ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ჰიუიტი: „საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს“


ჯორჯ ჰიუიტი, ავტორის ფოტო

"აფხაზთა საპატიო კონსული" დიდ ბრიტანეთში ჯორჯ ჰიუიტი დარწმუნებულია, რომ ქართველთა და აფხაზთა გაჭიანურებულ კონფლიქტს მხოლოდ "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დაესმება" წერტილი.

ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას, ქართულ ენაზე ჯორჯ ჰიუტმა ოკუპირებული სოხუმიდან მისცა, სადაც შვებულებას ატარებს. ეს არის პირველი ინტერვიუ, აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც აფხაზური პოლიტიკური ელიტის მაღალი რანგის წარმომადგენელს ქართველმა ჟურნალისტმა ჩამოართვა. რუსეთს მიერ "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების" შემდეგ, შექმნილ ვითარებას, ჯორჯ ჰიუიტი ასე აფასებს

მოგეხსენებათ, მე სოხუმში ვიყავი 2008 წლის აგვისტოში და საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი, რაც ხდებოდა. თავს ბედნიერად ვთლი, რომ შესაძლებლობა მომეცა, მონაწილეობა მიმეღო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისადმი მიძღვნილ 26 აგვისტოს ლხინში.

საერთო, აქ ხალხი მოხარულია, რომ აფხაზეთის უშიშროებას აღარაფერი ემუქრება. არც კოდორის ხეობიდან და არც სამეგრელოდან. რა დასამალია, რომ ბევრი პრობლემა დარჩა, მაგრამ მთავარი ის, არის რომ ეგ მუქარა მაინც აღარ არსებობს.

ალბათ, საინტერესო იქნება თქვენთვის, ბოლო დღეებში რაც მოხდა დენ ჰააგში. ეს ახალი გადაწყვეტილება კოსოვის დამოუკიდებლობის შესახებ სასარგებლო იქნება აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთისთვის“.

საქართველოს ახალ სტრატეგიას ოკუპირებულ მიწებთან დაკავშირებით, ჰიუიტი ჯერ კიდევ თებერვალში, გავლენიან ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" ცნობილი კრიტიკული წერილით გამოეხმაური. ჰიუიტი დღესაც მიიჩნევს, რომ თბილისის ამ სტრატეგიას პერსპექტივა არ აქვს.

„თუ მართლა ასე ფიქრობენ სააკაშვილი, იაკობაშვილი და იაკობაშვილის სასაცილო სამინიტრო, იტყუებენ თავს. ჰილარი კლინტონმა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა დასავლეთელმა მეგობრებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაარქვან რაც მოესურვებათ. ამას მნიშვნელობა სულ არ აქვს აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში მცხოვრებთათვის. რადგან, სულერთია მათთვის, რა ხდება საზღვრის გაღმა“.

ქართველი დევნილების დაბრუნებისა და მათი ქონების საკითხს, აფხაზები ახლა უკვე "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების" საკითხს უკავშირებენ. ჯორჯ ჰიუიტი კერძოდ ამბობს

„სანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ იქნება საქართველოს მიერ აღიარებული დევნილები ვერ დაბრუნდებიან. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, თუ როგორ წარიმართებოდა ეგ პროცესი ღმერთმა იცის. მაგრამ, მხოლოდ, მაშინ გახდებოდა უფრო შესაძლო, უფრო ბევრი ლტოლვილის დაბრუნება.

ოღონდ, აფხაზები აღარასოდეს გახდებიან უმცირესობა თავიანთ მშობლიურ მიწა-წყალზე. მართალი, რომ გითხრათ, სულ არ არის აფხაზებისთვის საინტერესო ლტოლვილების დაბრუნება ამ მომენტში“.

ამერიკის ხმის ერთ-ერთი კითხვა, გალში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეხებოდა, რომელსაც ერთი აფხაზისა და რამდენიმე ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ ჯორჯ ჰიუიტს კერძოდ ვკითხეთ:

ბოლო მოვლენები გალის რაიონში, როცა მოკლეს ერთ-ერთი სოფლის აფხაზი გამგებელი და შემდეგ ამის საპასუხოდ, სახლები გადაუწვეს, რამდენიმე ქართულ ოჯახს და მოკლეს რამდენიმე ქართველი, როგორ ფიქრობთ, ასე იქნება "დამოუკიდებელ" აფხაზეთში დაცული ქართული მოსახლეობის უფლებები?

„იმედი ვიქონიოთ, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია, შემიძლია ვთქვა, რომ ა, ბოლო 17 წლის განმავლობაში, ყველაფერი კარგად მიდის გალში მცხოვრები მეგრელების მიმართ. და ეს ფაქტი ძალიან დასანანია. მაგრამ, როცა ტერაქტი არის ჩადენილი, ეს ხომ კავკასიაა და სავალალო ბუნებრივ შურისძიებს გამოიწვევს ხოლმე.“

რუსეთის გავლენის ზრდას აფხაზეთში ინგლისელი ჰიუიტიც ადასტურებს, თუმცა იგი, არ თვლის, რომ ეს აფხაზური ინტერესების ხარჯზე ხდება და აფხაზების სერიოზულ კონფლიქტს რუსეთთან გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა იზრდება რუსული გავლენა, ეს ბუნებრივი შედეგია იზოლაციის იმ შეუსაბამო პოლიტიკის, რომელიც საქართველოს მეთაურებმა წლების წინ მოიგონეს და რომელსაც, დასავლეთი ჰყვება, რათა საქართველოს არ აწყენინოს.

მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ თითქოს ეს გავლენა იზრდება აფხაზების ინტერესების საზიანოდ. პირველად მესმის საუბარი აფხაზების რუსეთთან კონფლიქტის გაჩაღების ვარაუდზე, ასეთი რამ სრულიად გამორიცხულია.“

როგორი შეიძლება იყოს, თბილისისა და სოხუმის დამოკიდებულება ახლო ან შორეულ მომავალში, ჰიუიტი ამბობს, რომ სიძულვილი აფხაზებში ქართველებისადმი ჯერ კიდევ დიდია

„სიძულვილი ქართველების მიმართ, ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. ასე, რომ მხოლოდ შორეულ მომავალზე შეიძლება საუბარი. ქართველები რომ გონს მოვლენ, აფხაზეთის დაბრუნების ფანტაზიას რომ მიატოვებენ, აფხაზეთის დამოუკიდებლობას რომ აღიარებენ და როგორც, წესიერი მეზობლები, მეგობრულ ურთიერთობებს რომ აღადგენენ, მაშინ, რატომ არ შეიძლება ამ ხალხებმა, ხელმეორედ ერთმანეთის გვერდზე მშვიდობაში იცხოვრონ?!

როგორც რუსები და გერმანელები ანდა ფრანგები და გერმანელები ცხოვრობენ, მიუხედავად, მეორე მხოფლიო ომი დროს გაღვივებული სიძულვილისა. რატომ უნდა ვილაპარაკოთ ახალ ომზე?!

მაგრამ, თუ დასავლეთი ბრიყვულად მოიქცევა და საქართველოს კიდევ შეიარაღებს, ვისღა ეთქმის თუ მომავალი რანაირი იქნება. განსაკუთრებით, თუ საქართველოს მმართველობის სადავეები დარჩება სააკაშვილის ნაირი ბელადის ხელში.“

ახალგაზრდა ინგლისელი ჯორჯ ჰიუიტი 1975 წელს ჩამოვიდა თბილისში და ქართული ენის შესწავლა დაიწყო. თბილისში გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ეროვნებით აფხაზი ქალბატონი, ზაირა ხიბა.

საქართველოს ჰიუიტი მეორე სამშობლოს უწოდებდა, თუმცა მისი კონტაქტები ქართველებთან 1989 წლის 21 ივლისს შეწყდა, როცა გაზეთ „ლიტერატულ საქართველოში“ გამოქვეყნებული მისი წერილი „უცხოელის დაკვირვებანი აფხაზებისა და ქართველების დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებაზე“ ქართულმა საზოგადოებამ ცალსახად აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერად ჩათვალა.

კავკასიის ენების დარგში ერთადერთი პროფესორი ინგლისში, მას შემდეგ, "აფხაზეთის დამოუკიდებლობის" ერთ-ერთი აქტიური მომხრეა.

XS
SM
MD
LG