ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსიფიკაციის ახალი ტალღა ოკუპირებულ გალში


სურათზე: საოკუპაციო რეჟიმმა გალში ქართული სახელმძღვანელოების ამოღება დაიწყო

ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პრორუსული პოლიტიკური ძალებისა და მედიის ღია მხარდაჭერის პარალელურად, აგრძელებს ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის - რუსიფიკაციის- მიზანმიმართულპოლიტიკას.

რუსული საოკუპაციო და აფხაზური სეპარატისტული რეჟიმების გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 სექტემბრიდან, გალის რაიონის თერთმეტ საშუალო სკოლაში, რომლებიც დღემდე განათლებას ქართულ ენაზე იძლეოდნენ, სწავლება რუსულ ენაზე დაიწყება. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ვიზირებული სახელმძღვანელოები კი ამოღებული და განადგურებული იქნება.

ივნისიდან მოყოლებული ე.წ „აფხაზეთის განათლების სამინისტრო“ ეთნიკურად ქართველ პედაგოგებს აიძულებს, გალში, სამურზაყანოს ქუჩაზე მდებარე „ჰუმანიტარულ კოლეჯში“ იარონ და დაჩქარებული წესით რუსული ენა შეისწავლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებლები სამსახურს დაკარგავენ.

გალის კოლეჯში ქართველი პედაგოგების „გადამზადების“ პროცესს ვინმე გუნდა კვარჩია ხელმძღვანელობს, იგი აფხაზთა „განათლების მინისტრის“ ადღურ კაკობას პატრონაჟით მოქმედებს. სპეციალობით ფოლკლორისტი კაკობა, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარიდან არის, „მინისტრად“, რაულ ხაჯიმბას გაპრეზიდენტების შემდეგ დაინიშნა.

ერთ-ერთი პირველი სამუშაო ვიზიტით, კაკობა სწორედ გალის რაიონს ეწვია და სოფელ ნაბაკევის ქართულ სკოლაში, მოსწავლეებს რუსულ ენაზე ეკითხებოდა, თუ,„როდის დაიწყო ქართულ-აფხაზური ომი? და, ვისი გამარჯებით დასრულდა ის?!“

ნანა შონიამ, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ 1 სექტემბრიდან, გალის ქვედა ზონის 11-ვე ქართულ სკოლაში, „დედა ენის“ ნაცვლად, პირველკლასელები სწავლას „Русская речь“-ით დაიწყებენ

„მათ მიერ უკვე შემოღებულია ახალი სახელმძღვანელო ნაციონალური სკოლებისათვის, რომელსაც ეწოდება - Русская речь, ფაქტი ერთია, ნამდვილად, გალის რაიონის ქვედა ზონის 11-ვე ქართული სკოლა, ახალ სასწავლო წელს , მეცადინეობას რუსულ ენაზე დაიწყებს.

რაც შეეხებათ პედაგოგებს, ქვედა ზონის ქართველი მასწავლებლები აიძულეს რომ დაეწყოთ მეცადინეობა გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში და ესწავლათ რუსული ენა. კვირაში სამჯერ, დადიან სხვადასხვა სოფლიდან გალში, სწავლობენ რუსულს, რომ სწავლება 1 სექტემბერს პირდაპირ რუსული Азбук-ით დაიწყონ.“

ომამდე გალის რაიონზე 58 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო. უმრავლესობაში, სწავლება რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ომის დროს სკოლების ნაწილი დაიწვა,მოგვიანებით, მხოლოდ 31 სკოლის ამუშავება მოხერხდა. თუმცა, თითოეული სკოლა მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, რუსიფიკაციის მიზანმიმართული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.

თავდაპირველად, საოკუპაციო და სეპარატისტულმა რეჟიმმა გალის რაიონის რამდენიმე სოფელი, სამართავად, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ადმინისტრაციებს გადასცეს და შესაბამისად, იქ არსებულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სასტიკად აიკრძალა. ასე მოხდა, ოქუმში, ჩხორთოლში, აჩიგვარაში და სხვა სოფლებში, სადაც უმრავლესობა ქართული მოსახლეობა იყო.

