ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღაფში თურქეთში: თბილისი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკას ცვლის?


სერგეი ბაღაფში ანკარაში
სერგეი ბაღაფში ანკარაში

თურქეთიდან დაბრუნებულმა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა არაოფიციალურ ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ მრავალფეროვანმა შეხვედრებმა მძლავრი ბიძგი უნდა მისცეს თურქეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. თუმცა, თურქული პრესის ცნობით, ბაღაფში ანკარაში, ექიმებთან შერყეული ჯანმრთელობის გამო ჩავიდა.

სერგეი ბაღაფში იმედოვნებს, რომ მალე ხელახლა გაიხსნება საზღვაო მიმოსვლა სოხუმსა და ტრაბზონს შორის, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ანკარამ თბილისის თხოვნით აკრძალა.

ვიზიტის შემდეგ სერგეი ბაღაფშმა მთავრობას თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამის შემუშავება დაავალა. სოხუმში ასევე განიხილება აფხაზური ტელევიზიისა და რადიოს რეტრანსლიაციის შესაძლებლობა თურქეთში კომპაქტურად დასახლებული აფხაზებისთვის. სერგეი ბაღაფშმა კერძოდ განაცხადა

პირველი, ჩვენ განვიხილეთ, სოხუმსა და ტრაბზონს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა ჩვენი რეპატრიანტებისთვის; მეორე - თურქული ბიზნესის ინტერესები აქ აფხაზეთში; მესამე - საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ურთიერთობის გაღრმავება და მეოთხე - თუქეთის და აფხაზეთის კულტურული ურთიერთობები.“

აფხაზეთში ასევე დიდი იმედი აქვთ, რომ თურქეთის აფხაზობის ინტერესი ისტორიული სამშობლოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, რუსეთსა და თურქეთს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ. ეს რეჟიმი 16 აპრილიდან უკვე შევიდა ძალაში.

აქამდე, აფხაზეთში რეპატრიაცის მსურველი თურქეთის მოქალაქეები რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მხრიდან სერიოზულ პრობლემებს აწყდებოდნენ. მთავარ პრობლემად ისევ რჩება ახალი "აფხაზური კანონმდებლობა".

ასე დახვდნენ სერგეი ბაღაფს საქარიაში, სოფელ Uzuncaorman-ში
ასე დახვდნენ სერგეი ბაღაფს საქარიაში, სოფელ Uzuncaorman-ში

კანონის მიხედვით უცხოეთში მცხოვრებ ყველა აფხაზს ავტომატურად შეუძლია "აფხაზეთის მოქალაქეობის" მიღება და ისტორიული გვარის აღდგენა. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, პიროვნება უკვე ორი გვარის მფლობელი ხდება; ერთი აღდგენილი გვარის, რომელიც ახალ აფხაზურ პასპორტში იწერება და მეორე, იმ გვარის რომლითაც რეპატრიანტი თურქეთში ცხოვრობდა. ამ იურიდიული კაზუსის გამო რეპატრიანტები აფხაზეთიდან გასვლას ვეღარ ახერხებენ. ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე ამბობს

„თურქეთი ეს არის ქვეყანა, სადაც აფხაზების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს. გაცილებით მეტი, ვიდრე თვითონ ისტორიულ აფხაზეთში არიან. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთიდან აფხაზური ეთნოსის გადასახლება მოხდა. არა მხოლოდ აფხაზების, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები აფხაზური ტომის - აბაზებისაც.

თურქეთში ისინი, ორივენი, როგორც ერთი ხალხი ითვლება, აბაზა - ასე უძახიან, როგორც ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ აბაზებს, ასევე აფხაზებს. მათ რაოდენობაზე ზუსტი ცნობები არ არის, ვინაიდან ასეთი ეროვნების აღწერა თურქეთში არ ხდება. მინიმალური მონაცემებით, 200 დან 400 ათასამდეა, ზოგჯერ უფრო დიდ ციფრებსაც ასახელებენ, მაგრამ უფრო რეალურია რომ თურქეთში 300 ათასი აფხაზია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სულ არის საუბარი, რომ მოხდეს მათი რეპატრიაცია, მაგრამ ამას დიდი მასშტაბი არ მიუღია. აფხაზეთში არის რამდენიმე ასეული ოჯახი, რომელიც თურქეთიდან გადმოვიდა ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მასობრივად დაბრუნება არ ხდება.

