ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოხუმს თურქეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა სურს


თურქული გემი ოკუპირებული სოხუმის ნავსადგურში
თურქული გემი ოკუპირებული სოხუმის ნავსადგურში

სიდეს მერმა აფხაზეთში ვიზიტით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:02 0:00
ბმული

ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრი", ვიაჩესლავ ჩირიკბა კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, თურქეთთან საზღვაო კავშირი აღდგეს. ეს შეთავაზება ჩირიკბამ სოხუმში ვიზიტად მყოფ თურქეთის დელეგაციას, რომელსაც ქალაქ სიდეს მერი აბდულ კადირ უჩარი ხელმძღვანელობს, 24 ნოემბერს გააცნო.

თურქეთის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სიდეს მერი, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრია. ამ პარტიის ლიდერია თურქეთის მოქმედი პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. ვიაჩესლავ ჩირიკბამ სიდეს მერთან საუბრისას კერძოდ განაცხადა:

„ჩვენ აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო და საჰარეო მიმოსვლის აღდგენა გვინდა. ჩვენი მიზანია ასევე, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით ჩვენმა მეზობლებმა, აფხაზეთის პასპორტები სცნონ, რომ ჩვენ შეგვეძლოს აფხაზური პასპორტით თავისუფლად მოგზაურობა თურქეთში.

ჩვენი მთავარი მიზანია, აფხაზეთი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიყვანოთ და იმედი მაქვს, რომ თურქეთთან დამყარებული კავშირები ამ საქმეში დაგვეხმარება.“

აფხაზური პრესის ცნობით, ოკუპირებულ ანკლავში მთელი იმპორტირებული პროდუქციის 60 პროცენტი თურქეთზე მოდის. აფხაზური ექსპორტის 45 პროცენტი კი თურქეთში გადის.

ადგილობრივი ეკონომისტების გათვლებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე, აფხაზეთის ბიუჯეტის 30 პროცენტი თურქული ინვესტიციებით ივსებოდა.

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, მას შემდეგ რაც აფხაზეთში მილიარდობით რუსული რუბლი გადაირიცხა, ეს მონაცემი 14 პროცენტამდე დავარდა. თუმცა, უკვე 2011 წლიდან, აფხაზური ფესვების მქონე თურქეთის მოქალაქეებმა ინვესტიციები აფხაზეთის ტერიტორიაზე ისევ გაზარდეს.

2012 წელს სოხუმში რამდენიმე მსხვილი თურქული ბიზნეს-ჯგუფის წარმომადგენელები ჩავიდნენ, მათ შორის: „ფეზალარ" ჯგუფი (FEZALAR), „ოზტურკ ბოია" (Ozturk Boya), ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პოლიტიკური და ბიზნეს წრეების მსხვილი დელეგაცია.

მნიშვნელოვანი თურქული ინვესტიცია ჩაიდო „აფხაზმორპრომში“, რომელიც თურქეთში თევზის ფქვილისა და ცხიმის ექსპორტს ახდენს. ამ კონტაქტების მიუხედავად, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ "აფხაზეთის სუვერენიტეტის" რეალური ზრდა პირველ რიგში მთავარ მოთამაშეს - რუსეთს არ აწყობს:

„აფხაზებს და, განსაკუთრებით, ახალ თაობას რაც არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ როგორმე დაახლოვდნენ დასავლეთთან, დააბალანსონ რუსეთი დასავლეთით და მეორე, ოდესმე იქნებ ჩაანაცვლონ დასავლეთით რუსეთი, ეს არის აბსოლუტური ილუზია, რუსეთი ცხადია, რომ აფხაზეთს არსად არ გაუშვებს.

თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა აფხაზეთის გამო 90 წლებიდან მოყოლებული ჩვენთანაც კი გაიფუჭა ურთიერთობა. ეს მოწმობს, რომ ეს მხარე რუსეთს ძალიან ძვირად უღირს. ეს არის შავი ზღვის სანაპიროს ძალიან სერიოზული ზონა, სადაც რუსეთს აქვს გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზებიც.

რუსეთი ამ ტერიტორიას არავის დაუთმობს, იქ რეალურად არავის შემოუშვებენ. ეხლაც იქ რუსული ბაზები მარტო იმიტომ არ დგანან, რომ ქართველების ჰიპოთეტური აგრესიისგან დაიცვას აფხაზეთი. დგანან იმიტომაც, რომ თავიდან ბოლომდე კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ აფხაზური მთავრობა.“

თურქეთის ქალაქ სიდეს მერმა ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, ისევე როგორც თურქეთის საელჩოში. ჯერჯერობით, უცნობია იყო თუ არა ეს ვიზიტი რაიმე ფორმით შეთანხმებული თბილისთან. ცხადია, რომ საქართველოს პოლიტიკა ბოლო ორი წლის მანძილზე მკვეთრად შერბილებულია.

1999-2009 წლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აფხაზეთისკენ მიმავალი 60-ზე მეტი გემი დააკავა. 2009 წლის აგვისტოში დიდი სკანდალით დასრულდა თურქული გემის „ბუკეტის“ დაკავება, რომელსაც სოხუმის პორტში 3000 ტონა საწვავი გადაჰქონდა.

ქართულმა სასამართლომ გემის კაპიტანს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინციდენტს მაშინ საქართველოში თურქეთის საგარეო მინისტრის სასწრაფო ვიზიტი მოჰყვა, რის შემდეგაც გემის კაპიტანი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

უკვე 2009 წლის სექტემბერში კი რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩაძირავდა ყველა ქართულ გემს, რომელიც აფხაზეთის აკვატორიაში შემავალ და გამავალ გემებს საფრთხეს შეუქმნიდა. თბილისი იძულებული გახდა აფხაზეთის საზღვაო ბლოკადის პოლიტიკისთვის კარდინალურად გადაეხედა.

არალეგალურად სოხუმის პორტში თურქეთის გემები ისევ შედიან, ბოლოს ქართველმა მესაზღვრეებმა თურქული გემი - CEYLA K წელს, 9 ნოემბერს მხოლოდ ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

თურქულ პრესაში უკვე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ოფიციალური თბილისი ტრაპიზონსა და სოხუმს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენას შეიძლება დათანხმდეს კიდეც თუ საბაჟო შემოწმებისთვის გემები ბათუმის პორტში შემოვლენ. თუმცა, საქართველოში ახალი მთავრობის არჩევის შემდეგ ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

XS
SM
MD
LG