2008 წელს, გალის რაიონი ზედა და ქვედა ზონებად დაყვეს. ზედა ზონის ყველა, ცხრავე სკოლა, რუსულ ენაზე გადავიდა. ქართული ენა და ლიტერატურა არასავალდებულო, რიგითი საგნის სტატუსით დარჩა, რომელსაც კვირაში, მხოლოდ 1 საათი ეთმობა. იგივე მოხდა ქალაქ გალის სკოლებშიც.

2014-15 სასწავლო წელს კი საოკუპაციო რეჟიმი გალის ქვედა ზონასაც მიადგა: დაწყებით კლასებში, ქართული ენა-ლიტერატურის სწავლება,კვირაში, ოთხ საათამდე შემცირდა. ქართულისთვის წართმეული საათები კი რუსულ ენას დაემატა.

საინტერესოა, რომ წინა სასწავლო წელს, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში, 4500 მდე მოსწავლიდან, უმრავლესობა, 95 პროცენზე მეტი ეთნიკური ქართველი იყო, მხოლოდ 70-მდე აფხაზი, 25-მდე რუსი, ათამდე სომეხი და სხვა ეროვნება.

ამის მიუხედავად, 1 სექტემბერს გალის ქვედა ზონის სკოლების 1500-მდე ეთნიკურ ქართველ მოწაფეს, მათ შორის პირველკლასელებსაც, ეთნიკურად ქართველი პედაგოგები უკვე რუსულად მიესალმებიან. ნანა შონია ამბობს, ამ დისკრიმინაციული პოლიტიკით გალის რაიონი ქართველებისგან ან დაიცლება ან მოსახლეობის დიდი ნაწილი გარუსდება

„შედეგი იქნება ძალიან უარყოფითი, გალში არ არის გარემო რომ ბავშვმა რუსულად იმეტყველოს და რუსულად იაზროვნოს. რასაკვირველია, არამშობლიურ ენაზე, ძალდატანებით, განათლების მიღება, თან გაუმართავი ლიტერატურით და სახელმძღვანელოებით, ბუნებრივია, ძალზედუარყოფით შედეგს გამოიღებს.

აქედან გამომდინარე, ნამდვილად არის იმის საშიშროება, რომ ქართულ ენაზე განათლების მიღების მსურველმა ოჯახებმა ნელ-ნელა დატოვონ რაიონი და ენგურსგადმოღმა გადმოვიდნენ. თუმცა, უფრო მეტი საშიშროებაა იმისა, რომ იქ დარჩენილი მოსახლეობა გახდეს მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის მსხვერპლი და მთლიანად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდეს.“

ოკუპირებული გალის რაიონის მასშტაბით, (აფხაზეთის ერთადერთი რაიონი, რომელიც ეთნოწმენდას გადაურჩა - ზ.წ) ქართული ენისა და ლიტერატურის გამოდევნის მორიგი ტალღის ფონზე, რუსულ-აფხაზური საოკუპაციო რეჟიმი, გალში ერთ-ერთი ქართველური ენის -მეგრულის გაძლიერებაზეც მუშაობს.

2003 წელს, როსტოვში 500-იანი ტირაჟით უკვე დაიბეჭდა მეგრული დედა ენა-„ჩქიმ ნინა“, რომლის ავტორიც ვინმე ნარგიზა ბასარია, ტრანსპორტის ელექტროფიკაციის სპეციალისტია.

დღეს, რუსულ-აფხაზურ წრეებში პოპულურულია იდეა, რომ მეგრულ ენაზე სახელმძღვანელოები და წიგნები არა ქართული, არამედ რუსული ანბანის გამოყენებით გამოიცეს.გალში უკვე 20 წელია სამ, რუსულ, აფხაზურ და მეგრულ ენებზე, გამოდის გაზეთი „გალი“.

ბოლო დროს, ასევე აქტიურად განიხილება, გალის საკაბელო ტელევიზიის ბაზაზე, პირველი მეგრულენოვანი ტელევიზიის გახსნის იდეა, რომლის გადაცემების მიღებაც დასავლეთ საქართველოშიც შეეძლებათ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG