ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გალელი ქართველი: „მონებივით ვართ“


სოხუმში ეთნიკური ქართველებისთვის "აფხაზეთის მოქალაქეობის" გაუქმებას მოითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში 25 000-მდე ეთნიკურ ქართველს „აფხაზეთის მოქალაქეობა“ ჩამოართვეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:44 0:00
ბმული


თითქმის 25 000 ეთნიკური ქართველი, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში ცხოვრობს, უკიდურესი შეშფოთებით ელოდება ხვალინდელ დღეს. გასულ კვირას აფხაზთა „პარლამენტმა“ ერთხმად გადაწყვიტა, რომ, 24811 ეთნიკურ ქართველს, რომლებმაც 2008 წლის შემდეგ მიიღეს „აფხაზური პასპორტები“, „აფხაზეთის მოქალაქეობა“ ჩამოერთვათ.

ფორმალური მიზეზი ამ რადიკალური გადაწყვეტილების, აფხაზთა „საპარლამენტო კომისიის“ დასკვნაა, რომელმაც დაადგინა, რომ თურმე ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ეთნიკურ ქართველებზე „აფხაზური პასპორტები“ ადგილობრივი „კანონების“ უხეში დარღვევებით გაიცემოდა.

სინამდვილეში კი, და, ამას აფხაზი ნაციონალისტები არც მალავენ, გადაწყვეტილების საფუძველია - არ დაუშვან ისტორიულ სამურზაყანოში ეთნიკური ქართველების გამრავლება-მოძლიერება; არ დაუშვან გალის რაიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ქართული საზოგადოების გავლენის აღდგენა.

აფხაზთა „საპარლამენტო კომისიას“ ქართველებისთვის პასპორტების გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს სტატისტიკა, რომ 2005-2012 წლებში, გალის რაიონიდან 639 ახალგაზრდა გახდა სტუდენტი და აქედან 557-მა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა.

აფხაზმა პოეტმა ვლადიმერ ზანთარიამ, რომელსაც წლების განმავლობაში აფხაზთა „კულტურის მინისტრის“ თანამდებობაც ეკავა, სოხუმში მიტინგზე გამოსვლისას კერძოდ თქვა:

„თქვენ ყველას გახსოვთ, რა ექსტრაორდინალური ნაბიჯები გადადგა არძინბამ 1994 წელს, როცა გარკვეული ძალებისა და შევარდნაძის შეთანხმებით, ზოგიერთი მსხვილი სამხრედო პირი ცდილობდა ენგურიდან აფხაზეთში დიდი რაოდენობით ე.წ ლტოლვილების გადმოსროლას.

დღეს, აფხაზეთისთვის საუკეთესო დროს, მისი აღიარების პირობებში დიდი რუსეთის მიერ, ჩვენი ხელისუფლება თავად ქმნის საქართველოს მოქალაქეების პასპორტიზაციის არნახულ პრეცედენტს.

საქართველოს მოქალაქეობა და აფხაზეთის მოქალაქეობა შეუთავსებელია!“

ანკლავში ეთნიკური ქართველებისთვის "პასპორტების" გაცემა მასიურად 2009 წლის ზაფხულში დაიწყო. გალის ქართველობა "საპრეზიდენტო არჩევნებში" მხარს ბაღაფში-ანქვაბის ტანდემს უჭერდა. ტანდემმა მოახერხა კანონდებლობაში ცვლილებების შეტანა და ეთნიკურ ქართველებს "არჩევნებში" მონაწილეობის უფლება მიეცათ. მოგვიანებით, გალის ქართველობის ხმები ალექსანდრე ანქვაბმაც წაიღო.

აფხაზთა მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2008 წელს - „აფხაზეთის მოქალაქეობა“ 704-მა ეთნიკურმა ქართველმა მიიღო; 2009 წელს - 6219-მა, 2010-ში - 2426-მა, 2011 წელს კი უკვე 7688 ქართველმა.
2012 წელს, დამატებით 4636 ეთნიკური ქართველი გახდა „აფხაზეთის მოქალაქე“. 2013 წლის პირველ ოთხ თვეში კი, სანამ "პასპორტიზაციის" თემა აფხაზური ოპოზიციის ყურადღებას მიიქცევდა, ქართველებზე 1839 „აფხაზური პასპორტი“ გაიცა.

2013 წლის 20 სექტემბრის მონაცემებით, დამტკიცებულია, მაგრამ არ გაცემულა 653 პასპორტი, ასევე მიღებულია 1558 განცხადება ადგილობრივი ქართველებისგან „აფხაზური პასპორტის“ აღებასთან დაკავშირებით.

„აფხაზთა პრეზიდენტი“ ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც აქამდე მკაცრად იცავდა ქართველებზე "პასპორტების" გამცემი სახელმწიფო ორგანოების ინტერესებს, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, იძულებული გახდა უკან დაეხია.

„აფხაზურ პასპორტს“ საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არ ცნობს, გარდა რუსეთის ფედერაციის, ვენესუელის, ნიკარაგუას, ნაურუსა და ტუვალუსი.

ეთნიკური ქართველებისთვის „აფხაზური პასპორტების“ გაუქმების შემდეგ, აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში პოპულარულია მსჯელობა - ლატვიური გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით. ლატვიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოქალაქეობის არმქონე პირების რიცხვი 700 000 აღწევდა, დღეს კი მათი რაოდენობა 300 000-ს აღემატება, უმრავლესობა ეთნიკური რუსია.

გალის რაიონის ქვედა ზონაში მცხოვრები, ეთნიკური ქართველი ქალბატონი, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, „ამერიკის ხმასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს

„როგორც ნახირს ისე გვექცევიან, არაფრის უფლებას არ გავძლევენ. როცა აწყობდათ მაშინ მოგვცეს პასპორტები. ეხლა აწყობთ და წაგვართვეს. კაციშვილი გამკითხავი არაა, უპატრონოები ვართ.
მე, მაგალითად 2011 წელს ავიღე მაგათი პასპორტი, იძულებული ვიყავი თბილისში ნათესავები მყავს და ხშირად მიწევდა ჩამოსვლა.

ქართული პასპორტით და იმ „ფორმა 9“-თაც გალში გადაადგილება შეუძლებელია. სულ მაჩერებდნენ, მაჯარიმებდნენ.

წარმოდგენა არ მაქვს ეხლა რა იქნება, ამბობენ ბინადრობის უფლებას მოგვცემენო, მაგრამ შეიძლება საკუთრების უფლება არ მოგვცენ. ფაქტიურად მონები ვართ, უპატრონოები, კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს.“

სხვადასხვა მონაცემებით, დღეისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 40 000-დან 46 000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, აქედან ნახევარს უკვე მიღებული ჰქონდა „აფხაზეთის მოქალაქეობა“. მცირე ნაწილს აქვს რუსეთის ფედერაციის პასპორტი. უმრავლესობა კი რჩება საქართველოს მოქალაქედ, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უძლურია მათი ინტერესები დაიცვას.

როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ისე ავტორიტეტული უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ მიერ, სეპარატისტული აფხაზეთის „კანონმდებლობა“ მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეფასებულია, როგორც „დისკრიმინაციული, ეთნიკური ნიშნით“, რაც აკრძალულია საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG