ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არძინბას „მარჯვენა ხელი“ ანქვაბის ლიკვიდაციას ცდილობდა


ანქვაბის ავტომობილი აფეთქების შემდეგ

ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის რა სახის კავშირი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ "შინაგან საქმეთა მინისტრს" ალმასბეი კჩაჩს, აფხაზთა დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე, 22 თებერვალს განხორციელებულ თავდასხმასთან.

სოხუმის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომლითაც კჩაჩის ტერორისტულ აქტთან კავშირი დასტურდება. თავად გენერალ-მაიორი ვეღარაფერს იტყვის. ოფიციალური ინფორმაციით, ალმასბეი კჩაჩმა გუშინ, გაგრაში, საკუთარი სახლის საძინებელში, „მარგოლინის“ სისტემის რევოლვერით თავი მაშინ მოიკლა, როცა აფხაზური სპეციალური დანიშნულების რაზმი მის დაკავებას შეეცადა.

თურქული ფესვების მქონე, გუდაუთელი ალმასბეი კჩაჩი აფხაზთა პირველი "პრეზიდენტის" ვლადისლავ არძინბას „მარჯვენა ხელი“ იყო. თავიდან არძინბას პირადი დაცვის უფროსად (1993-96), შემდეგ შვიდი წელი (1996-2003) შინაგან საქმეთა "მინისტრად," ორი წელი (2003-2005) კი "უშიშროების საბჭოს მდივნად" იმუშავა.

მას შემდეგ რაც მძიმედ ავადმყოფი არძინბა იძულებული გახდა ძალაუფლება გადაებარებინა, კჩაჩმა გავლენა დაკარგა. ბოლო წლებში, ალმასბეი კჩაჩი, ბიზნესით იყო დაკავებული და ბიჭვინთაში, დასასვენებელ სახლ „კუდრის“გენერალურ დირექტორად მუშაობდა.

დე-ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბზე განხორციელებულ ტერაქტში ერთ-ერთ ვერსიად, „ქართული კვალიც“ განიხილებოდა, თუმცა ექსპერტთა დიდი ნაწილი ემხრობოდა იმ აზრს, რომ ტერაქტი შიდა კლანური დაპირისპირების შედეგი იყო. რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, კავკასიის ექსპერტი ფელიქს სტანევსკი ამბობს:

„შეიძლება ესენი იყვნენ, როგორც საგარეო, ისე საშინაო ძალები, რომლებსაც ალექსანდრე ანქვაბი დიდი ხანია ყელზე აზით. მაინც მგონია, რომ ეს უფრო შიდა შეტაკებების შედეგია, იქედან გამომდინარე, რომ არცერთ სხვა აფხაზ მოღვაწეზე არ ყოფილა ამდენი ტერაქტი განხორციელებული.“

ალექსანდრე ანქვაბზე ბოლო თავდასხმა, 22 თებერვალს, დილის 9 საათისთვის, გუთაუთის რაიონის სოფელ გამარჯვებასთან მოხდა. "საპრეზიდენტო კორტეჟი" ჯერ მართვადი ნაღმის აფეთქებით შეაჩერეს და შემდეგ, ტყვიამფრქვევითა და ნაღმტყორცნებიდან ახლო მანძილიდან დაცხრილეს. "პრეზიდენტის" ორი პირადი მცველი დაიღუპა, ანქვაბი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

გასულ შაბათს, სოხუმის პროკურატურამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვის პირი დააკავა. მათ შორის, ბიზნესმენი ანზორ ბუთბა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბუთბა ყოფილი "საგარეო მინისტრისა და პრემიერის" სერგეი შამბასა და "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის" ლიდერის, ოპოზიციური ტელეკომპანია „აბაზა ტვ“-ს მფლობელის ბესლან ბუთბას ახლო ნათესავია.

