ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუვალუ და საქართველო ისევ დაძმობილდნენ


ტუვალუს საგარეო მინისტრი ტაუკელინა ფინიკასო თბილისში

ფუნაფუტიმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა

ბოლო ათი თვის მანძილზე, ოკეანეთის უკვე მეორე ქვეყანამ გააუქმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. ვანუატუს ამჯერად ტუვალუმ მიბაძა, ოფიციალურმა ფუნაფუტიმ ორშაბათს, დიპლომატიური ურთიერთობა ისევ საქართველოსთან დაამყარა.

თბილისში ამ მისიით სპეციალურად, ტაუკელინა ფინიკასო ჩამოვიდა, იგი ერთდროულად, ტუვალუს საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის, შრომისა და ვაჭრობის მინისტრია. მას საქართველოში მაღალ დონეზე, ქართველმა კოლეგა მაია ფანჯიკიძემ უმასაპინძლა.

„ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის - სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.

არსებული წესისამებრ, სახელმწიფოებს შორის გამოფორმებული ოქმის რეგისტრაცია მოხდება გაეროს სამდივნოში. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს ტუვალუს ახალი მთავრობის მკაფიო განზრახვას უარი თქვას 2011 წლის გადაწყვეტილებაზე.“

საქართველო და ტუვალუ მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე პირველად, 2010 წლის სექტემბერში გადაიკვეთნენ. ოკეანეთში რუსული დიპლომატიის გააქტიურების შემდეგ, თბილისმა ფუნაფუტის მაშინ 12 000 დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, 2011 წლის თებერვალში კი ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობაც დაამყარეს.

თუმცა, სულ მალე გამოჩნდა, რომ ტუვალუ უბრალოდ ვაჭრობდა. 2011 წლის სექტემბერში, ფუნაფუტიმ უკვე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ერთი თვის შემდეგ კი არქიპელაგმა დიპლომატიური ურთიერთობა „აღიარების სცენარის“ ავტორთან რუსეთის ფედერაციასთან დაამყარა. საპასუხოდ, თბილისმა ფუნაფუტისთან დიპურთიერთობა გაწყვიტა.

2011-2012 წლებში ტუვალუს მაშინდელმა პრემიერმა ვილი ტელავიმ სოხუმსა და ცხინვალში ორჯერ იმოგზაურა. აფხაზეთში სტუმარს შორეული ოკეანეთიდან პირველი აფხაზი მხატვრის ალექსანდრე შერვაშიძის (ჩაჩბას) წიგნიც კი აჩუქეს.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, 2012 წლის დეკემბერში, როცა მოულოდნელად ტუვალუს ფინანსთა მინისტრი, ყოფილი ფეხბურთელი ლოტოალა მეტია გარდაიცვალა, იგი პარალელურად პარლამენტარიც იყო.

საჭირო გახდა შუალედური არჩევნების დანიშვნა, რომელიც 2013 წლის ივლისის ბოლოს ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოიგო, 1 აგვისტოს კი უკვე ხმათა უმრავლესობის მქონე ოპოზიციამ პრემიერი ვილი ტელავი და მისი მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა.

ტუვალუს რიგით მე-12 პრემიერი ენელე სოპოაგა გახდა, მისი ახალი კაბინეტის წევრმა ტაუკელინა ფინიკასომ თბილისში გამოსვლისას კერძოდ აღნიშნა

„ჩვენ ხელახლა დავამყარეთ დიპურთიერთობები ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერით. ტუვალუს მთავრობა სრულიად აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს მოიცავს.

ჩვენ ასევე მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რაც საშუალებას მოგვცემს ტუვალუსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა დამყარდეს.“


ტუვალუს და ვანუატუს გადაწყვეტილების შემდეგ, მსოფლიოში ოთხი ქვეყანა დარჩა, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევენ. ესენია: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. თბილისში იმედოვნებენ, რომ მეზობელი ქვეყნების ახალ პოლიტიკას კუნძული ნაურუც მიბაძავს.

ტუვალუ ოკეანეთის რეგიონში - პოლინეზიაში, ცხრა მარჯნის კუნძულზეა განლაგებული. ხმელეთის საერთო ფართობი სულ 26 კვადრატული კილომეტრია. არქიპელაგზე 11 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან 5000 კაცი დედაქალაქ ფუნაფუტიში. ტუვალუმ დამოუკიდებლობა 1978 წელს მოიპოვა.
XS
SM
MD
LG