ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრანდა უკვე რუსული ეკლესიაა


მე-7 საუკუნის უნიკალური სანათლავი ემბაზის ადგილას, დრანდის ტაძარში მინი აუზი ჩააშენეს

უნიკალური ტაძრის ბარბაროსული "რესტავრაციით" შეშფოთებულები არიან, როგორც თბილისში, ისე სოხუმში. კომუნისტებმა დრანდის ტაძარი 1928 წელს გააუქმეს, ეკლესიის ნაწილში მას შემდეგ ციხეა განთავსებული

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმიდან 18 კილომეტრის სავალზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმშვენიერესი ძეგლი - დრანდის ეკლესია უმოწყალოდ ნადგურდება.

ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთში კავკასიის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპეციალისტი დენის ბელეცკი ავრცელებს, რომელმაც დრანდა დეკემბრის ბოლოს მოინახულა.

რუსი მეცნიერის თქმით, ტაძარი, რუსულ ყაიდაზე, მთლიანად თეთრად გადაღებეს; ჩააყენეს ათამდე ვერცხლისფრად შეღებილი კარ-ფაჯრები, რის გამოც დახვრიტეს ეკლესიის კედლები; დაამონტაჟეს ვიდეოსათვალთვალო სისტემა; ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნეს მიწის ფენა, ისე რომ არქეოლოგიური კვლევა არ მომხდარა. ამჯერად გაურკვეველმა სამუშაოებმა სატრაპეზოში გადაინაცვლა.

დრანდის ბარბაროსული „რეკონსტრუქცია“ ტაძრის წინამძღოლის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ხელდასმული, იღუმენ სერგეი ჯოპუას და რუსი მღვდლის ანდრეი სტრუცკის მიერ მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი ოკუპირებულ ანკლავში ეკატერინებურგიდან იქნა მივლენილი.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების გამგე დავით ხოშტარია ამბობს:

„თავისთავად ეს ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია, ეს არ არის ნორმალური, როცა ტარდება რაღაც სამუშაოები ისეთ მნიშვნელოვან ძეგლზე, როგორიც დრანდის ტაძარია. ეს მართლაც უნიკალური ნაგებობაა, თავისი ისტორიული მნიშვნელობით, თავისი კავშირით, ერთის მხრივ, ბიზანტიურ სამყაროსთან, მეორეს მხრივ - ქართულთან და დასანანია, რომ ნადგურდება ასეთი ღირებულების ძეგლი.“

დრანდის ეკლესიასა და აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვა ტაძრებში არსებული სიტუაციით შეშფოთებულები არიან არა მხოლოდ ქართველი, არამედ აფხაზი მეცნიერებიც. გასულ კვირას, სოხუმის კულტურის ცენტრში ამ თემას სპეციალური განხილვაც კი მიეძღვნა.

ამ შეხვედრაზე სოხუმელმა არქეოლოგმა გარი სანგულიამ დაადასტურა, რუსი მეცნიერის დენის ბელეცკის ინფორმაცია, რომ ბარბაროსულმა რეკონსტრუქციამ უკვე შეიწირა, დრანდის ეკლესიის უნიკალური სანათლავი ემბაზი, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ერთი წლის მანძილზე, ჯოპუამ და სტრუცკიმ უნიკალური ემბაზი მთლიანად მოანგრიეს, მის ნაცვლად კი ტაძარში, მეტლახითა და კაფელით მოპირკეთებული, ბეტონის, თანამედროვე მინი აუზი ჩააშენეს.

აფხაზი ისტორიკოსი სურამ საკანია ამბობს, რომ აფხაზთა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანქვაბმა თვითნება მღვდლებს კატეგორიულად მოსთხოვა დრანდის ტაძარში აუზის დაშლა, თუმცა ვერაფერს გახდა.

„ეს ამბავი ჩვენს პრეზიდენტმდე მივიდა, ერთი წლის წინ, ამ დროს, მან გამოიძახა ეს მღდვლები, მთელი ეს კომპანია. მათ დაავალეს, რომ აკურატულად, ძეგლთა დაცვის თანამშრომლებთან, არქეოლოგებთან, არქიტექტორებთან ერთად, ეს ყველაფერი, ბუკვალურად, პინცეტით რომ მოეხსნათ. იმის ნაცვლად რომ მოეხსნათ, მათ პირიქით მოაპირკეთეს.“

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ცნობილია, ფორმალურად აღიარებს, აფხაზეთს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში, სინამდვილეში, მთელ ძალისხმევას მიმართავს იქ ქართული კვალის წასაშლელად.