გარდაცვლილი ალმასბეი კჩაჩი, როგორც "ვიცე-პრეზიდენტობის" კანდიდატი, 2009 წელს, სწორედ ბესლან ბუთბასთან ერთად მონაწილეობდა "საპრეზიდენტო არჩევნებში" და მაშინ ბაღაფში-ანქვაბის ტანდემთან დამარცხდა.

კჩაჩი 2007 წელს და ახლახანს, მარტშიც ცდილობდა "პარლამენტში" მოხვედრას, თუმცა "არჩევნები" ორჯერვე წააგო. ამჯერადაც, კჩაჩი ბესლან ბუთბას "ეკონომიკური განვითარების პარტიის" დეპუტატობის კანდიდატი იყო.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ დირექტორი მანანა გურგულია იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა ამჯერად მაინც, ყველა კითხვას პასუხს გასცემს:

„ძალიან ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ასეთი რამ კიდევ შესაძლებელია, მით უმეტეს დღევანდელ დღეს. თან ეს არა პირველი, არამედ მეექვსე თავდასხმაა ალექსანდრე ანქვაბზე. ძალიან ძნელია რაიმეს თქმა, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად მაინც შესაძლებელი იქნება დამნაშავეების მოძებნა.

ისეთი განცდაა, რომ სწორედ წინა ტერაქტების გამოუძიებლობა ხელს უხსნის დამნაშავეებს და სწორედ ამ ხალხმა ვისაც არ აწყობთ ანქვაბის პოლიტიკა, მისი სიმტკიცე, სცადეს კიდევ ერთხელ პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფა. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ კვდებიან აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, დაცვის ახალგაზრდა ბიჭები. ერთ-ერთ დაღუპულს ცუგბას ორი შვილი დარჩა.“

ჯერჯერობით, უცნობია იდგნენ თუ არა სხვა გავლენიანი ადამიანები გარდაცვლილი გენერლის ალმასბეი კჩაჩის, დაკავებულების ანზორ ბუთბასა და კიდევ ხუთი (ალხას ხუთაბუ, თემურ ხუთაბუ, რამზი ხაშიგი) ეჭვმიტანილის უკან. ამ კითხვებს გამოძიებამ ახლო მომავალში უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაძლიერდება ეჭვი - ხომ არ ხდება პოლიტიკური ოპონონეტების მოშორება.

ჯერჯერობით, არცერთ დაკავებულს დანაშაული არ უღიარებია. ალექსანდრე ანქვაბს აქამდე ხუთი თავდასხმა მოუწყვეს. პირველი ორი - 2005 წლის თებერვალსა და აპრილში, როცა ანქვაბი "პრემიერ მინისტრად" ახალი დანიშნული იყო.

ორივე თავდასხმა გუდაუთა-სოხუმის ავტომაგისტრალზე მოხდა. მომდევნო ორი ტერაქტი 2007 წლის ივნისსა და ივლისში მოხდა. პირველად ანქვაბის აფეთქებას ისევ მართვადი ნაღმით შეეცადნენ, შემდეგ კი სოფელ ლიხნში, მის ჯიპს ნაღმტყორცნიდან ესროლეს, ანქვაბმა მაშინ კონტუზია მიიღო.

2010 წლის სექტემბერში კი უკვე "ვიცე-პრეზიდენტის" რანგში მყოფი ანქვაბის სახლს, გუდაუთის რაიონში, ისევ ნაღმტყორცნიდან ესროლეს. ანქვაბი დაიჭრა, თუმცა ისევ გადარჩა. 22 თებერვლის რიგით მეექვსე უშედეგო თავდასხმის შემდეგ, აფხაზურ პრესაში დე ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბს მეტსახელად "უკვდავი" უწოდეს.

P.S დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ ანქვაბზე თავდასხმაში ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა თემურ ხუთაბუმ , მას შემდეგ რაც გაიგო რომ ალმასბეი კჩაჩმა თავი მოიკლა, სოხუმის იზოლატორში თავი ჩამოიხჩო. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი მურმან საკანია ვენების გადაჭრას შეეცადა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

XS
SM
MD
LG