ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის გატაცება - ყველაზე სარფიანი ბიზნესი გალში


ოკუპირებული გალის ერთ-ერთი ქუჩა

კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც გალში ადამიანთა გატაცებებზე „მუშაობენ“ ინტერნაციონალურია. მათ კავშირი აქვთ ე.წ აფხაზურ მილიციასთან და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:07 0:00
ბმული

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცება ისევ ჩვეულებრივი პრაქტიკაა. გატაცებები აქ კვლავაც ეთნიკური ნიშნით ხდება. დამნაშავეთა მთავარი სამიზნე, ადგილობრივი ქართველები (მეგრელები) არიან.

გასულ კვირას,
გატაცების „ბაზარი“ და გამოსასყიდი თანხა საკმაოდ სოლიდურია და ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ გალის რაიონში, მძევლის გამოსასყიდი თანხა 1000-დან 100 000 ამერიკული დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ორგანიზაცია განიარაღება და არაძალადობა
გალის რაიონის სოფელ დიხაზურგადან, 26 წლის დისო კიკალიშვილი გაიტაცეს. გატაცებული სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შვილია.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე დიხაზურგაში, რომელსაც ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყესგან მდინარე ენგური ჰყოფს, ბოლო წლებში არაერთი მძიმე დანაშაული მომხდარა. 2010 წლის ზაფხულში, აქ, ორი აფხაზის - კაციასა და კვიცინიას მკვლელობის გამო, გუდაუთიდან ჩამოსულმა მოკლულთა ნათესავებმა ხუთი სახლი გადაწვეს, რამდენიმე დიხაზურგელი და მეზობელი სოფლის მცხოვრები გაიტაცეს. ერთ-ერთი გატაცებული გოგიტა ანჯაფარიძე, მოგვიანებით ცემის დროს შემოაკვდათ.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი ოთარ გოგოხია ამბობს, რომ დისო კიკალიშვილის გამტაცებლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახს და გამოსასყიდი მოითხოვეს.

„მამამისი არის დიხაზურგის გამგებელი. ღამის სამ საათზე დაესხნენ თავს. შვილი და მანქანა გაიტაცეს. შემდეგ, ენგურთან, დიხაზურგის გადმოსასვლეთან დააგდეს მანქანა. ჩვენი ინფორმაციით, შვილს უკვე დაარეკინეს მამასთან, გამოსასყიდი თანხაც მოითხოვეს, თუმცა რა თანხაზეა საუბარი ამაზე ინფომაცია არ გვაქვს.“

არასამთავრობო ორგანიზაციის „განიარაღება და არაძალადობა“ მონაცემებით, ოკუპირებულ გალის რაიონში „მძევლის საბაზრო ფასი მისი ოჯახის ან იმ ორგანიზაციის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი წარმოადგენს. გატაცების „ბაზარი“ და გამოსასყიდი თანხა საკმაოდ სოლიდურია და ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ გალის რაიონში, მძევლის გამოსასყიდი თანხა 1000-დან 100 000 ამერიკული დოლარის ფარგლებში მერყეობს.“

კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც გალში ადამიანთა გატაცებებზე „მუშაობენ“ ინტერნაციონალურია. ქართველ სამართალდამცველთა მონაცემებით, ასეთ ჯგუფებში ჩართულნი არიან, როგორც აფხაზი, ისე ქართველი კრიმინალები. ჯგუფებს დანაშაულებრივი კავშირი აქვთ ე.წ აფხაზურ მილიციასთან და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან.

ბოლო დროს, ამ ჯგუფებს აფხაზი „კანონიერი ქურდი“ მამუკა ჭკადუა, მეტსახელად „გალსკი“ აკონტროლებს. ჭკადუა სოფელ ჩხორთოლის მკვიდრია. მისი დეპორტაცია რუსეთიდან აფხაზეთში 2013 წლის მარტში განხორციელდა.

ორი თვის წინ, საქართველოს მოქალაქის, 24 წლის გოგიტა კვარაცხელიას გატაცება და შემზარავი სიკვდილი მეტყველებს, რომ გალის კრიმინალურ ჯგუფებს ამფოსნები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც ჰყავთ.

გოგიტა კვარაცხელია 22 მარტს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშიდან, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების საზღვართან მდებარე ჭკადუაში, საოკუპაციო ხაზიდან 7 კილომეტრით არის მოშორებული.

გამტაცებლები, როგორც ჩანს, კარგად იყვნენ ინფორმირებულები. იცოდნენ, რომ კვარაცხელია თურქეთიდან ახალი დაბრუნებული იყო, რომ მისი სიძე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. გამტაცებლები, სავარუდოდ დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ მსხვერპლს. კვარაცხელია ღამის ორ საათზე გაიტაცეს, როცა იგი ეზოში, საპირფარეშოში ჩავიდა.

გამტაცებლებმა 500 000 დოლარი მოითხოვეს. საბოლოოდ, კვარაცხელიას ნაწამები გვამი 11 აპრილს, ზედ, საოკუპაციო ხაზზე, ნაბაკევი-შამგონას მონაკვეთზე იპოვეს. ეს საზარელი დანაშაული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღემდე ვერ გახსნა.

უცნობია, გამტაცებლები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ თუ გალიდან გადმოსული კრიმინალები?! ნამდვილად გადაიყვანეს თუ არა გოგიტა კვარაცხელია გალის ტერიტორიაზე?! თუ გვამი ენგურზე კვალის დასაფარავად დააგდეს?! ცნობილია, რომ გამტაცებელი, რომელიც გოტიტას მამას ელგუჯა კვარაცხელიას დაუკავშირდა, ნამდვილად გალის რაიონიდან რეკავდა

„თუ გინდა შენი შვილი ნახო ცოცხალი 500 000 დოლარი უნდა მოგვცეო. მე ვიფიქრე, რომ ალბათ ვერ გავიგე სწორად მეთქი და ხელმეორედ ვკითხე. რამდენი მეთქი? 500 000-იო, ნახევარი მილიონიო. ეს ხმა იყო საზიზღარი. აფხაზის ან მეგრელის, უფრო მგონია რომ აფხაზის, მაგრამ სვანური კილოთი. თუმცა, აშკარად ეტყობოდა რომ სვანი არ იყო. ან იყო აფხაზი, რომელმაც მეგრული იცოდა, ან მეგრელი.“

ოკუპაციის ზონაში მცხოვრებთა თქმით, ადამიანის გატაცებები განსაკუთრებით ხშირია გალის რაიონის ქვედა ზონაში და მდინარე ენგურის მოსაზღვრე სოფლებში. თუმცა, ასეთ შემთხვევათა უმრავლესობა არ ხმაურდება. ოჯახებს ურჩევნიათ შუამავლების მეშვეობით, გამოსასყიდი ჩუმად გადაიხადონ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მიხედვით, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მძევლად ხელში ჩაგდება - ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა კი - შვიდიდან თორმეტ წლამდე ციხით.
XS
SM
MD
LG