისას. პარტიის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ორბანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ბრიუსელის სანქციებმა, ევროპა ენერგეტიკული კრიზისისკენ მიიყვანა“.

ორბანი ევროკავშირის ლიდერებს შორის ერთგვარი გამონაკლისია, რომელიც რუსეთს საჯაროდ უჭერს მხარს და ასევე საჯაროდ საუბრობს რუსეთისთვის სანქციების გაუქმებაზე.

XS
SM
MD
LG