ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ-თურქული ისტორიული შეთანხმება


ოშკი შველას ითხოვს
ოშკი შველას ითხოვს

საქართველო და თურქეთი ძალიან ახლოს არიან დიდ ისტორიულ შეთანხმებასთან, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ქართული ხუროთმოძღვრების ოთხი უნიკალური ძეგლის რესტავრაციას, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე სამი მეჩეთის აღდგენას, ერთის კი ხელახლა აშენებას ითვალისწინებს.

საუბარია ქართული რენესანსის უმშვენიერესი ძეგლების, მეშვიდე საუკუნის იშხანის, მეცხრე საუკუნის ხანძთის, მეათე საუკუნის - ოშკისა და ოთხთა ტაძრების რესტავრაციაზე.

მას შემდეგ, რაც ტაო-კლარჯეთი მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის, 1921 წელს კი უკვე თურქეთის ტერიტორია გახდა, იქ დარჩენილი ქართული ეკლესია-მონასტრები სწრაფი ტემპით ინგრევა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს

„ეს გახლავთ ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე შედევრები - ხანძთა, ოშკი, ოთხთა ეკლესია და იშხანი. რესტავრაციის მიზნით ეს ოთხი ძეგლი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ერთის მხრივ, ისინი არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში და მეორეს მხრივ, ისინი არიან, ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაგებობები.

ჯერჯერობით მაინც, ეს არ არის ნანგრევები. მსგავსი მზაობა ჩვენი და თურქეთის მხრიდან, რომ ხელი მოეწეროს ამ დოკუმენტს და ეს იყოს მრავალმხრივი და გრძელვადიანი ხელშეკრულება, მე არ მახსენდება. ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ეს არის ისტორიული ვალდებულებაც, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი.“

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხანძთის ნამონასტრალია, რომელიც ართვინის რაიონის სოფელ ფირნალში მდებარეობს. 2007 წლის ნოემბერში, თოვლმა ხანძთის უნიკალური გუმბათი ჩაანგრია.

ერზერუმის ვიალეთის სოფელ ჩამლიამაჩში უკვე დარღვეულია ოშკის გუმბათის დამცავი კონსტრუქცია. ბარიელეფისგან ყოველთვიურად იძარცვება. ართვინის ვილაეთში ინგრევა იშხანის ნამონასტრალი, სადაც ადრე მეჩეთი ფუქციონირებდა.

სასწრაფო შველას ითხოვს არტაანის პროვინციაში, ჭოროხის ხეობაში მდებარე ოთხთა ეკლესიასაც. თურქეთი ამ ხელშეკრულების გაფორმებას, ჯერ კიდევ, 2007 წელს გვთავაზობდა, თუმცა საზოგადოების ნაწილის და განსაკუთრებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ხისტი პოზიციის გამო შეთანხმებამდე მისვლა მაშინ ვერ მოხერხდა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ამბობს:

„არაფერი იმით, რომ საქართველოში რამდენიმე მეჩეთი აშენდება თუ არ აშენდება, არ დაშავდება. ჩვენი ძეგლები არის კატასტროფულ მდგომარეობაში და მისახედია აუცილებლად!

ძალიან არაცივილიზირებულად გამოვჩნდებით, ისევ უარი რომ ვთქვათ და ხელშეკრულების ხელმოწერას რაიმე პრობლემა შეექმნას. შეიძლება ბევრს მაინდამაინც გულზე არ ეხატებოდეს მეჩეთების რესტავრაცია, მაგრამ ალტერნატივა რა გვაქვს?! ოშკი არის საშინელ მდგომარეობაში..ცოტაც და ჩამოინგრევა გუმბათი!“

ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, ოთხი ქართული ძეგლის აღდგენაზე მომუშავე არქიტექტორების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და ქვისმთლელების ყველა ჯგუფს ქართული მხარე დააკომპლექტებს.

სპეციალური ხარაჩოების მოწყობას მოჰყვება ბათქაშის და ბიოდაზიანებების ტექნიკური კვლევა, შემდეგ კი რესტავრაცია კირისა და უკვე ჩამოშლილი ქვების გამოყენებით გაგრძელდება.

თურქული მხარე საპასუხოდ, საკუთარი ფინანსებით და პერსონალით, სამცხე-ჯავახეთში - ორი და აჭარაში ერთი მეჩეთისა და ჯამეს აღდგენას განახორციელებს. მათ, შორის, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში მდებარე ხის ჯამეს რესტავრაციას, რომელსაც ქართული კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს. ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს

„საქართველოს ტერიტორიაზე რესტავრაცია შეეხება ძალიან კარგ და ცნობილ ძეგლს - ახალციხის რაბათზე არსებულ კომპლექსს; ასევე ქობულეთის რაიონში არსებული ხის ძალიან ლამაზ და გამორჩეულ მე-18 საუკუნის კვირიკეს მეჩეთს; მხარჯავის მეჩეთი სამცხეში, ქვითნაშენი, ძალიან ლამაზი და კარგი ნიმუში და ყველაზე მთავარი - ბათუმში, აზიზიეს მეჩეთი.“

ყველაზე დიდ გაურკვევლობას სწორედ აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენება იწვევს. 1863 წელს აშენებული ორსართულიანი ხის მეჩეთი, გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს დაიწვა. აზიზიეს მეჩეთი ვეღარ აშენდება იმ ადგილზე, სადაც იდგა. იქ დღეს საცხოვრებელი კორპუსები დგას.

პროექტის მიხედვით, მეჩეთისთვის იქვე ახალი ტერიტორია უნდა გამოინახოს. რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერი მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ ბათუმის ცენტრში, სადაც უკვე მოქმედებს ორთაჯამეს მეჩეთი, ახალი მეჩეთის აშენება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაძაბულობას გამოიწვევს. მისი თქმით, ამ აზრს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც იზიარებს.

„პატრიარქი ამბობს, ვალდებულად ვთლი თავს გაგაფრთხილოთ, რომ ბათუმში ჯამე ფუნქციონირებს და ახალი ჯამეს მშენებლობის დაწყება შესაძლებელია შეიცავდეს პოლიტიკურ საფრთხეებს. იმიტომ, რომ ბათუმში მომლოცველთა უმეტესი რაოდენობა არის ქრისტიანული აღმსარებლობის ადამიანები და ჯამეს მშენებლობას შეიძლება წინააღმდეგობა მოჰყვეს.

მე ვამბობ, როგორც კი ჯამეს პირველი ფუნდამენტი გაიჭრება, იქ მოიყრის თავს უმართავი ქართველი მართლმადიდებელი და მუსლიმი ქართველებიც!“

ისტორიული ხელშეკრულების პროექტი უკვე რესტავრირებულ მონასტრებსა და მეჩეთებში რელიგიური რიტუალების ჩატარების საკითხს ღიად ტოვებს. კულტურულ ძეგლებში ღვთისმსახურების დაშვებას დამატებითი შეთანხმება დასჭირდება.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ გამონაკლისი შეიძლება დაიშვას ოშკის მონასტრისა და აზიზეის მეჩეთის შემთხვევაში. ამ პუნქტის ირგვლივ მოლაპარაკება ანკარასა და თბილისს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის კულტურის მინისტრები ხელშეკრულებას ოფიციალურად მოაწერენ ხელს. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი მილიონი დაუჯდება საქართველოს ოთხი უნიკალური ქართული ძეგლის გადარჩენა.

XS
SM
MD
LG