ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მტერი ერთმორწმუნეც შეიძლება იყოს


რუსეთის პატრიარქი და პრეზიდენტი

რამდენად შესაძლებელია, რომ რუსი და ქართველი პატრიარქების ეპისტოლარულ დაპირისპირებას, რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის განხეთქილება მოჰყვეს?

ეს კითხვა უაღრესად აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პატრიარქმა კირილემ, ოლუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერს, საქართველოსგან დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-20 წლისთავი მიულოცა. საპასუხოდ, საქართველოს პატრიარქმა ამ ქმედებას “სრულიად გაუგებარი“ უწოდა. ციტატა ილია მეორეს წერილიდან:

„მეტად სამწუხაროა და სრულიად გაუგებარია ასეთი ქმედება, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს ამ უძველეს მიწაზე, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს, ძალადობრივად არსებული სეპარატისტული რეჟიმის თქვენის მხრიდან მხარდაჭერას და უკანონოდ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებას.“

უცნარია, მაგრამ რუსული და ქართული ეკლესიები 2008 წლის, აგვისტოს ომის შემდეგაც ინარჩუნებდნენ მეგობრულ ურთიერთობას. რუსული ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირები, საჯაროდ არწმუნებდნენ მოსკოვში არაერთგზის ჩასულ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციებს, რომ ომის შედეგების მიუხედავად, სცნობენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური საზღვრების ურღვეობას.

თავის მხრივ, თბილისში დაბრუნებული ქართველი სასულიერი პირები, საზოგადოებას და მრავალრიცხვოვან მრევლს არწმუნებდნენ, რომ საეკლესიო დიალოგი გარკვეული "კომპრომისის" საფუძველი გახდებოდა. რუსეთის პატრიარქი კირილე განმარტავს თუ რა "კომპრომისზე" მიდიოდა მოლაპარაკება

„ერთის მხრივ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქართული ეკლესიის კანონიკური ნაწილია. რუსული ეკლესია პატივისცემით ეკიდება კანონიკური სამართლის ამ ნორმას.

მეორეს მხრივ, ფაქტია, რომ ქართულ სამღვდელოებას აფხაზეთში და სამხეთ ოსეთში ცნობილი მიზეზების გამო არ შეუძლია მოღვაწეობა, მაშინ რა ვუყოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხების სულიერ მოთხოვნილებებს?!

რაღაც დე-ფაქტო მოდელი აფხაზეთში უკვე არსებობს, მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გარდამავალი პროექტები ისე განხორციელდეს, რომ ამან არ გაართულოს ურთიერთობა ორ ეკლესიას შორის.

ამასთან, ორივე ეკლესია გაგებით უნდა მოიკიდოს იმ სინამდვილეს, რომ კანონიკური წესების მკაცრი დაცვა ამ ტერიტორიებთან მიმართებაში შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპრომისი და ერთგვარი გარდამავალი მოდელი“

დე-ფაქტო მოდელი ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელზეც რუსეთის პატრიარქი საუბრობს, პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ქართველი მღვდელმსახურები რუსმა ან რუსეთის სემინარიებში განათლება მიღებულმა აფხაზმა მღვდლებმა ჩაანაცვლონ.

მას შემდეგ, რაც ქართული ეკლესიის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია დევნილი გახდა, აფხაზმა მღვდელმა ბესარიონ აპლიამ, თავი ჯერ "სოხუმისა და აფხაზეთის ეპარქიის ეპისკოპოსად" გამოაცხადა, ზუსტად ერთი წლის უკან კი ქართული ეკლესიისგან გამოყოფისა და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" შექმნის თაობაზე განაცხადა.

რუსეთის პატრიაქმა ბესარიონ აპლია წმინდა სერაფიმე საროველის ორდენით დააჯილდოვა. ფაქტიურად, აფხაზეთის სულიერ ცხოვრებას მთლიანად, რუსეთის ეკლესიის მაიკოპისა და ადიღეს ეპარქია წარმართავს. მოსკოვის სასულიერი აკადემიის პროფესორი, დიაკვანი ანდრეი კურაევი, რომელიც ახლახანს გადავიდა სოხუმში საცხოვრებლად, კერძოდ ამბობს

„კომერციის ენაზე თუ ვისაუბრებთ, იქნებ რუსეთმა ეს ტერიტორია - აფხაზეთი, იჯარით აიღოს საქართველოსგან. ფორმალურად, იურიდიულად დარჩეს ის საქართველოს ეკლესიის ნაწილად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პატრიარქი დათანხმდეს აფხაზეთში რუსი მღვდლების ყოფნას, აფხაზების თხოვნით. ამასთან, ჩვენ არ ვიტყვით, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, დავარქვათ ამას რუსული ეკლესიის საელჩო, მისია."

რუსეთის ეკლესია მძიმე ბრძოლაშია ჩაბმული ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც, სადაც ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის გამოდევნის შემდეგ, ვინმე ალექსანდრე ფუხაევმა „ალანიის ეპარქია“ დააფუძნა.

2005 წლიდან ეს „ეპარქია“ საბერძნეთის ჭეშმარიტ-მართლმადიდებელ მეძველსტილე ეკლესიის სინოდმა აღიარა, ფუხაევი კი "გიორგი ფუხათედ" და "ეპარქიის ეპისკოპოსად" იქცა.

რუსეთის ეკლესია განხეთქილებაში მყოფ ეპარქიას თავიდანვე დაუპირისპირდა. ზეწოლა, განსაკუთებით, აგვისტოს ომის შემდეგ გაძლიერდა, შედეგად, ეპისკოპოსი ფუხათე, ერთი წლით საბერძნეთში სამკურნალოდ გაემგზავრა, „ალანიის ეპარქიის“ ბედს კი რუსეთის პატრიარქისა და სეპარატისტების ლიდერის მოლაპარაკება გაარკვევს. აღშფოთებული პატრიარქი კირილე ამბობს

„რა გამოდის, რომ ერთის მხრივ, რუსმა ჯარისკაცებმა დაღვარეს სისხლი ოსი ხალხისთვის, იმისთვის, რომ დაეცვათ სამხრეთ ოსეთი, და მეორეს მხრივ, ამ ქვეყნის სულიერი ლიდერი ექვემდებარება განხეთქილებაში მყოფ ბერძნულ ეკლესიას, რომლის მთავარი მიზანი რუსული ეკლესიის ერთიანობის დარღვევაა!.

ასეთი რამ არ ხდება, ამიტომ პირველ რიგში, უნდა გადავწყიტოთ ამ იურისდიქციის საკითხი, ჩვენ ამაზე დავიწყეთ მოლაპარაკებას სამხეთ ოსეთის წარმომადგენლებთან.“

რა ამოძრავებს სინამდვილეში რუსეთის ეკლესიას? რატომ სურს იყოს სრული ბატონ-პატრონი საეკლესიო ცხოვრებისა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ვითომ ქართული ეკლესიის საკუთრებად მიიჩნევს?!

საქართველოს საპატრიარქოში ამ თემებზე საუბარი არ სურთ, იქ რუსეთის პარტრიარქ კირილეს პასუხის პასუხს ელიან. ყოფილი მღვდელი, თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელიც იარაღით ხელში იბრძოდა რუსული ჯარის წინააღმდეგ, ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ქართულ ეკლესიაში უბრალოდ თავს იტყუებენ

„რატომ არ აღიარა რუსეთის ეკლესიამ და რატო ოფიციალურად არ წარგვართვა ცხინვალის და აფხაზეთის ეპარქიები? იმიტომ, რომ მოსკოვში კარგად ხედავენ, რომ მართლმადიდებლური ფაქტორის პოლიტიკაში გამოყენება, საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ ამოწურული არ არის.

და, იციან, რომ ძალიან ეფექტურად შეუძლიათ გამოიყენონ საქართველოში დღეს არსებული ეთნონაციონალისტური მართლმადიდებლური ისტერია.

ცხადია, ევროპაში ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის კათოლიკურმა ეკლესიებმა, რა თქმა უნდა გარკვეული წლების გასვლის შემდედ, დიდი როლი შეასრულეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ხალხების შერიგებაში.

ხოლო ჩვენთან, ეს განცხადებები, რომ რუსეთის და საქართველოს პატრიარქებს შეუძლიათ ორი ერის შერიგება, არის სუფთა პოლიტიკური პროპაგანდა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ორიენტაციის შესაცვლელად.

ომის დროსაც, რუსულმა მართლმადიდებლურმა საზოგადოებრიობამ ქართველ ერს მოწერა წერილი, რომელშიც ეწერა - „ძმებო, ჩვენ თქვენი მტრები კი არა ვართ, ჩვენა ვართ მტრები თქვენი პოლიტიკური ორიენტაციის!“

რაც უფრო ღია და აშკარა გახდება რუსული ეკლესიის ექსპანსია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში, სავარაუდოდ, მით უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან ის ქართველი სასულიერო პირები, მათ შორის სინოდის წევრებიც, ვინც რუსეთის ეკლესიას დღემდე უფროს ძმად და მეგობრად მიიჩნევს.

ქართული ეკლესიისთვის, უფრო რთული იქნება ბრმა მოკავშირე იყოს რუსეთის ეკლესიისა, ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორიც უკრაინის და ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესიები და მათი ქონების საკითხია.

სხვათა შორის, ბოლო ასეთი მხარდაჭერა ქართულმა ეკლესიამ რუსულს, 2008 წლის ოქტომბერში, სტამბულის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლეს კრებაზე აღმოუჩინა. სულ რაღაც თვენახევრის შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა ცეცხლითა და მახვილით გადაურა ქართულ მოსახლეობას.

სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება საზოგადოებრივი ზეწოლაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და ბოლოს და ბოლოს, მრავალრიცხოვანი მრევლიც მიხვდება რომ მტერი ერთმორწმუნეც შეიძლება იყოს.

XS
SM
MD
LG