ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა საფრთხეს უქადის „ენის ევროპული ქარტია“ საქართველოს?


საქართველოში ხელახლა წამოიწია მოთხოვნამ - მეგრულ, სვანურ, ლაზურ და სომხურ ენებს რეგიონალური ენების სტატუსი მიენიჭოთ. უმცირესობათა ენების განსაზღვრას და მათზე ზრუნვას, „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტია“ ითხოვს.

ამ ქარტიის რატიფიცირების ვალდებულება საქართველომ ავტომატურად აიღო, როცა 1999 წელს ევროსაბჭოს წევრი გახდა. თუმცა ქართული პოლიტიკური ელიტა, დღემდე „ენის ქარტიას“ დიდი სიფრთხილით ეკიდება.

ოფიციალური თბილისის კონსერვატიულ პოლიტიკას ამ სფეროში, ევროსაბჭოს გარდა, ჯავახეთსა და სამეგრელოშიც აკრიტიკებენ. ზუგდიდში არსებულმა განათლების ცენტრმა“ კოლხიდამ“, რამდენჯერმე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ რეგიონალური ენების სტატუსი მეგრულს, სვანურს და ლაზურ ენებს მიენიჭოთ.

„ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია იდეოლოგია, რომ მეგრული, სვანური, ლაზური არის ქართული ენის დიალექტი და არა დამოუკიდებელი ენები. ეს კეთდება იმიტომ, რომ იგივე მეგრულ ენაზე, არ გავრცელდეს ევროპული ქარტიის ნორმები. ანუ სახელმწიფოს არ სურს აიღოს ვალდებულება უზრუნველყოს ამ ენებზე წიგნების გამოცემა, მაუწყებლობა, განათლება და ა.შ, ვინაიდან, ამ ენებს დიალექტებად მიიჩნევენ.
იური ღვინჯილია, განათლების ცენტრი "კოლხიდა"

როგორც „კოლხიდას“ ხელმძღვანელმა იური ღვინჯილიამ გვითხრა, განთლების ცენტრმა უკვე მიიქცია, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ქართული სპეცსამსახურების ყურადღებაც.

„ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია იდეოლოგია, რომ მეგრული, სვანური, ლაზური არის ქართული ენის დიალექტი და არა დამოუკიდებელი ენები.

ეს კეთდება იმიტომ, რომ იგივე მეგრულ ენაზე, არ გავრცელდეს ევროპული ქარტიის ნორმები. ანუ სახელმწიფოს არ სურს აიღოს ვალდებულება უზრუნველყოს ამ ენებზე წიგნების გამოცემა, მაუწყებლობა, განათლება და ა.შ, ვინაიდან, ამ ენებს დიალექტებად მიიჩნევენ.

სინამდვილეში, რეგიონალური ენები არის ძირითადად, სამი -მეგრული, სვანური და ლაზურ-ჭანური. სამწუხაროდ, ჩვენი ცენტრის საქმიანობა იდევნება საქართველოში სპეცსამსახურების მიერ.“

„ენის ევროპული ქარტია“ სახელმწიფოსგან ითხოვს, ძირითადი მოსახლეობისგან განსხვავებული, ავტოქთონი, აბორიგენი, ეთნიკური და ენობრივ-კულტურული საზოგადოებებისთვის, უმცირესობის სტატუსის მინიჭებას.

ამ სტატუსის მიხედვით კი უმცირესობები საკუთარ ენაზე საქმის წარმოების, განათლების მიღებისა და მას-მედიის საშუალებების შექმნის უფლებას იღებენ.

მეგრული, სვანური და ლაზური ენებისთვის რეგიონალური ენების სტატუსის მინიჭების იდეა პოპულარულია ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნის შემდეგ, აფხაზ სეპარატისტებს, რუსეთის ფედერაციის დიდი მხარდაჭრით, რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, ოკუპირებულ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაში მეგრული ენა ოფიციალური ენად დაენერგა.

1930-იან წლებში ზუგდიდში მეგრულ ენაზე გამომავალი გაზეთი
1930-იან წლებში ზუგდიდში მეგრულ ენაზე გამომავალი გაზეთი

გალში იყო მეგრულენოვანი ტელევიზიის შექმნის წარუმატებელი მცდელობაც. ამ ინიციატივების იდეოლოგი, ცნობილი ბრიტანელი ენათმეცნიერი ჯორჯ ჰიუიტია, აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე ჰიუიტმა კერძოდ გვითხრა:

„მეგრულ ენას უნდა მიენიჭოს სალიტერატურო ენის სტატუსი. გინდ სამეგრელოში, გინდ აფხაზეთში. არასოდეს მე არ მიმაჩნდა, მეგრელები, სვანები და ლაზები ქართველებად. უკეთესი იქნება მეგრებისთვის, ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც, თუ ბოლოს და ბოლოს, მეგრელები თვითონ მიხვდებიან და ღიად აღიარებენ თავიანთ მეგრელობას.
ჯორჯ ჰიუიტი

„მეგრულ ენას უნდა მიენიჭოს სალიტერატურო ენის სტატუსი. გინდ სამეგრელოში, გინდ აფხაზეთში. არასოდეს მე არ მიმაჩნდა, მეგრელები, სვანები და ლაზები ქართველებად.

უკეთესი იქნება მეგრებისთვის, ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც, თუ ბოლოს და ბოლოს, მეგრელები თვითონ მიხვდებიან და ღიად აღიარებენ თავიანთ მეგრელობას.

