ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში მოულოდნელად აქტუალური გახდა, იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი, რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მე-17 საუკუნის ბოლოს დაკარგა. ეს ამბავი პრეზიდენტმა სააკაშვილმა შაბათს გორში სამხედროებთან შეხვედრისას გააჟღერა.

„ჯვრის მონასტრის გამოსასყიდათ უკვე მუშაობს სპეციალური ჯგუფი. ტაძარი უნდა დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას, იქ ისევ უნდა აღევლინოს ქართული ლოცვა“ - ბრძანა სააკაშვილმა.

გასულ კვირას, ისრაელში ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სხვა ტაძრებთან ერთად ჯვრის მონასტერიც მოილოცა. საკვირაო ქადაგებაში ილია მეორემ აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე ქართველი სასულიერი პირების დაბრუნების იმედი გაუჩნდა.

„საოცარი იყო ჩვენი შესვლა იერუსალიმის ჯვარის მონასტერში. თქვენ იცით ეს ქართული მონასტერია. ქართველი ხალხი ვერ ეტეოდა ამ მონასტერში. ეს საკმაოდ დიდი ტაძარია. ქრისტე აღსდგას გალობდნენ და მთელი ხალხი გაოცებული იყო ამის ყურებით!

ეს იყო ცისა და ქვეყნის შეერთება, გამთლიანდა ცა და ქვეყანა. ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, რომ დაბრუნდება ის ძველი დრო როცა ქართველები წმინდა მიწაზე მოღვაწეობდნენ.“

ჯვრის მონასტრის დაბრუნების საქმეში პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ისრაელის მხარდაჭერის იმედი აქვს. ჯვრის მონასტერი მართალია, იერუსალიმში მდებარეობს, თუმცა მე-17 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული მონასტერზე ყველა უფლებას იერუსალიმის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს.

იერუსალიმის ეკლესია მსოფლიოში უმდიდრეს ეკლესიად ითვლება. წმინდა ქალაქში იერუსალიმის ეკლესია ფლობს თითქმის ყველა უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ ტაძარს, მათ შორის აღდგომის ტაძარს, სადაც მაცხოვრის საფლავი მდებარეობს.

იერუსალიმის ეკლესიის მფლობელობაშია წმინდა ქალაქის „ოქროს“ მიწის ფონდის თითქმის 20 პროცენტიც, ისრაელის პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია სწორედ ამ ეკლესიის კუთვნილ მიწებზეა აშენებული.

ინფორმაცია, რომ ჯვრის მონასტერი შეიძლებოდა გაყიდულიყო, ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში გავრცელდა, როცა უმძიმესი ფინანსური კრიზისის გამო საბერძნეთმა საკუთარი კუნძულების გაყიდვა გადაწყვიტა. თუმცა, არანაირი ოფიციალური დადასტურება ამ ინფორმაციას არ მოჰყოლია.

17 თებერვალს ილია მეორე იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს შეხვდა, უცნობია განხილული იქნა თუ არა ამ შეხვედრაზე ჯვრის მონასტრის საკითხი. როგორც კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ, ისე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ პირდაპირ არ უპასუხეს შეკითხვას, მიმართა თუ არა უკვე საქართველომ ჯვრის მონასტრთან დაკავშირებით იერუსალიმის ეკლესიას კონკრეტული წინადადებით

შოთა რუსთაველის ფრესკა ჯვრის მონასტერში
შოთა რუსთაველის ფრესკა ჯვრის მონასტერში

ნიკა რურუა: „შეიქმნა ჯგუფი რომელიც ამ ძველი ქართული მონასტრის დაბრუნებაზე იმუშავებს. ეს მონასტერი საქართველომ ძნელბედობის ჟამს სამწუხაროდ დაკარგა. ახლა მეტ დეტალებს ვერ გაგიზიარებთ, ვინაიდან ეს საკმაოდ მგძნობიარე საკითხია.“

ნინო კალანდაძე: „რაც შეეხება სირთულეებს ამ ეტაპზე მგონია რომ ნაადრევია ამაზე საუბარი. მთავარია რომ მოლაპარაკების გააქტიურდეს და ინტენსიური გახდეს. თუ რაიმე სირთულეები იქნება, დარწმუნებული ვარ წარმატებით ვითანამშრომლებთ. თუმცა ამ ეტაპზე ჩემთვის ძნელი სათქმელია რა სირთულეები შეიძლება იყოს.“

სწორედ უძრავი ქონების გაყიდვებთან დაკავშირებით იერუსალიმის საპატრიარქო ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე გაეხვა მსხვილ კორუფციულ სკანდალში.

2005 წელს, ერთ-ერთ ასეთ საეჭვო გარიგებას პატრიარქ ირინეოსის სკანდალური გადაყენება მოჰყვა. შარშან კი იერიქონში, „კანონიკურ მიწაზე“ ეკლესიის მშენებლობის გამო, იერუსალიმის ეკლესიამ ევქარისტული კავშირიც კი გაწყვიტა რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

იერუსალიმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში მდებარე, მანამდე რამდენჯერმე განადგურებულ ჯვრის მონასტერს ხელახალი სიცოცხლე, შავშელმა სასულიერო მოღვაწემ პროხორე ქართველმა მე-11 საუკუნეში შთაბერა.

ჯვრის მონასტერი წმინდა მიწაზე ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა, სადაც მრავალ ცნობილ ქართველ მწიგნობართან ერთად შოთა რუსთაველიც მოღვაწეობდა. მონასტერმა არაერთი ტრაგიკული პერიოდი გადაიტანა, ერთი ხანი მეჩეთადაც იყო გადაკეთებული.

მე-17-ე საუკუნის ბოლოსთვის კი გამოუვალ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილი ქართველი ბერები იძულებულები გახდნენ ჯვრის მონასტერი იმ პერიოდში იერუსალიმის საპატრიარქოში გაძლიერებულ ბერძენი სასულიერო პირებისთვის მიეყიდათ. „თუ იერუსალიმი დაგეკარგვნიან, რასღა სჯული და რასღა პირჯვრის წერა გექნებათ“ - წერდა იმ პერიოდში ჯვრის მონასტერში მოღვაწე ქართველი მონაზონი მართა ქართველებს.

ბოლო ოთხი საუკუნეების მანძილზე, ჯვრის მონასტერში არსებული უნიკალური ქართული ფრესკები და წარწერები თითქმის მთლიანად გაანადგურეს, ბოლო ასეთი ვანდალური ფაქტი, 2004 წელს მოხდა, როცა შოთა რუსთაველის ფრესკა მიზანმიმართულად ჩამოფხიკეს.

XS
SM
MD
LG