ამ საქმეში რუსეთის პატრიარქი აქტიურად იყენებს ადგილობრივ სასულიერო პირთა ჯგუფს, ბესარიონ აპლიას ხელმძღვანელობით, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მოსკოვის საპატრიარქო ბოლოს და ბოლოს ცნობს, ე.წ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ავტოკეფალიას.

რუსული საეკლესიო ყაიდის მსგავსმა, „რესტავრაციამ“ უკვე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბედიის, ახალი ათონის, ბიჭვინთის, მოქვის, ლიხნისა და ილორის ტაძრებს. აღსანიშნავია, რომ იღუმენი ჯოპუა, დრანდის ეკლესიის მსგავსად, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამღძვარიცაა და სწორედ მისი მეცადინეობით, 2010 წელს, ილორს რუსული ხახვისებრი გუმბათი დაადგეს და თეთრად გადაღებეს. აფხაზი ისტორიკოსი სურამ საკანია ამბობს:

„მეორე წელია ვითხოვთ, რომ ილორზე ეს წამოცმული, დოლისებრი გუმბათი მოაშორონ. გახსოვთ რა ტალღა აგორდა, მაშინ ეს ბაღაფშამდეც მივიდა, მანაც გამოიძახა ეს მღვდლები. დაავალეს რომ მოეშორებინათ გუმბათი. ბესარიონ აპლიამ თქვა რომ მოხსნიდნენ, თუმცა დაამატა რომ მაშინ როცა ილორში სერგი ჯოპუა აღარ იქნებაო.“

მეცნიერთა მცირე ნაწილი მიიჩნეს, რომ დრანდა სწორედ ის ტაძარია, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე დიდის ბრძანებით, აფხაზეთში 551 წელს აიგო და თავიდან კონსტანტინოპოლის ეკლესიის, აბაზგიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იყო. თუმცა, ეს ჰიპოთეზა ფართოდ გაზიარებული არ არის.

მეცნიერთა მეორე ნაწილი დრანდას მე-6-მე-9 საუკუნეების ძეგლად მიიჩნევს. ქართველი მეცნიერი გიორგი ჩუბინაშვილი დრანდას მცხეთის ჯვრის ერთ-ერთ ვარიაციად განიხილავდა, სადაც ქართულ მხატვრულ გაგებასთან ბიზანტიური ხასიათის ელემენტებია შერწყმული. თუმცა, დღეს ამ მოსაზრებას კატეგორიულად ემიჯნებიან აფხაზი მეცნიერები.

ფაქტია, რომ მე-8 საუკუნეში, დრანდა აფხაზეთის ანუ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს ეპარქიის ცენტრად იქცა, რომელმაც აქ მე-17 საუკუნემდე იარსება. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი აბაზებისა და აბსარების შემოსევების გამო იძულებული გამხდარა იერუსალიმში წასულიყო.

1637 წელს, ტაძარი მთლიანად გაძარცვეს და გადაწვეს თურქმა დამყრობლებმა. 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ტაძარი ხელმეორედ დაიწვა და ფრესკები განადგურდა. 1880 წლიდან, რუსული კოლონიური მმართველობის პერიოდში, სხვა ტაძრებთან ერთად ხდება დრანდის „რუსიფიკაციაც“. დრანდას ჯერ კიდევ მაშინ დაადგეს რუსული ყაიდის ხახვისებრი გუმბათი.

1928 წელს კომუნისტებმა დრანდის ტაძარი გააუქმეს, ეკლესიის შენობის ნაწილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებად, ციხედ გადაკეთდა, რომელიც დღემდე მოქმედებს, ნაწილში კი გულრიფშის რაიონის რაიოკომმა და სკოლა-ინტერნატმა დაიდო ბინა. გასული საუკუნის 70-იან წლებში დრანდის ტაძრის რესტავრაცია ცნობილი ქართველი რესტავრატორის ვახტანგ ცინცაძის მიერ განხორციელდა.

2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, დრანდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა; 2011 წელს, კი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ 40-მდე ტაძარი, მათ შორის დრანდაც, ე.წ „აფხაზურ ეკლესიას“ უვადო სარგებლობაში გადასცა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG