ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველო არასოდეს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას“


სიკვდილის გზა, Mike Goldwater-ის ფოტო

ჯორჯ ჰიუიტის ინტერვიუს თბილისში გამოეხმაურნენ

ჟენევის მოლაპარაკების მეთორმეტე რაუნდის ფონზე, კავკასიოლოგ ჯორჯ ჰიუიტის ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუს, თბილისში ცალსახად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ჰიუიტმა, "აფხაზთა საპატიო კონსულმა" ბრიტანეთში, რომელიც, უკვე წლებია აფხაზეთის რეგიონის საქართველოსგან გამოყოფას უჭერს მხარს, განაცხადა, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, მხოლოდ "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება" დაუსვამს წერტილს. ჰიუიტმა ასევე ივარაუდა, რომ აფხაზური მხარე მალე დატოვებს ჟენევის მოლაპარაკებებს თუ მისი ინტერები კვლავ იქნება იგნორირებული.

„თუ ჟენევის მოლაპარაკების თანათავჯდომარეები აფხაზებს არ უსმენენ და მათ საჩივრებს მხედველობაში არ ღებულობენ, აფხაზები მაგიდასთან რატომ უნდა ისხდნენ, თითქოს, ყველაფერი რასაც იწუნებენ მოიწონეს. თანათავმჯდომარეებს ევალებათ, ნამდვილი პირუთვნელობა გამოიჩინონ.

მათ მხრიდან, საქართველოს უკუღმართი პოლიტიკის მხარდაჭერამ, მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა. მაინც, რამდენადაც გავიგე, ბოლო საათებში, ერთი აფხაზური დელეგაცია ჟენევის მორიგ შეხვედრაში მონაწილეობს. ოღონდ, უფრო დაბალი რანგის დელეგაციაა გაგზავნილი და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები.“

ინგლისელი პროფესორის გზავნილს სოხუმიდან პირველი, ქართველი აკადემიკოსი ლევან ალექსიძე გამოეხმაურა. ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხებში ალექსიძე, აფხაზეთის ომის შემდეგ, ქართველთა ეთნოწმენდის შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობდა. ლევან ალექსიძე, რომელიც პირადად იცნობს ჯორჯ ჰიუიტს, ამბობს

„უნდა გითხრათ, რომ ჰიუიტს კარგად ვიცნობ, ეს არის ნამდვილი დამქაში. მას ცოლი ჰყავს აფხაზი და ის, წლების მანძილზე ქომაგობს აფხაზებს. მე მახსოვს, როდესაც რუსმა მეცნიერმა სვეტლანა ჩერვონნაიამ დაწერა თავისი ცნობილი წიგნი („აფხაზეთი 1992 წელი. პოსტკომუნისტური ვანდეა”), სადაც ამხილა აფხაზი სეპარატისტები და შემდეგ ეს წიგნი ჩვენ ვთარგმენთ ინგლისურ ენაზე. პრეზენტაცია იყო ლონდონში, წიგნის მაღაზიაში, მეც ჩავედი და ჰიუიტი იქ მოვიდა და გარეთ დადგა.

სვეტლანა ჩერვონნაიას წიგნი - "აფხაზეთი პოსტკომუნისტური ვანდეა"
სვეტლანა ჩერვონნაიას წიგნი - "აფხაზეთი პოსტკომუნისტური ვანდეა"

მე გამოვედი და დავუდე პირდაპირ ეს წიგნი მაგიდაზე და ვკითხე - აი, რა გააკეთეს აფხაზებმა.

ყველა ელოდა, რომ რაიმე კითხვას დამისვამდა, ჰიუტი კი გაიქცა.

ეს არის ადამიანი, რომელსაც პრინციპები არ გააჩნია და არც მორალი. იმიტომ, რომ თუ ხარ სერიოზული მეცნიერი, შენ ვერასდროს ვერ დაუჭერ მხარს, იმ ჯგუფს, რომელმაც ათასობით ქართველი სასტიკად მოკლა და დანარჩენები გააგდო აფხაზეთიდან. ჩვენ არ ვცნობდით, არ ვცნობთ და არასოდეს არ ვაღიარებთ ამ რეგიონის დამოუკიდებლობას. მე ამ მოლაპრაკებებში, დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ჩაბმული, მათი დამოუკიდებლობის აღიარება ნიშნავს აფხაზეთის დაკარგვას“

თბილისის მხრიდან სოხუმის აღიარებას გამორიცხავს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილიც. კონფლიქტოლოგის აზრით, სანამ ქართველებსა და აფხაზებს შორის დგას რუსეთი, კომპრომისის პოვნა შეუძლებელი იქნება

„მე, მაგალითად, წარმომიდგენია სიტუაცია, როდესაც ქართველები და აფხაზები, სპეციალურად არ ვამბობ, საქართველო და აფხაზეთი, არ მინდა ცალ-ცალკე განვიხილო, ერთმანეთთან მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ, ან შეერთებაზე, ან კონფედერაციაზე, ან ცალ-ცალკე არსებობაზე. ეს იქნებოდა სხვა სიტუაცია.

მაგრამ, ასე, როგორც მოხდა, 2008 წლის აგვისტოში, რა, თქმა უნდა. მე ვერ ვხედავ იმის საშუალებას, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამას სჭირდება ის, რომ რუსეთის ფაქტორი მოცილდეს ამ სიტუაციას. რუსეთის ფაქტორი თუ მოცილდება, შემდეგ შეიძლება, ქართველებსა და აფხაზებს შორის თანაცხოვრების სხვა და სხვა ვარიანტები იყოს განხილული.“

ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, ანალიტიკოსი კახა კაციტაძე დარწმუნებულია, რომ ყველაზე დიდი, რაზეც ქართველები შეიძლება შორეულ მომავალში წავიდნენ, ეს არის ორი სახელმწიფოს - საქართველოს და აფხაზეთის გაერთიანება და არავითარ შემთხვევაში, აფხაზეთის ცალმხრივი დამოუკიდებლობის აღიარება

„მე ვიცი საქართველოში განწყობა და განწყობა არის ისეთი, რომ მე რამდენადაც მესმის, არიან ძალები, რომლებიც, ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაერთიანებაზე მესამე სახელმწიფოდ წავლენ;

რაც გინდათ დაარქვით ამას, უნია, კონფედერაცია და ასე შემდეგ. მაგრამ ისე, რომ აფხაზეთი ცალმხრივად იყოს დამოუკიდებელი და მეტი არაფერი არ მოჰყვეს ამ დამოუკიდებლობის აღიარებას და აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობები, იყოს მაგალითად საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მსგავსი, ასეთ ნაბიჯზე მე ვერ ვხედავ საქართველოში ვინმე რომ წავიდეს.“

ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "დამოუიკიდებლობა" რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში სამხედრო აგრესიის შემდეგ აღიარა. მოგვიანებით, ეს ანკლავები რუსეთის ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

დანარჩენი მსოფლიო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად თვლის. საქართველო ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს, ისევე, როგორც თბილისის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები

სიკვდილის გზა, ჭუბერის უღელტეხილი by Mike Goldwater
სიკვდილის გზა, ჭუბერის უღელტეხილი by Mike Goldwater

XS
SM
MD
LG