შემდეგ, წყნარად იცხოვრებენ, როგორც ძველებურად, აფხაზების ქართველებისგან გამთიშველ ხალხად, ფედერაციულ რესპუბლიკად გადაქცეულ საქართველოში, თავიანთი ენითა და კულტურით მოამაყენი და დიდებულ ქართულ კულტურაშიაც მოაზიარენი.“

ჯავახეთში, სომხური ენისთვის რეგიონალური ენის მინიჭების საკითხი, კვლავ დადგა დღის წესრიგში, მას შემდეგ, რაც, ბოლო წლებში, საქართველოს განათლების სამინისტრომ, ჯავახეთში არსებულ სომხურ სკოლებზე, სომხეთის განათლების სამინიტროს გავლენა მნიშვნელოვნად შეასუსტა.

ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურობს პოლიტიკური დაჯგუფება „ჯავახკის“ მოსკოვური ფრთა. ეს ჯგუფი როგორც რუსეთის, ისე სომხეთის სპეცსამსახურების მიერ იმართება და სომხური დიასპორის დიდი მხარდაჭით სარგებლობს.

ახლახანს, "ჯავახკის" ლობისტებმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან მოუწოდეს "საერთაშორისო თანამეგობრობას ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე". „ჯავახკის“ ერთ-ერთ მოსკოველი ლობისტი, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ალექსანდრე ბროდი ამბობს

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს, ქვეყანაში არსებული ეთნიკურ-კულტურული ენების მრავალფეროვნება განავითაროს.

ეს გამოწვეულია ხელისუფლების პოლიტიკური ბანკროტობით, უუნარობით, და იმ მიზეზით, რომ მათ სურვილი არ აქვთ მისცენ ეთნიკურ უმცირესობებს თვითრეალიზაციის საშუალებები.“

ევროსაბჭოს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც „რეგიონალური და უმცირესობების ენების შესახებ“ ევროპული ქარტიის რატიფიცირება მოახდინა პოლონეთია.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს, ქვეყანაში არსებული ეთნიკურ-კულტურული ენების მრავალფეროვნება განავითაროს

2009 წელს, პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე - აღიარა ერთი რეგიონალური სტატუსის მქონე, ათი - ეროვნული უმცირესობის, ოთხი - ეთნიკური უმცირესობის და ოთხიც - ტერიტორიის არმქონე ენა.

ერთ-ერთი რეკომენდაცია, ამ სფეროში, რომელიც საქართველოს ხელისფლებისთვისაა განკუთვნილი სწორედ პოლონელ ენათმეცნიერ თომაშ ვიხერკევიჩს ეკუთვნის.

ვიხერკევიჩი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს - საქართველოში რეგიონალური ენების სტატუსი მიენიჭოს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს;

ტერიტორიის არმქონე ენებად ჩაითვალოს: რუსული, ბერძნული, ქურთული, უკრაინული, ქისტური, ასირიული და ავარიული ენები, უმწერლო ენებად კი მეგრულ-ლაზური და სვანური ენა გამოცხადდეს.

წიგნი სვანური ენაზე
წიგნი სვანური ენაზე

პოლონელი ენათმეცნიერის თომაშ ვიხერკევიჩის ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში:

„ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან უმცირესობათა ენები და იგივე სვანური, მეგრული ენები, რომლებიც, არსებობს, და ეს, ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, ქართულ სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული ვალდებულება, რომ ამ კონკრეტულ ენებზე (მეგრულზე, სვანურზე, ლაზურზე), არსებობდეს, ვთქვათ, სატელევიზიო გადაცემები, ან ბეჭდური გამოცემები არ აქვს.

უნდა განვასხვავოთ, სტატუსით, რა არის უმცირესობა და უმრავლესი მოსახლეობა. იგივე მეგრელები ან სვანები, ისეთივე ნაწილია საქართველოს მოსახლეობის, როგორიც ყველა ჩვენ. არ ითვლება, რომ ეს არის უმცირესობა
გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი

ჩვენ უნდა განვასხვავოთ, სტატუსით, რა არის უმცირესობა და რა არის უმრავლესი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, იგივე მეგრელები ან სვანები, ისეთივე ნაწილია საქართველოს მოსახლეობის, როგორიც ყველა ჩვენ. და არ ითვლება, რომ ეს არის უმცირესობა.“

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ჯერჯერობით, ისევ, არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რომელ ენებს შეიძლება მიენიჭოს რეგიონალური ან უმცირესობის ენების სტატუსი.

კვლავ პრობლემურია ავტოქთონი და ეთნიკური ჯგუფების ენების გამიჯვნის საკითხი, რაც, რა თქმა უნდა, გამოწვეულია შიშით, რომ „ენის ქარტია“ ქვეყნის შიგნით დეზინტეგრაციულ პროცესებს კიდევ უფრო წაახალისებს.

ევროპაში საქართველო, ამ საკითხში მარტო არ არის. ევროპის საბჭოს 47 წევრიდან, საქართველოს გარდა, კიდევ 12 სახელმწიფოს არ მოუხდენია ენების ქარტიის რატიფიცირება, რვა ქვეყანამ კი, მათ შორის, რუსეთმა, ეს პროცედურები დაიწყო, მაგრამ შემდეგ, გაურკვეველი ვადით გადადო.


XS
SM
MD
LG