ამას თავისი პრობლემები აქვს, მთავარი მათ შორის აფხაზეთში არსებული ეკონომიკური ვითარებაა, იქ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, თურქეთი კი მეტნაკლებად სტაბილური ქვეყანაა. თურქეთიდან აფხაზეთში წასვლა არცთუ ისე ადვილია. მეორეს მხრივ, თურქეთის აფხაზებს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას ძალიან აინტერესებთ აფხაზეთის მონახულება.“

დღეისათვის აფხაზეთში, თურქეთიდან მხოლოდ ორი მსხვილი ინვესტორია. ეს არის „ტამსაში“, რომელიც წლებია ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოს ამუშავებს. „ტამსაშის“ მფლობელი თურქეთის მოქალაქე, რეპატრიანტი ტაიფუნ არძინბაა.

სოხუმის ცენტში, ლაკობას ქუჩაზე, 2004 წელს აშენებულ სამვარსკვლავიან სასტუმრო „იასემინს“ კი ასევე თურქი ბიზნესმენები ფლობენ. აფხაზური წყაროების ცნობით, რუსეთ-საქართველოს ომამდე, აფხაზეთში იმპორტის 60 პროცენტი თურქეთზე მოდიოდა, აფხაზური ექსპორტის 45 პროცენტი კი თურქეთში გადიოდა. ომის შემდეგ, ეს ციფრები უკვე რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა.

ოფიციალურ დონეზე, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ფრთხილად რეაგირებს თურქულ-აფხაზური ურთიერთობების გააქტიურებაზე. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი კერძოდ ამბობს

„ოფიციალური რეაქცია და ჩართულობა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა იყო, იქედან გამომდინარე, რომ თუ რას მიზანს ისახავდა ბაღაფშის ჩასვლა თურქეთში სხვადასხვა შეხვედრების თვალსაზრისით. მე ამას ვიზიტსაც ვერ დავარქმევ. ამიტომ იმ ტიპის შეხვედრები, რაც ამ ჩასვლის დროს განხორციელდა და იმ ფორმით, რა ფორმითაც თურქეთის ხელისუფლებამ მოახდიანა რეაგირება ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს აბსოლიტურად მისაღები ფორმულირებები იყო.

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობებს, ჩვენ ბუნებრივია რუსეთისგან განსხვავებით, რაიმე სახის ზეწოლას და ამ ადამიანების მარწუხებში მოქცევა არ ვახორციელებთ. ჩვენს თვითმიზანს არანაირად არ წარმოადგენს, რომ იზოლაციაში ვამყოფოთ რეგიონი. ჩვენ გვინდა ჩართულობაზე ორიენტირებული პოლიტიკით ვიმოქმედოთ ჩვენი მხრიდან, ჩვენი თანამოქალაქეების და თანამოძმეების მიმართ ამ ორივე რეგიონში.“

ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ოფიციალურმა თბილისმა გარკვეულწილად შეასუსტა ოკუპირებული აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართული ემბარგო. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უკვე აღარ აკავებს სოხუმის აკვატორიისკენ მიმავალ უცხოურ, მათ შორის თურქულ გემებს.

არაოფიაცილური წყაროებით ცნობილი ხდება, რომ თბილისმა შესაძლოა ტრაბზონი-სოხუმის საზღვაო მიმოსვლაზეც განაცხადოს თანხმობა, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარის რამდენიმე მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება. რამდენად ჯდება ახალი პოლიტიკა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის.

XS
SM
MD
LG