ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა ძლიერდება, კიევს მეტი იარაღი სურს


უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ხაზების გარღვევის მცდელობები გააძლიერა და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რაც მეტი დასავლური იარაღის საჭიროებას უსვამს ხაზს.

რუსული რაკეტების და დრონების თავდასხმიდან მეორე დღეს, რომლის დროსაც სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა და როგორც ჩანდა, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ტანკების გადაცემის დაპირების საპასუხოდ მოხდა, უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

რუსეთმა შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, რომ „უკრაინას იარაღით ავსებს“ და უკმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით. მოსკოვი აცხადებს, რომ მას უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გასაღები აქვს და ის არ გამოიყენა. უკრაინაზე კი კრემლი ამბობს, რომ ის ვაშინგტონის ბრძანებებს ასრულებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხუთშაბათს, სატელევიზიო მიმართვის დროს თქვა: „ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია, შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ შესაბამისი იარაღით. ტერორისტი სახელმწიფო სხვა ვერაფერს გაიგებს“.

პარალელურად ირკვევა, რომ პოლონეთი უკრაინას 14 გერმანული "ლეოპარდის" ტანკების გარდა, საკუთარი წარმოების მოდერნიზებულ ტანკებსაც მიაწვდის. საუბარია 60 ტანკზე, რომელთაგან 30 პოლონეთის შეიარაღების ძირითადი საბრძოლო მანქანაა, სახელად PT-91.

განცხადება კანადის ტელეკომპანიასთან "სი-ტი-ვი" ინტერვიუში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ტადეუშ მორავეცკიმ გააკეთა. მანამდე კი ტანკებზე ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა გაავრცელა. სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" მან დაწერა, რომ საუბარია ვარშავის მხრიდან 60 ერთეულ PT-91-ის გადაცემაზე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ფრონტის ხაზები მეტწილად გაყინული იყო და რუსეთი აღმოსავლეთში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამაგრებას ცდილობდა.

მოსალოდნელია რომ გაზაფხულზე ორივე მხარე შეტევას დაიწყებს, თუმცა შეერთებულმა შტატებმა უკრაინას საჯაროდ ურჩია ეს არ გააკეთოს, სანამ უახლესი იარაღი ადგილზე არ იქნება და წვრთნა არ დასრულდება, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

ბრიტანული დაზვერვის ბოლო მონაცემებით, რუსულმა ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა საცდელ შეტევებს (ბრძოლით დაზვერვას) მიმართეს.

რუსეთმა თავისი რიტორიკა უკრაინის „დენაციფიკაციიდან“ და „დემილიტარიზაციიდან“, აგრესიულ და ექსპანსიონისტურ ნატოს ალიანსთან დაპირისპირების თემაზე გადართო.

XS
SM
MD
LG