ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოშკისა და იშხნის გადარჩენის კიდევ ერთი მცდელობა


ოშკის ტაძარი შველას ითხოვს
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს

თურქეთი და საქართველო საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე შეთანხმდნენ

თურქეთის კულტურის სამინისტრო ახლო მომავალში ერზერუმისა და ართვინის ვილაეთებში მდებარე უნიკალური ქართული ტაძრების: ოშკისა და იშხანის რესტავრირებას დაიწყებს. ამ პროცესში ქართველი რესტავრატორებიც იქნებიან ჩართულნი.

ბათუმის მერია კი ქართველი მუსლიმებისთვის გამოყოფს ადგილს ახალი მეჩეთის ასაშენებლად. მშენებლობას მთლიანად ქართული მხარე, ამ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დააფინანსებს.

ეს შეთანხმება ანკარაში საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა, რომლის დროსაც ივანიშვილი თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულსა და დიდი მეჯლისის თავჯდომარეს ჯემილ ჩიჩექს შეხვდა.

ერთდღიანი ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება სწორედ საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს:

„ნაცვალგების პრინციპით არ შეიძლება განხილული იყოს კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რომ თუ იქ რაღაც აღდგება, აქ ახალი აშენდება და პირიქით.

ყველა ძეგლს უნდა მოვუაროთ, ჩვენს - ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს და თურქეთმა უნდა მოუაროს, მის ტერიტორიაზე არსებულს, მიუხედავად იმისა, როგორი წარმოშობისაა ეს ძეგლი.

გარდა ამისა, ითქვა, რომ ვინაიდან, მუსლიმურ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ლოცვის საშუალება და ის მეჩეთი რომელიც არსებობს ბათუმში არ არის ამისათვის საკმარისი, ამიტომ ქართული ფულით აშენდება მეორე მეჩეთი, რომლისთვისაც ადგილს აჭარის ხელისუფლება გამოყოფს.“

თურქეთი და საქართველო ამ საკითხში შეთანხმების მიღწევას, ჯერ კიდევ, 2007 წლიდან უშედეგოდ ცდილობდნენ. მოლაპარაკების პირველ ეტაპზე, საუბარი იყო ოთხი ქართული ტაძრის - ოშკის, იშხანის, ოთხთასა და ხანძთის რესტავრაციის სანაცვლოდ, ახალციხესა და აჭარაში- სამი მუსლიმური სალოცავის რესტავრირებასა და ერთი მეჩეთის ხელახლა აშენებაზე.

ზუსტად ერთი წლის წინ, სარესტავრაციო ძეგლთა სია შემცირდა. სიაში დარჩა ოშკი და იშხანი, რომელთა გადარჩენის სანაცვლოდ, ახალციხეში - აჰმედიეს მეჩეთის რესტავრირება, ბათუმში კი აზიზიეს სახელობის მეჩეთის ხელახლა აგება უნდა მომხდარიყო.

ამის შესახებ, 2012 წლის თებერვალში, სტამბულში თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრებმა მემორანდუმიც გააფორმეს, თუმცა პროცესი მაინც ვერ დაიძრა.

შეთანხმების წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული საზოგადოების ნაწილი. განსაკუთრებით, ბათუმის აღმსარებლობით მართლმადიდებელი მოქალაქეები, რომელთა ინტერესებს ყველაზე ხისტად ადგილობრივი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე გამოხატავდა.

ამ ტალღაზე დუმბაძემ შარშან ოქტომბერში ბათუმში მაჟორიტარული არჩევნებიც კი მოიგო. დღეს მურმან დუმბაძე უკვე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის რანგში აცხადებს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების წინააღმდეგი არ არის და არც არასოდეს ყოფილა.

„წინააღმდეგი ვიყავით დამპყრობელი სულთან აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებისა, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. ანუ იქ გადარჩენილიყო ოშკი და აქ აშენებულიყო აზიზიეს მეჩეთი.

საქართველოს მთავრობამ ახლა განაცხადა, რომ ქართველ მუსლიმს თუ სურს მეჩეთის აშენება ბათუმში ან საქართველოს სხვა რეგიონში ის ამის წინააღმდეგი არ არის. ეს არის მისასალმებელი.

ჩვენ მეჩეთის წინააღმდეგი კი არ ვართ, ჩვენ პოლიტიკური ხელშეკრულების შედეგად, გინდა თურქეთისა და გინდა საქართველოს ტერიტორიაზე საკულტო ნაგებობის აშენების წინააღმდეგნი ვართ.“

ანკარაში მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას მიესალმა სრულიად საქართველოს მუფთიც. ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ ბათუმის აღმსარებლობით მუსლიმი მოქალაქეები დიდი ხანია ითხოვენ ახალი მეჩეთისთვის ადგილის გამოყოფას.

„აქ არის ქართული იდეოლოგია და ქართული ინტერესი. ეს ხომ თურქის არ იქნება. ჩვენ ამაყნი ვართ დღეს რომ 200 მეჩეთი გვაქვს და იქ ყველა წინამძღვარი ქართველია.

წმინდა ყურანიდან დაწყებული, ყველა წიგნი მშობლიურ ენაზე ითარგმნა და ქადაგებებიც მშობლიურ ენაზე გვაქვს. აი, ეს სამშობლო ვინმეზე ნაკლებად ქართველ მუსლიმს არ უყვართ.“

საქართველოში დღეს არსებული 200-ზე მეტი მეჩეთიდან 21-ს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მათ სახელმწიფო იცავს.

მიუხედავად წინა შეთანხმებების ჩაშლისა, საქართველოს მთავრობამ ახალციხეში აზი აჰმედ ფაშას სახელობის მეჩეთის რესტავრაცია 2012 წელსვე დაიწყო. რაც შეეხება ახალ მეჩეთს, რომელიც ბათუმში უნდა აშენდეს, ის უკვე აღარ იქნება სულთან აზიზიეს სახელობის.

თურქულ-ქართული ახალი შეთანხმების შეფასებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სულ რაღაც ერთი წლის უკან მიიჩნევდა, რომ „საქართველოში არსებული მეჩეთების და თეოლოგიური სასწავლებლების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის სულიერ მოთხოვნილებებს.“

დიდწილად სწორედ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის პოზიციაში იქნება დამოკიდებული იქნება თუ არა მღელვარება ბათუმში ახალი მეჩეთისთვის ფუნდამენტის გაჭრის დღეს.

XS
SM
MD
LG