ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი მუსლიმები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ


მღელვარება ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში
მღელვარება ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში

აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, რელიგიური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მუსლიმების პროტესტი ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში მუსლიმური მედრესეს დახურვამ გამოიწვია, სადაც 52 ადგილობრივი მოზარდი ყურანს სწავლობდა.

პროტესტის გამოსახატავად ხულოს რაიონის ოცდაათზე მეტი სოფლის, ორი ათასამდე მუსლიმი გამოვიდა გარეთ. მღელვარებას აჭარის მუფტის ქემალ ცეცხლაძის გადადგომა მოჰყვა. მიტინგის მონაწილე მაყვალა ზოიძე ამბობს

„გზა ხსნილია ყველასათვის, ყველა მუსლიმისთვის და ქრისტიანისთვის. ქართველი ხალხი ყველა ერთი ვართ. მოვითხოვთ, რომ შენარჩუნდეს ეს მუსლიმული სასწავლებელი, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ნუ იქნება ზეწოლა. ყველა ერთნი ვართ, ვისაც სად უნდა იქ ილოცოს, არის მეჩეთი, არის ეკლესია. ჩვენ არავის ვერჩით.“

ეს მესამე მუსლიმური მედერესეა, რომელიც წლის დასაწყისიდან ზემო აჭარაში დაიხურა. ყველაფერი შარშან, ადგილობრივ ისლამურ წრეებში გავლენიანი აჰმედ გაბაიძის დაკავებით დაიწყო, რომელიც მუსლიმური საქველმოქმედო ფონდის - მადლი 2005-ის გამგეობის თავჯდომარე იყო.

საგადასახადო სამსახურმა ფონდი დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა, ხელვაჩაურის სასამართლომ, ამ ბრალდების საფუძველზე, ფონდს 640 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება ჩამოართვა, მათ შორის, კერძო სახლები, რომელიც ფონდს იჯარით ჰქონდა აღებული და სადაც, სკოლები იყო განთავსებული. ბეღლეთის ჯამის იმამი ჯუმბერ კახიძე ამბობს

„ფონდთან აგორებულმა საქმეებმა, იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომ სასულიერო სასწავლებელი დახურვის პირას არის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში გამგებელმა, მოგვთხოვა, რომ დაგვეცალა სასწავლებელი, ამბობდა, რომ შენობის სხვისთვის გადაცემას აპირებდა.

ეს სასწავლებელი და საერთოდ, ეს ფონდი, არის საქველმოქმედო. შემოწირულობებით ვარსებობდით. როდესაც ადამიანი რაღაცას სწირავს, ეს კარტოფილი იქნება, კარაქი, თუ მსგავსი რამ, ეს მხოლოდ მოსწავლეებს ხმარდება. არავითარი დარღვევა აქ არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო.“

მუსლიმი მორწმუნეებისგან განსხვავებით, ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მუსლიმური ფონდი ფინანსური დანაშაულის ადექვატურად დაისაჯა, ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა და ხულოს გამგეობამ მუსლიმური სასწავლებლის ადგილზე ახალგაზრდული ცენტრის გახსნა გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.ხულოს გამგებელი ლევან აბაშიძე ამბობს

„ესენი (მუსლიმური ფონდი) ჩადიოდნენ სხვა და სხვა უკანონობას, არ იხდიდნენ გადასახადებს. ამიტომ საქველმოქმედო ფონდის თავჯდომარე დაიჭირეს. 232 ათასი ლარის დავალიანება ჰქონდათ და ქონება ჩამოერთვათ. უძრავი ქონება გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში. სახელმწიფომ იფიქრა, და გაითვალისწინა ხალხის ნება და ეს შენობა გადასცა, აჭარის სამუფთოს სარგებლობაში.

მუსლიმ ქართველთა არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მათი პროტესტი არცერთმა ნაციონალურმა არხმა და არც აჭარის ტელევიზიამ გააშუქა. გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნათია როყვა, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია ხულოში ქართველ მუსლიმთა გამოსვლების თაობაზე, ამბობს

„ქართველი მუსლიმები დაუკავშირდნენ გაზეთ ბათუმელებს და მათი მთავარი სურვილი იყო, რომ ეს ამბავი გაშუქებულიყო. ვიცი, რომ მანამდე, მათ მიმართეს რამდენიმე მედია ორგანიზაციას, მაგალითად აჭარის სახელმწიფო ტელევიზიას. როგორც თვითონ მითხრეს, აჭარის ტელევიზიამ არ გააშუქა ეს ფაქტი, ასევე, სხვა მედია საშუალებებსაც მიმართეს, თუმცა ჟურნალისტებმა ამ ფაქტის გაშუქებაზე უარი განაცხადეს.“

დღეისათვის, ბეღლეთის მუსლიმური სასწავლებლის მომავალი კვლავ გაურკვეველია, ჩამორთმეული შენობა სახელმწიფომ აჭარის სამუფთო სამმართველოს გადასცა. აჭარის ახალი მუფთი ჯემალ პაქსაძე გახდა. ქართველი მუსლიმები იმედოვნებენ, რომ მათი უფლება საკუთრებასა და განათლების მიღებაზე მალე აღდგება. აჭარის ყოფილი მუფთი, დღეს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი რელიგიურ საკითხებში ბექირ ბოლქვაძე ამერიკის ხმასთან ამბობს

„თუ მანდ (მუსლიმანურ სასწავლებელში) რაიმე ფარულია ან დამალულია, თუ ქართველი ერი და სახელმწიფო საშიშროების ქვეშ არის, თუ არის მცდელობა, რომ არაქართული რაღაცა გაკეთდეს, მაშინ ძიებაც უნდა იყოს და დაკითხვაც, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს და საზოგადოებაში კითხვები არ არსებობდეს.

ჩემი აზრით, სასწავლებელი კანონის ჩარჩოში უნდა ჩასვან. რა თქმა უნდა რაიმე სწავლის შეზღუდვა ჩვენს სახელმწიფოში არც ყოფილა და არც არის. ერთადერთი რამ არის, რომ კონსტიტუციას და სახელმწიფოს ყველამ პატივი უნდა სცეს.“

ხულოში მედრესეს გაუქმებას უკმაყოფილება მოჰყვა თურქეთის და აზერბაიჯანის მუსლიმურ წრეებში. აჭარის სამუფთო კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაშია, რომლის ოფისიც აზერბაიაჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარეობს. თავის მხრივ, სამუფთოს დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში მდებარე 172 მეჩეთი ექვემდებარება. ბოლო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის ათი პროცენტზე მეტი მორწმუნე მუსლიმია.

XS
SM
MD
LG