ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„აფხაზთა პარლამენტში“ ერთი ქართველი იქნება


ოკუპირებულ აფხაზეთის ისტორიაში რიგით მეხუთე "საპარლამენტო არჩევნები" ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობით აღინიშნა. 35 "საარჩევნო უბნიდან" 21 უბანში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. სულ აფხაზთა "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მიერ ხმის უფლების მქონე 149 622 "ამომრჩეველი" იყო რეგისტრირებული.

აფხაზთა "პარლამენტის" - სახალხო კრების 35 ადგილისთვის 148 კანდიდატი იბრძოდა, აქედან 34 პოლიტიკურმა პარტიებმა წამოაყენეს, 114 კი მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფებმა. არჩევნებში მონაწილეობას 2007 წლის მოწვევის სახალხო კრების 22 დეპუტატიც იღებს.

მოსახლეობის დაბალი აქტიურობის გამო არჩევნები ჩაიშალა სოხუმის პირველ საარჩევნო ოლქში, აქ ამომრჩეველთა 25 პროცენტზე ნაკლები მოვიდა. ამ ოლქში ხელახალი არჩევნები ერთ თვეში ჩატარდება. აფხაზთა ცსკ-ოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას განცხადებით, 10 მარტის არჩევნებში ამომრჩეველთა 44 პროცენტზე ცოტა მეტმა მიიღო მონაწილეობა.

„წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 44,5 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. 13 საარჩევნო ოლქში არჩეულია დეპუტატები. ორი კვირის შემდეგ, ჩვენ ფაქტიურად ხელახალი არჩევნები გვიწევს 21 საარჩევნო ოლქში. ეს ფაქტიურად 70 პროცენტია.

ჩვენ ველოდით ასეთ სიტუაციას, იქედან გამომდინარე, რომ დეპუტატობის მსურველი კანდიდატების რიცხვი და შესაბამისად კონკურენციაც ძალიან მაღალი იყო.“

ოკუპირებულ ანკლავში "არჩევნებში" სულ ოთხი პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. სახელისუფლებო - „ერთიანი აფხაზეთი“, კომუნისტური პარტია, ეკონომიკური განვითარების პარტია და ოპოზიციური „სახალხო ერთობის ფორუმი“.

დღეისათვის ზუსტად არის ცნობილი, რომ ახალ "პარლამენტში" მოხვდა ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯინბა, რომელსაც ბოლო ოცი წლის მანძილზე "უშიშროების", "თავდაცვის მინისტრის", "პრემიერ-მინისტრისა" და "ვიცე-პრეზიდენტის" თანამდებობები ეკავა.ხაჯინბამ მშობლიურ ტყვარჩელში გაიმარჯვა.

ოჩამჩირის რაიონში პირველივე ტურში ვერ მოიგო "პარლამენტის თავმჯდომარე" ნუგზარ აშუბამ, მისი კონკურენტი ქირურგი დაურ გურგულია იყო.

დანამდვილებით არის ცნობილი, რომ აფხაზთა პარლამენტში ერთი ეთნიკური ქართველი იქნება. 35-ე საარჩევნო უბანში ქვემო ბარღების მკვიდრი ქართველი ნატო ბუთბაია, ასევე ეთნიკურად ქართველს ბეჟან უბირიას დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი, წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო.

აფხაზთა სახალხო კრების წევრობისთვის სულ 125 აფხაზი, 9 სომეხი, რვა რუსი, ორ-ორი ქართველი და ბერძენი, თითო ოსი და ყაბარდოელი ეროვნების კანდიდატები იბრძვიან.

ოფიციალურმა თბილისმა აფხაზური "არჩევნები" დაგმო. პარლამენტის ვიცე სპიკერმა პაატა დავითაიამ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა. აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ კი აღნიშნა, რომ ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში ამომრჩეველთა აქტიურობა ძალიან დაბალი იყო

პაატა დავითაია: „ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ აფხაზეთი აღიარებულია ოკუპირებული ტერიტორიად, საქართველოს ტერიტორიად.

ამიტომ ნებისმიერი ქმედება რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არის არალეგიტიმური. მოვუწოდებ ყველა ჩვენს პატრნიორს კიდევ ერთხელ დაგმონ ის არჩევნები, რაც ჩატარდა აფხაზეთში. მოვუწოდებ ადგილობრივ მოსახლეობას, მოვიდეს გონს, რადგან მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი არის საქართველოსთან თანამშრომლობა.“

თორნიკე კილანავა: „გალის რაიონში მოსახლეობის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო. ექცესები არ ყოფილა. აფხაზთა ადგილობრივი ადმინისტრაცია ცდილობდა, რამენაირად გამოეყვანა და გაეაქტიურებინა მოსახლეობა.“

საქართველოს ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში დამკვირვებლებად შვიდი ქვეყნიდან (რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, იტალია, საფრანგეთი, ლატვია, ტუვალუ) ჩავიდნენ.

ყველაზე სოლიდურად წარმოდგენილი რუსეთი იყო, არჩევნებს რუსეთის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი აკვირდებოდა. არჩევნების დროს, აფხაზეთში იმყოფებოდა ტუვალუს პრემიერ-მინისტრი ვილი ტელავი. სოხუმში რუსეთის გავლით ჩავიდა ევროპარლამენტის წევრი, უნგრელი ბელა კოვაჩიც.

უნგრელი ნაციონალისტების ლიდერი კოვაჩი იმით არის ცნობილი, რომ უკრაინაში მცხოვრები აღმოსავლეთსლავური ეთნიკური ჯგუფისთვის - რუსინებისთვის უნგრეთის პასპორტების დარიგების ინიციატივით გამოდის. ოკუპირებულ აფხაზეთში "საპარლამენტი არჩევნების" მეორე ტური 25 მარტს გაიმართება.

XS
SM
MD
LG