ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზი სეპარატისტი: „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ილორის ტაძარი მოილოცეს


ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ოკუპირებულ აფხაზეთში

სეპარატისტული აფხაზეთის "ლიდერის" ასლან ბჟანიას "თანაშემწემ", დავით საკანიამ დაადასტურა, რომ პრორუსული პარტიის - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობა უცნობია, 18 აგვისტოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნამდვილად იმყოფებოდნენ.

სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, ეს იყო „სუფთა ჰუმანიტარული ვიზიტი“, რომელიც "რუსი მეგობრების თხოვნით განხორციელდა" და „პოლიტიკაზე საუბარი საერთოდ“ არ ყოფილა. საკანია კერძოდ ამბობს:

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები

„აგვისტოს დასაწყისში მე მომმართეს, ჩემმა ძველმა მეგობრებმა რუსეთიდან თხოვნით, დავხმარებოდი, ილორის ტაძრისთვის საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის გადაცემაში. ასეთი თხოვნით მათთვის დავით თარხან-მოურავს მიუმართავს. შესაბამისად, ჩემმა რუსმა მეგობრებმა მთხოვეს ორგანიზება გამეკეთებინა მათი ჩამოსვლისა და ხატის შეწირვისთვის, რაც გავაკეთე კიდეც. ამით ეს მისია დასრულდა.

აგვისტოს დასაწყისში მომმართეს, ჩემმა ძველმა მეგობრებმა რუსეთიდან თხოვნით დავხმარებოდი, ილორის ტაძრისთვის საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის გადაცემაში. ასეთი თხოვნით მათთვის დავით თარხან-მოურავს მიუმართავს. შესაბამისად, ჩემმა რუსმა მეგობრებმა მთხოვეს, ორგანიზება გამეკეთებინა მათი ჩამოსვლისა და ხატის შეწირვისთვის, რაც გავაკეთე კიდეც. ეს იყო სუფთა ჰუმანიტარული აქცია, პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ადამიანებმა ილოცეს და ამით მათი ვიზიტი დასრულდა
დავით საკანია, სეპატარისტული რეჟიმის წარმომადგენელი

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ალექსანდრე აგრბას, რომელსაც ვთხოვე წამოსულიყო ჩემთან ერთად, არავითარი მოლაპარაკება არ გაგვიმართავს. ეს იყო სუფთა ჰუმანიტარული აქცია, პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ადამიანებმა ილოცეს და ამით მათი ვიზიტი დასრულდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორც „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ მონაწილის შვილი, ყოველთვის ვიცავ და დავიცავ, ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. თუ საჭიროა, მზად ვარ წავიდე ანიხაზე (აფხაზთა წმინდა სალოცავი) და დავიფიცო, რომ არავითარი პოლიტიკური მოლაპარაკება არ მქონია.

მე გაცნობიერებულად, არ ჩავაყენე ამ ვიზიტის თაობაზე საქმის კურსში „გალის რაიონის უფროსი“ და ჩვენი "საგარეო მინისტრი", რომ ამ ღონისძიებას რაიმე ოფიციალური სტატუსი არ ჰქონოდა“ - განაცხადა ბჟანიას "თანაშემწე" საკანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზუგდიდის მხრიდან, საიდუმლოდ, 18 აგვისტოს გადავიდნენ და იქ, დაახლოებით, 4 საათი დაჰყვეს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად, ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა დაადასტურეს. სასწრაფოს თანამშრომლები ინაშვილს და კიდევ ერთ პირს, რომელიც ვერ იცნეს, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის შემდეგ, ენგურის ხიდზე დახვდნენ და განმუხურის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს, თუმცა, ეს ზონა ორივე პოლიტიკოსმა მალევე დატოვა.

„პატრიოტთა ალიანსში“ ამ დრომდე არ კეთდება კომენტარი, სინამდვილეში რა მიზნით გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამდენი ადამიანი და ვისი დახმარებით. ამ თემაზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროში საუბრობენ, სწორედ ეს უწყება აკონტროლებს ენგურის ხიდზე მიმოსვლას.

თბილისისგან განსხვავებით, "პატრიოტთა" "საიდუმლო სულიერი მისიის" გამჟღავნებას ოკუპირებულ სოხუმში დიდი სკანდალი მოჰყვა. ანკლავის "მმართველ ელიტას" "ოპოზიცია", მათ შორის, ქართველებთან ომში მონაწილე "ვეტერანების გაერთიანება" - „არუაა“ ახსნა განმარტებას და ბჟანიას თანაშემწის გათავისუფლებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო მიტინგებით იმუქრება.

ილორი რუსულ ვანდალურ "რესტავრაციამდე" და შემდეგ
ილორი რუსულ ვანდალურ "რესტავრაციამდე" და შემდეგ

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც აფხაზი სეპარატისტის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მოილოცეს, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და ოკუპირებული ოჩამჩირის სოფელ ილორში მდებარეობს.

რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, ეს უნიკალური ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მიტაცებული და მისივე ხელდასმული „აფხაზი სასულიერო პირების“ მეშვეობით მართავს. რუსეთის ეკლესიის კურთხევით და დაფინანსებით, 2010 წლის შემოდგომაზე ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შედევრი თეთრად გადაღებეს და თავზე რუსული „ხახვი“ - გუმბათი დაადგეს.

ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად, შიდა კი ნაწილობრივ თეთრად შეღებეს, აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესეს. ქართული წარწერით ტაძრის ტერიტორიაზე ბოლო დრომდე მხოლოდ ორი საფლავის ქვა იყო გადარჩენილი. კონდიციონერების დასაყენებლად დახვრიტეს ტაძრის კედლებიც.

ამ ბარბაროსობას ილორის ტაძრის თვითმარქვია "წინამძღვარი" სერგი ჯოპუა ედგა სათავეში, რომელიც რუსეთის ეკლესიასთან არსებულმა სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრმა, "რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის უმაღლესი ორდენით" დააჯილდოვა. ბოლო წლებში, ჯოპუა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რუს ტურისტებში, იმით არის პოპულარული, რომ ილორში „ავი სულების განდევნის“ რიტუალებს ატარებს.

ილორის რუსულ ყაიდაზე "რესტავრაციის" ავტორი ჯოპუა რუსული მედლით
ილორის რუსულ ყაიდაზე "რესტავრაციის" ავტორი ჯოპუა რუსული მედლით

კიდევ ერთი ვანდალური "რესტავრაციით" ჯოპუამ დრანდის 6-7 საუკუნეების ქართულ ეკლესიაც დააზიანა. ოკუპირებულ გულრიფშის რაიონში მდებარე ტაძარში გაანადგურა მე-7 საუკუნის უნიკალური სანათლავი ამბაზი. დრანდა, აქაც რუსულ ყაიდაზე, მთლიანად თეთრად გადაღება; ჩააყენა ათამდე ვერცხლისფრად შეღებილი კარ-ფანჯარა, რის გამოც ეკლესიის კედლები დახვრიტა; ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნა მიწის ფენა, ისე რომ არქეოლოგიური კვლევა არ მომხდარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG