ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგო ჩავესი სოხუმსა და ცხინვალში დაიტირეს


უგო ჩავესის მემკვიდრე ნიკოლას მადურო და აფხაზთა "ელჩი" ზაურ გვაჯავა კარაკასში

დიქტატორ უგო ჩავესის გარდაცვალების გამო, საქართველოდან ვენესუელაში სამძიმრის წერილი, ბუნებრივია არავის გაუგზავნია. „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, რომ ეს ქართველ კომუნისტებსაც კი არ გაუკეთებიათ. გასაკვირი აქ არაფერია.

საქართველოს და ვენესუელას დიპლომატიური ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. 2009 წლის შემდეგ, კი, რაც ჩავესმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, კარაკასსა და თბილისს შორის ურთიერთობა, ხაზგასმულად მტრული გახდა.

7 მარტს, ვენესუელელი დიქტატორის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში, ხმების უმრავლესობით გავიდა რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტებზე, სადაც საერთოდ აკრძალულია იმ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობა, რომლებმაც სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარეს.

180 გრადუსით განსხვავებული ვითარება იყო სეპარატისტულ ანკლავებში. სოხუმსა და ცხინვალში ჩავესის დაღუპვის გამო, სამგლოვიარო მიტინგები გაიმართა.

კარაკასში 10-მდე სამგლოვიარო დეპეშა გაიგზავნა, აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის „პრეზიდენტებით“ დაწყებული და აფხაზთა დომინის ფედერაციით დასრულებული.

ჩრდილოეთ ოსეთის ალპინისტებმა კი სპეციალურად დალაშქრეს ერთ-ერთი უსახელო მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონზე, რომ მისთვის ჩავესის სახელი ეწოდებინათ. რუსეთში სამხრეთ ოსეთის ე.წ „ელჩმა“ დიმიტრი მედოევმა კერძოდ აღნიშნა

„უგო ჩავესის გარდაცვალება - ეს დიდი ტრაგედიაა, როგორც ვენესუელელი ხალხის, ისე მთელი ლათინური ამერიკისთვის. და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის - სამხრეთ ოსეთისთვის.

რუსეთის ფედერაციის შემდეგ, ვენესუელა მესამე ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა სცნო. მე მქონდა ბედნიერება, ორჯერ პირადად შევხვედროდი უგო ჩავესს, კარაკასსა და მოსკოვში.

მისი გარდაცვალების მიუხედავად, ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას, არა მხოლოდ ვენესუელასთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. ჩვენ გვჯერა რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ჩვენ გვინდა და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ.“


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, შედარებით უკეთესი კავშირები ვენესუელაში სეპარატისტულ აფხაზეთს აქვს. რუსეთის შემდეგ, ვენესუელა პირველი ქვეყანაა, სადაც „აფხაზთა საელჩო“ ოფიციალურად მოქმედებს.

აქ „ელჩად“ გუდაუთელი ზაურ გვაჯავა მოღვაწეობს. ყოფილი მოკრივე, რომელიც 1983-84 წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კრივის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ კი სამი წელი საქართველოს სსრ-ის სპორტკომიტეტის თავჯდომარედ იმუშავა. გვაჯავა ასევე წვრთნიდა კუბისა და ვენესუელას კრივის ნაკრებებს.

ის 1998 წლიდან ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში ცხოვრობს. 2010 წლის დეკემბრიდან ვენესუელაში აფხაზთა „ელჩია“. საელჩოში მის თანაშემწედ მეუღლე მარინა გვაჯავა და რუსეთის კიდევ ოთხი მოქალაქე მუშაობს. შარშან აპრილში, სოხუმის მთავრობამ, გვაჯავას ნიკარაგუაში აფხაზეთის „ელჩის“ თანამდებობაც უბოძა.

თავიდან სოხუმი, კარაკასში უგო ჩავესის გამოსათხოვარ ცერემონიალში მონაწილეობის მისარებად, სპეციალური დელეგაციის გაგზავნასაც კი გეგმავდა. თუმცა, საბოლოოდ, დარძალვაზე მხოლოდ „ელჩი“ გვაჯავა გამოჩნდა. მან ვენესუელას საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამძიმრის წიგნში სპეციალური ჩანაწერი გააკეთა.

რუსეთის მხარდაჭით, ასევე ვენესუელის და ნიკარაგუას დახმარებით, სოხუმი ლათინურ ამერიკაში აქტიურობას ისევ განაგრძოს, რათა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი გაგრძელდეს.

ამ მიმართულებით შეიძლება გააქტიურდეს კუბა, რომელსაც მოსკოვმა ახლახანს 30 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი ჩამოაწერა. ზაურ გვაჯავა ამბობს:

„ჩვენ არაერთხელ „დავიწვით“ ამ თემაზე საუბრის დროს. შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაკლები ვილაპარაკოთ და აფიშირება გავუკეთოთ ამ თემას. თუმცა, ჩვენი ქვეყნის აღიარებისთვის მოლაპარაკება გრძელდება.“

შეიცვლება თუ არა, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, ვენესუელას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები?! მათ შორის, აფხაზეთისა და "სამხეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით?!

ამ შეკითხვას პასუხი 14 აპრილს გაეცემა, როცა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს, უგო ჩავესის მემკვიდრე, ნიკოლას მადურო და ოპოზიციის კანდიდატი, მირანდას შტატის გუბერნატორი ენრიკე კაპრილესი დაუპირისპირდებიან.

50 წლის მადუროს გამარჯვების შემთხვევაში, ვენესუელაში, უკვე ლეგენდად ქცეული კომენდანტეს საქმე და დიადი სოციალიზმის მშენებლობა გაგრძელდება. მადურო შვიდი წლის მანძილზე იყო ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოლოს კი ვიცე-პრეზიდენტი და დიდი მხარადჭერით სარგებლობს, კარაკასის სტრატეგიულ პარტნიორებში, მათ შორის, მოსკოვსა და პეკინში.

XS
SM
MD
LG