ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაგრატ მესამის უნიკალური ფრესკა აღარ არსებობს


ბაგრატ მესამის განადგურებული ფრესკა ბედიაში, ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა განადგურებულია. ამის შესახებ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რუსეთის ეროვნული კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნიდან გახდა ცნობილი.

ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა ბედიის მონასტერი შარშან შემოდგომაზე შეისწავლეს. სწორედ ამ დროიდან, სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების მიწვევით, ბედიის რესტავრაციაზე, რუსეთის ქალაქ ვლადიმირის სამეცნიერო ფირმა „ტექტონიკა“ მუშაობს, თუმცა ფირმის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბაგრატ მესამის ფრესკასთან ერთად, მონასტრის შიგნით არსებული თითქმის ყველა ქართული წარწერა და ორნამენტი დაზიანებული ან განადგურებულია.

ჯერჯერობით, უცნობია, ფრესკისა და წარწერების განადგურება რესტავრაციის დაწყებამდე მოხდა თუ მანამდე. ურთიერგამომრიცხავი ინფორმაციის გამო გაურკვეველია, შესაძლებელია თუ არა ფრესკის აღდგენა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ამ ფაქტს უკვე უწოდა ბარბაროსობა.

„მიდის რესტავრაცია მაშინ როცა იქ ფიზიკურად რესტავრატორი არ არის. როგორ ხდება ეს ყველაფერი და რა შედეგებს ვიღებთ ყველამ უკვე ვიცით - სახეცვლილს და ბარბაროსობას.

საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის რესურსი კიდევ არსებობს, კულტურის სამინისტრო და საგარეო სამქეტა სამინისტრი აკეთებენ ყველაფერს რომ ეს რესურსი ამოქმედდეს და ამ ბარბაროსობას დაესვას წერტილი.“

მსგავსი ვანდალური ფაქტი 2010 წლის შემოდგომაზე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშიც მოხდა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვით და რუსეთის ხელისუფლების დაფინანსებით, ოჩამჩირის რაიონში მდებარე, მე-11 საუკუნის, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შედევრი თეთრად გადაღებეს და რუსული გუმბათი დაადგეს.

ილორის ეკლესია რუსული ვანდალიზმის შემდეგ
ილორის ეკლესია რუსული ვანდალიზმის შემდეგ

სპეციალისტების თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა აფხაზეთში მდებარე სხვა ეკლესია-მონასტრებშიც. მათ შორის, დრანდისა და კომანის ეკლესიებში. სულ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი ისტორიული ძეგლია.

ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - იუნესკოს ექსპერტები შევიდნენ. ბოლოს, აფხაზეთში იუნესკოს დელეგაცია 1997 წელს იმყოფებოდა.

2008 წლიდან საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, იუნესკოს ექსპერტებს, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის მხრიდან შეუძლიათ აფხაზეთში მოხვედრა, რასაც სოხუმში ეწინააღმდეგებიან. თუმცა ამჯერად თბილისი თანახმაა იუნოსკოსთვის გამონაკლისი დაუშვას.

ქართულმა დელეგაციამ დღეს ამ პრობლემაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვაც ესწრებოდა. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ამბობს

„ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რომ საქმის კურსში ვამყოფოთ მთელი მსოფლიო, ცივილიზირებული და თავისუფალი სამყარო. იმისთვის, რომ საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის პოლიტიკას ნათელი მოვფინოთ.

რუსეთი აგრძელებს არა მხოლოდ ეთნიკურ წმენდას, არამედ კულტურულ წმენდასაც. ეს გათვლილი და მიმართულია იმაზე, რომ რაღაცნაირად მოხდეს ქართული ისტორიული და კულტურული კვალის აღმოფხვრა, წაშლა და გაქრობა აფხაზეთში. ამას რუსეთი მიზანმიმართულად აკეთებს.

ყველანაირი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს ხელშია და ეს ჯერ მხოლოდ ინფორმატიული ინსტრუმენტია, ამოქმედებულია. პირადად მეც, იუნესკოს ბოლო ასამბლეაზე, ყველა ის ძეგლი ჩამოვთვალე, რომელზეც ასეთი ბარბაროსული ძალადობა ხორციელდება. ამის გაგრძელებას ვაპირებთ იქამდე, სანამ ეს ყველაფერი არ შეჩერდება.“

ბედიის მონასტერი დაახლოებით, 999 წელს, ბაგრატ მესამე ბაგრატიონის ინიციატივით აიგო, ისევე როგორც ქუთაისში - ბაგრატის ტაძარი და რაჭაში - ნიკორწმინდა.

გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბედია „საყდრად საეპისკოპოსოდ შექმნა“. ბედიაშივე დაკრძალა მეფე ბაგრატმა დედამისი, დედოფალი გურანდუხტი. 1014 წლის 7 მაისს, კი როცა ბაგრატ მესამე ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში აღესრულა, იგი გადმოსვენებული და დაკრძალული იქნა ბედიაში.

მეფე ბაგრატ მესამის, როგორც მონასტრის ამშენებლის ფრესკა, ბედიის მონასტრის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ისტორიული წყაროების ცნობით, მე-13 საუკუნეში გამოჩნდა. 9 საუკუნის ფრესკა 21-ე საუკუნეში ვანდალურად გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG