ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსანდრე ანქვაბმა გალის ქართველობაც მიიმხრო


აფხაზთა ახალი "პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი "პრეზიდენტი", 58 წლის ალექსანდრე ანქვაბი გახდა, რომელსაც 1984-1990 წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

26 აგვისტოს, გამართულ "საპრეზიდენტო არჩევნებზე", რომელსაც საქართველო და ცივილიზირებული სამყარო უკანონოდ მიიჩნევს, ანქვაბმა ხმების 55 პროცენეტზე მეტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, არჩევნების მეორე ტურის საჭიროება აღარ არის.

ახალი "ვიცე-პრეზიდენტია" 41 წლის მიხეილ ლოგუა, რომელიც 2005 წლიდან გულრიფშის რაიონის "ხელმძღვანელი" იყო. სულ ანკლავში 172 "საარჩევნო უბანი" იყო გახსნილი (კიდევ 2 უბანი რუსეთში), ხმის მიცემა 148430 ადამიანს შეეძლო, ეს უფლება 107 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 71 პროცენტზე მეტია.

ანქვაბმა 58850 ხმა მიიღო და მეორე ადგილზე გასულ სერგეი შამბას (დაახლოებით 22500 ხმა) მთელი 36 ათასი ხმით გადაუსწრო. მესამე ადგილზე გავიდა რაულ ხაჯიმბასა და აფხაზთა "პირველი პრეზიდენტის", ვლადისლავ არძინბას ქვრივის სვეტლანა ჯერგენიას დუეტი. მათ 21400 ხმა მიიღეს.

ალექსანდრე ანქვაბმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთი უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება. ანქვაბმა ასევე აღნიშნა, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ აფხაზეთში, გალის რაიონის გარდა, ქართველი ლტოლვილები დაბრუნდნენ.

„ჩვენ გალის რაიონში უკვე დავაბრუნეთ ლტოლვილები. რა შუაშია აქ სოხუმი?! ჩვენ შიდა აფხაზეთში არავის დაბრუნებას არც ვაპირებთ! არ დავაბრუნეთ! ეს არის აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხი. ამაზე პასუხი აგონ იმათმა, ვინც 1992 წელს ომი გააჩაღა. ეს არ არის აფხაზური მხარის დანაშაული. ეს მათი პასუხისმგებლობაა.

მაშინ ჩვენ უნდა გადაგვიხადონ კომპესაცია უამრავ გადამწვარ ქალაქებსა და სოფლებზე, ეს ასე მარტივი საკითხი არ არის. საქმე გქონდა სამხედრო აგრესიასთან, რომელიც იყო, და უამრავი ქართველი (დღეს ლტოლვილი) ეხმარებოდა აგრესორს. ბევრი მათგანი ყვავილებით ხვდებოდნენ ტანკებს, რომლებიც სოხუმის ქუჩებს ანგრევდნენ.“

საინტერესოა, რომ ალექსანდერ ანქვაბმა შეძლო ოკუპირებული გალის რაიონის ქართული მოსახლეობის უმრავლესობის მიმხრობა. გალის რაიონში, აფხაზური მონაცემებით, 30 ათასზე მეტი ქართველი (ქართული წყაროებით 47 ათასამდე) ცხოვრობს, აქედან ხმის უფლება 10 ათასამდე ქართველს ჰქონდა.

წინასაარჩევნოდ, გალში სამივე კანდიდატი იმყოფებოდა. სერგეი შამბამ ქართულ ენაზეც კი მიმართა გალის ქართველობას. ალექსანდრე ანქვაბი კი გალელებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებას დაპირდა, ამასთან, გალში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ანქვაბი ასევე დაპირდა ქართველებს, რომ დღესასწაულებზე ზუგდიდში გადასასვლელად საზღვარს უპრობლემოდ გაუხსნის.

ნიშანდობლივია, რომ აგვისტოში, პირადად ალექსანდრე ანქვაბის ინიციატივით, გალის ქართულ მოსახლეობაში "აფხაზური პასპორტების" დარიგების პროცესი დაჩქარდა. გალელ თემო ქორთუასთან „ამერიკის ხმამ“ ინტერვიუ გუშინ არჩევნების დღეს ჩაწერა

„დილის რვა საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი გალის რაიონში. გალში აფხაზების სხვადასხვა დაჯგუფება და საახლობლოა.ერთი გვეუბნებოდა იმას მიეცით ხმა, მეორე - მეორეს. გაყოფილები არიან, სამივე კანდიდატურას თავისი მომხრეები ჰყავდა.

ჩვენ ქართველებს სხვადასხვა სტრუქტურებიდან ხალხი გვეუბნეოდა ვისთვის მიგვეცა ხმა. იგივე პოლიციიდან, სამხედრო კომისარიატიდან. ეს ყველაფერი იყო თხოვნის დონეზე, მოთხოვნა და მუქარა რომ ყოფილიყო ასეთი არაფერი გამიგია.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ ქართველებს, ვისაც აქვს ე.წ „ფორმა ნომერი-9“ და იმათ, ვინც აფხაზური პასპორტები აიღო. ჩემს სოფელში ათასამდე კაცმა აიღო უკვე ეს პასპორტი.

დილის რვა საათიდან საარჩევნო უბანზე რიგი იყო. ამას სხვა მიზეზიც აქვს. არავის ეხალისებოდა და არავის არ უნდოდა ამ არჩევნებზე მისვლა, მაგრამ ვისაც აფხაზური პასპორტი აქვს აღებული, ის თუ არჩევნებზე მიდის პასპორტში სპეციალურ ბეჭედს ურტყამენ. თუ არ მიდიხარ, ეს ბეჭედი არ გაქვს პასპორტში, მერე როცა ენგურის ხიდზე გინდა გადასვლა ან უბრალოდ მოძრაობ და გაჩერებენ, შეიძლება პრობლემები შეგიქმნან.

ქართველები დაბნეულები არიან აქ გალის რაიონში. სოხუმიდან მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ ანქვაბი კარგი კაცია და რაღაცა ისეთი დადებითი აქვს, რაც აქაურ ქართველებს შეიძლება მომავალში წაგვადგეს. და ამის გამო გალელების უმრავლესობა ანქვაბს ემხრობა.“

ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონო და ცინიკური უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა არ სცნოს ეთნოწმენდით მიღებული „პოლიტიკური შედეგები“.

ამის, პარალელურად, ანქვაბს "აფხაზთა პრეზიდენტად" არჩევა მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. ანქვაბი ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიაში რიგით მესამე "პრეზიდენტი" გახდა. 1994-2005 წლებში ეს თანამდებობა პირველს ვლადისლავ არძინბას ეკავა, 2005-2011 წლებში სერგეი ბაღაფს, რომელიც 29 მაისს გარდაიცვალა.

2005-2010 წლებში ჯერ ოპოზიციაში მყოფი, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის რანგში ალექსანდრე ანქვაბის ლიკვიდაცია ხუთჯერ სცადეს და იგი ხუთჯერვე გადაურჩა სიკვდილს.

XS
SM
MD
LG